საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მართმადიდებელ სამღვდელოებას, მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების წინ, პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისგან თავის შეკავება ურჩია. განცხადებას წინ საეკლესიო პირების მხრიდან მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ კრიტიკის ტალღა უძღოდა.
„სამწუხაროდ, არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით, ზოგიერთი ღვთისმსახური აკეთებს პოლიტიკური შინაარსის განცხადებებს და ამასთან, საჯარო სივრცეში არაკორექტულად მოიხსენიებს ამა თუ იმ პოლიტიკურ პირს“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საქართველოს საპატრიარქომ 19 სექტემბერს გაავრცელა.
„მოვუწოდებთ მოძღვრებს, მღვდელმთავრებს, თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებისგან. მათ ასევე შევახსენებთ, რომ ეკლესია ყოველთვის იყო და იქნება პოლიტიკურად ნეიტრალური ერის გამაერთიანებელი ძალა და ჩრდილს ნუ აყენებთ მას და საკუთარ თავს“, – ნათქვამია განცხადებაში.
მღვდელმთავრები ზურაბიშვილის წინააღმდეგ
პატრიარქის განცხადება მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც სალომე ზურაბიშვილის მიერ 18 სექტემბერს ეკლესიასთან დაკავშირებით გაკეთებულმა განცხადებამ მღვდელმთავრებში პროტესტი გამოიწვია. მას ასევე წინ უძღოდა ეკლესიის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციები მარიხუანის მოყვანის შესახებ კანონპროექტისა და აგვისტოს ომთან დაკავშირებით ზურაბიშვილის სადავო განცხადებებზე.
სამღვდელოების მიერ ომის შესახებ გაკეთებული განცხადებების კრიტიკის საპასუხოდ, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ იგი ეკლესიის მღვდელმთავართა პოლიტიკურ საკითხებში ჩართვის წინააღმდეგია.
„მე არ მესმის, როგორ შეიძლება ეკლესია ამ დონეზე იღებდეს მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში და, სხვათა შორის, როგორც პრეზიდენტი, როგორც პასუხისმგებელი ეკლესიის და სახელმწიფოს შორის კონკორდატის შესრულებაზე, მე ამაზე მექნება ძალიან ძლიერი პროტესტი იმიტომ, რომ ეს არის დარღვევა ყველა იმ შეთანხმების, რაც არსებობს მართლმადიდებელ ეკლესიას და სახელმწიფოს შორის“, – განაცხადა მან.
„ეკლესიის ასეთი დონის ფიგურები ერევიან იმაში, რაც ნამდვილად არ არის მათი საქმე და რაშიც არ უნდა ერეოდნენ – არც მხარდაჭერით და არც ლანძღვა-გინებით, რაც არ ეკადრება, მე მგონი, არც ჩვეულებრივ ადამიანს და ნაკლებად მეუფეებს“, – დასძინა ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილის განცხადებამ მღვდელმთავრების გულისწყრომა გამოიწვია.
„მღვდელმთავრები რომ გავხდით, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ჩვენ მოქალაქეები არ ვართ ამ ქვეყნისა. როგორც მოქალაქეები, და მერე მეორე, ჩვენ ჩვენს სულიერ მრევლს რაც ეხება, ყველაფერი გვეხება, სულიერი მრევლის დეგრადაციას, რაც ეხება ყველაფერი გვეხება“, – განაცხადა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა 19 სექტემბერს ჟურნალისტებთან საუბრისას.
„რატომ აქვს ასეთი აზროვნება არ ვიცი… ფაქტია, უჭირს აზროვნებაში“, – განაცხადა მან. კითხვაზე, ახმოვანებს თუ არა ზურაბიშვილი ქართული ოცნების პოზიციას, მიტროპოლიტმა განაცხადა: „ნამდვილად ვერ გეტყვით,სალომეს და მთავრობის პოზიცია, სადღაც სალომე ყოველთვის დგამს ისეთ ნაბიჯს, რომ აამოს მთავრობას. ეს ფაქტია“.
„სამწუხაროა, თუ ასეთი გამონათქვამები აქვს იმიტომ, რომ მღვდელმთავრებს გვეკითხება, ეკლესიას ეკითხება, როგორი იქნება მისი მრევლი და რა სულიერ მდგომარეობაში იქნება“, – განაცხადა მარგვეთისა და უბისის მიტროპოლიტმა მელქისედეკმა.
გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ გვაზავამ განაცხადა, რომ „ცოტა უცნაური არის ეს პოზიცია, რომ ეკლესია არ უნდა ერეოდეს და თავის აზრს არ უნდა გამოხატავდეს ამ ძალიან მტკივნეულ და მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით“.
დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა, რომელიც მოსკოვში ქართული ეკლესიის წინამძღვარია, განაცხადა: „თითქოს ირღვევა კონკორდატი, ეს არ არის სიმართლე. კონკორდატი დაირღვეოდა მაშინ, თუ ეკლესია დაარღვევდა კონსტიტუციის რომელიმე მუხლს. ეკლესიას კონსტიტუციის მუხლი არ დაურღვევია…მე არ მაქვს უფლება მრევლს მოვუწოდო, რომ ან ამას მიეცით ხმა ან იმას. ეს არ იქნება ჩემი მხრიდან სამართლიანი, იმიტომ, რომ ყველას თავისი არჩევანი აქვს… პირადად მე, ნამდვილად არ ვაპირებ, რომ მას მივცე ხმა“.
„თავს შევიკავებდი ნამდვილად მიზეზების დასახელებისგან, თუმცა არ მომწონს მისი პოზიციები, თუნდაც ომის დაწყებასთან და სხვა მრავალი“, – განაცხადა დეკანოზმა.
სალომე ზურაბიშვილმა მღვდელმთავრებს 19 სექტემბერს უპასუხა და აღნიშნა, რომ მისი განცხადებების „უხეში ინტერპრეტაცია“ მოხდა.
„უკვე საყოველთაოდ ცნობილია ჩემი დამოკიდებულება ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორებიცაა: 2008 წლის ომი, მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციის საკითხი და ჩვენი დედა ეკლესიის როლი ქვეყანაში. კონტექსტიდან ამოგლეჯილი შეფასებებით, უხეში მანიპულირება უკიდურესად საზიანოა ჩვენი ქვეყნისთვის, პოლიტიკური პროცესისთვის, საზოგადოების მთლიანობისთვის“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ეკლესიის ადრინდელი კრიტიკა
სალომე ზურაბიშვილი სასულიერო პირებმა აგვისტოს ომთან დაკავშირებული განცხადებების გამო, სადაც ის აგვისტოს ომის დაწყებაში ქართულ მხარეს ადანაშაულებდა, მანამდეც გააკრიტიკეს.
ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა პირველი იყო, ვინც სალომე ზურაბიშვილი საჯაროდ გააკრიტიკა. „წინ არის საპრეზიდენტო არჩევნები… მე არ მინდა თქვენ პირდაპირ მიგითითოთ [ვის უნდა მისცეთ ხმა], მაგრამ ის ეწინააღმდეგება ერის არჩევანს, ვისაც აქვს ფიქრები ჩრდილოეთ მეზობლებისკენ და მათდამი სიმპატიები, მე როგორც ჩემი ერის შვილი, მიმაჩნია, რომ ვინც ასეთ ადამიანს ხმას მისცემს, ის არის ერის მოღალატე“, – განუცხადა ეპისკოპოსმა მრევლს 9 სექტემბერს.
ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსის განცხადება „შიშველი სიმართლეა“.
უბისის და მარგვეთის მიტროპოლიტმა მელქისედეკმა დასძინა: „ის ფაქტი, რომ თითქოს საქართველომ დაიწყო ომი, ჩემთვის მიუღებელია. ბოლო ორი საუკუნეა, საქართველო იბრძვის თავის გადარჩენისთვის და ის ფაქტი, რომ დავადანაშაულოთ ჩვენი ქვეყანა, ეს ჩემთვის მიუღებელია“.
ზურაბიშვილის მიერ ომთან დაკავშირებულ განცხადებას ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრეც გამოეხმაურა, რომელიც ქართული ოცნების მთავრობის აქტიური ოპონენტია. მან 16 სექტემბერს გამართული წირვის დროს, მრევლს მოუწოდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე არასწორი არჩევანი არ გააკეთონ.
„ქართველ ერს, არასდროს დაპყრობითი ომი არ უწარმოებია…ყოველთვის, ყველა ომი იყო საქართველოს ტერიტორიაზე და იმის თქმა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საქართველომ დაიწყო ომი, ეს არის ან უმეცრება ან შეგნებული ბოროტება“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)