ინტერპოლმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში დაკავებული და მოგვიანებით გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ბრალდებულების, ახალგორის ე.წ. სამართალდამცველი ორგანოს თანამშრომლების დავით გურწიევის და ალიკ ტაბოევის მიმართ წითელი ცირკულარით ძებნა გამოაცხადა.
გადაწყვეტილება ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული საქმის მასალების საფუძველზე, 13 სექტემბერს მიიღო. უწყებამ გურწიევისა და ტაბოევის მიმართ ძებნის გამოცხადების თხოვნით ინტერპოლს 6 ივლისს მიმართა.
საქართველოში 33 წლის გურწიევს და 40 წლის ტაბოევს ბრალი თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და წამებაში დახმარებისთვის ედებათ, რაც, ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსით, ცხრიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი ამ გადაწყვეტილებას მიესალმა და აღნიშნა, რომ „ჩვენ ვიყენებთ ყველა სამართლებრივ ბერკეტს იმისთვის, რომ მართლმსაჯულება აღსრულდეს“. „ეს იმას ნიშნავს, რომ მათი გადაადგილებისას საქართველოს ფარგლებს გარეთ, მოხდება მათი დაკავება“, – განაცხადა მან.
პრეისტორია
2018 წლის 22 თებერვალს, მას შემდეგ, რაც არჩილ ტატუნაშვილი ორ თანმხლებ პირთან ერთად, ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე შევიდა, სოფელ მოსაბრუნთან ახალგორის ე.წ პროკურატურის თანამშრომელმა დავით გურწიევმა, ე.წ„КГБ“-ს სამსახურის განყოფილების უფროსმა ალიკ ტაბოევმა და ე.წ. სამართალდამცველი ორგანოს სხვა თანამშრომლებმა მას თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და ახალგორის ე.წ. უშიშროების სამსახურის შენობაში გადაიყვანეს. ტატუნაშვილს ხელბორკილი დაადეს და წამების მიზნით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცველი ორგანოს შეიარაღებულ თანამშრომლებს გადასცეს, რომლებმაც ის ცხინვალში წაიყვანეს.
მომდევნო დღეს ცხინვალის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დაკითხვის შემდეგ, საგამოძიებო იზოლატორში დაბრუნებისას, ტატუნაშვილმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც დაზიანებები მიიღო, ის წააქციეს და კიბეზე დაგორდა. მალევე, ტატუნაშვილი შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, რის შემდეგაც ორ საათში გულის შეტევით გარდაიცვალა.
ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს შინაგანი ორგანოების გარეშე ერთი თვის შემდეგ გადმოეცა. თბილისში აგვისტოში ჩატარებული დამოუკიდებელი ექსპერტიზის თანახმად, ტატუნაშვილის გარდაცვალების მთავარი მიზეზი მისი წამება იყო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)