Site icon Civil.ge

მაჩალიკაშვილის ოჯახმა პანკისობის დღესასწაული ჩაშალა

გასული წლის დეკემბერში, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი და მოგვიანებით გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახმა დღეს სახალხო დღესასწაულის „პანკისობის“ აღნიშვნა ჩაშალა.

ახმეტის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული დღესასწაული „პანკისობა“ 11 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა მაჩალიკაშვილის რამდენიმე ათეულმა ნათესავმა სოფელ დუისში დღესასწაულის აღნიშვნის ადგილისკენ მიმავალი გზა გადაკეტა.

მომიტინგეებმა განაცხადეს, რომ ისინი სოფლის სასაფლაოს მახლობლად დღესასწაულის მოწყობას ეწინააღმდეგებოდნენ, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი იყო დასაფლავებული. მათ ასევე განაცხადეს, რომ ადგილობრივმა მთავრობამ მონაწილეები სხვა ადგილებიდან ჩამოიყვანა, ვინაიდან პანკისის მოსახლეობა დღესასწაულის გამართვის წინააღმდეგი იყო.

„მთელი ხეობა გლოვობს თემირლანს დღესაც და თემირლანის საფლავიდან პირდაპირ ორ მეტრში ჰქონდათ ჩანაფიქრი, ტაშ-ფანდური გაემართათ…ეს იყო ჩვენთვის მიუღებელი ძალიან, ჩვენთვის კი არა, ეს იყო მთელი საქართველოსთვის მიუღებელი, ეს არ შეიძლებოდა და ამან გამოიწვია ეს პროტესტიც“, – განაცხადა თემირლამ მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ახმეტის მერმა იოსებ ქარუმაშვილმა ჟურნალისტებთან საკითხის შეფასებისას განაცხადა, რომ „ღონისძიება იმის გამო ჩაიშალა, რომ მაჩალიკაშვილის ოჯახს პრეტენზია ჰქონდა და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მშვიდობიანად და ყველანაირი დაპირისპირების გარეშე შეგვემცირებინა ღონისძიების მსვლელობა“.

მოსახლეობის პროტესტი მნიშვნელოვანი ინციდენტების გარეშე დასრულდა. თუმცა, სიტუაცია ცოტა ხნით მას შემდეგ გამწვავდა, რაც ავტომობილი, რომელიც პანკისობის აღნიშვნის ადგილისკენ მიემართებოდა, მომიტინგეების ჯგუფში შევარდა, როდესაც ეს ჯგუფი მისთვის გზის გადაკეტვას შეეცადა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. პოლიციამ მამაკაცი ადგილზე დააკავა.

მოგვიანებით, მომიტინგეები დუისში მაჩალიკაშვილის ოჯახში შეიკრიბნენ და თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მართლმსაჯულების აღსრულება მოითხოვეს.

პრეისტორია 

თემირლან მაჩალიკაშვილი გასული წლის 26 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ პანკისის ხეობაში ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობაში ეჭვმიტანილების დაკავების სპეცოპერაციის შედეგად დაიჭრა. ექიმებმა დაჭრილის გადარჩენა ვერ შეძლეს და ის მიმდინარე წლის 10 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ იგი უსაფრთხოების სამსახურისთვის წინააღმდეგობის გაწევას შეეცადა და ხელყუმბარის აფექთებას სცადა, რაზეც უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა პროპორციული ძალით უპასუხეს.

მაჩალიკაშვილის ოჯახი ამ ვერსიას არ იზიარებენ და აცხადებს, როდესაც უსაფრთხოების თანამშრომლები მის ოთახში შევიდნენ და ცეცხლი გახსნეს, თემირლან მაჩალიკაშვილს ეძინა. მალხაზ მაჩალიკაშვილმა, რომელიც მისი ვაჟის გარდაცვალებასთან დაკავშირების სამართლის აღსრულებას ითხოვს, 10 სექტემბერს თბილისში პარლამენტის შენობის წინ აქციები განაახლა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)