Site icon Civil.ge

თბილისი: რუსეთი „სერიოზულ ზიანს აყენებს“ IPRM-ის ფორმატს

„შეშფოთებას გამოვთქვამთ რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციულ ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც სერიოზულ ზიანს აყენებს არამარტო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებსგალსა და ერგნეთში, არამედ მთლიანად ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს 19 სექტემბრის განცხადებაში.

საგარეო უწყებამ განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „ღრმა შეშფოთება“ გამოხატა ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 89-ე შეხვედრის შეწყვეტის გამო და ქართული მხარე შეხვედრების ფორმატის „პოლიტიზებაში“ დაადანაშაულა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის საგარეო უწყება „მიზნად ისახავს საერთაშორისო თანამეგობრობის შეცდომაში შეყვანას ფაქტების დამახინჯების გზით“.

„ბოლო პერიოდის განმავლობაში, ქართული მხარე მუდმივად აყენებდა აღნიშნულ საკითხს პარტნიორ სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მაღალი დონის შეხვედრებზე. საერთაშორისო თანამეგობრობა ერთიანია იმასთან დაკავშირებით, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების დაზიანება გამოიწვევს ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მძიმე ვითარებისკიდევ უფრო გაუარესებას“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.

უწყებამ რუსეთის ფედერაციას მოუწოდა, „გამოიჩინოს პასუხისმგებლობა და დაუბრუნდეს სამუშაო პროცესს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში, რათა თავიდან იქნას აცილებული ადგილზე ვითარების შემდგომი დესტაბილიზაცია“.

სამინისტრომ ასევე მოუწოდა „საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ გააძლიეროს ძალისხმევა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების დაუბრკოლებელი მუშაობის უზრუნველსაყოფად, მოლაპარაკებების ფუძემდებლური პრინციპებისა და პროცედურების სრული დაცვით“.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში შეიქმნა და ის საქართველოს, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლების, ასევე ადგილზე მყოფი რუსი მესაზღვრეების ჩართულობით, ორ რეგიონში უსაფრთოხების საკითხების განხილვას ისახავს მიზნად.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)