რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 89-ე შეხვედრის შეწყვეტის გამო „ღრმა შეშფოთება“ გამოხატა.
19 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ქართველ მონაწილეებს 14 სექტემბრის შეხვედრის დღის წესრიგში „პოლიტიკურად მოტივირებული“ საკითხების შეტანა სურდათ.
მისი თქმით, თბილისის შემოთავაზებები, ასევე ინტერპოლის მიერ არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ბრალდებულების მიმართ წითელი ცირკულარით ძებნის გამოცხადება, ცხინვალის წარმომადგენლებისთვის „მიუღებელი“ იყო, რამაც მათ შეხვედრის დატოვებისკენ უბიძგათ.
ზახაროვამ ასევე აღნიშნა, რომ თბილისის „კონფრონტაციულ ნაბიჯებს“ აფხაზეთში ანალოგიური შეხვედრების შეწყვეტა უკვე მოჰყვა. „თბილისის მიერ IPRM-ის შეხვედრების პოლიტიზებისკენ აღებული კურსი იმ სასარგებლო ფორმატის ბლოკირების საფრთხეს შეიცავს, რომელიც სასაზღვრო რაიონებში უსაფრთხოების საკითხების პრაქტიკული მოგვარებისთვის შეიქმნა“, – განაცხადა მან.
შემდეგ ის მიესალმა ცხინვალის გადაწყვეტილებას, რომ „უარი არ ეთქვა შემდგომ მონაწილეობაზე“, თუმცა მექანიზმის ნორმალურ რეჟიმში დაბრუნებისთვის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს პრინციპულობის გამოჩენისკენ მოუწოდა.
ოსურმა მხარემ IPRM-ის 89-ე შეხვედრა ერგნეთში პროტესტის ნიშნად დატოვა და ამის მიზეზად ინტერპოლის მიერ ტატუნაშვილის საქმეზე ბრალდებულების მიმართ წითელი ცირკულარით ძებნის გამოცხადება დაასახელა. მათი თქმით, დავით გურწიევისა და ალიკ ტაბოევის წინააღდეგ წაყენებული ბრალდებები „გამოგონილი“ და საქართველოს ხელისუფლების „დესტრუქციული პოზიციის“ მაჩვენებელია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)