Site icon Civil.ge

მოქალაქე-ჯარისკაცი: ჯარის მშენებლობა პირველ რესპუბლიკაში

გიორგი კვინიტაძე და ქართული ჯარი, 1918 წ.

1918 წელს, ახალი ქართული ჯარი ომით დაღლილი, დემორალიზებული ჯარისკაცებისა და დისკრედიტირებული სამხედრო სამსახურის ფონზე იქმნებოდა.

დიმიტრი სილაქაძე, ისტორიკოსი

ქართული რეგულარული ჯარის ჩამოყალიბების პროცესი ჯერ კიდევ 1917 წელს დაიწყო და მაშინვე გამოჩნდა, რომ ჯარის შექმნა ძალიან რთული იქნებოდა. მსოფლიო ომის დამანგრეველი ზეგავლენა და რუსეთის რევოლუციით  გაჩენილი ანტისაომარი და ანტიმილიტარისტული განწყობები, რთული ამოცანის წინაშე აყენებდა ქართული რეგულარული ჯარის შექმნის მსურველებს. ჯარისკაცებს  უკვე ჭირის დღესავით ეჯავრებოდათ ოფიცრები, ყაზარმა, სანგრები, იარაღი  და სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული ყველა დეტალი.

დაშლილი ფრონტი – დემორალიზებული ჯარისკაცები

რუსეთის თებერვლის რევოლუციის შემდეგ კავკასიის ფრონტზე მებრძოლი რუსული არმიის ჯარისკაცები თვითნებურად ტოვებდნენ პირველი მსოფლიო ომის ფრონტს. ოქტომბრის ბოლშევიკურმა გადატრიალებამ ეს პროცესი უფრო დააჩქარა.

მართალია, საბრძოლო მოქმედებები შეჩერებული იყო, მაგრამ ეს მხოლოდ დროებითი შეთანხმების შედეგად, და ვერავინ იწინასწარმეტყველებდა, თუ როდის გადმოვიდოდა ოსმალური არმია შეტევაზე, ამ დროს კი რუსული არმია მებრძოლებისაგან იცლებოდა. ამიტომ, ჯერ კიდევ რუსეთის დროებითი მთავრობის ბრძანებითა და კავკასიის ფრონტის სარდლობის გადაწყვეტილებით, კავკასიის ფრონტზე დაიწყო ეროვნული შენაერთების ჩამოყალიბება, რადგან მიიჩნევდნენ, რომ მათ საკუთარი მიწა-წყლის დაცვისათვის უფრო აენთებოდათ გული.

სწორედ პროექტის ფარგლებში გადაწყდა სხვა ნაციონალურ შენაერთებთან ერთად ქართული საარმიო კორპუსის შექმნაც. თუმცა ერთი იყო გადაწყვეტილება და მეორე – რეალობა, რომლის წინაშეც კავკასიის ერები ეროვნული შენაერთების შექმნისას აღმოჩნდნენ.

ქართველი ჯარისკაცები, 1918 წ.

ქართულ კორპუსს უნდა გაეერთიანებინა ქართველი ჯარისკაცები, რომლებსაც რამდენიმეწლიანი ბრძოლის შემდეგ, სხვა თანამებრძოლთა მსგავსად, აღარც ომის გაგონება სურდათ, აღარც იარაღის ხელში აღება, აღარც სამხედრო დისციპლინის ხსენება და აღარც სანგრებსა თუ ყაზარმებში ცხოვრება.

ამ ჯარისკაცების უდისციპლინობას საკუთარ მოგონებებში კარგად აღწერს გენერალი გიორგი მაზნიაშვილი: „არსებული სამხედრო ნაწილები ჯერ კიდევ წინად იყვნენ გახრწნილი და, რომ დაინახეს ეროვნული ჯარების მოწყობა, უფრო გაიხრწნენ. ჯარისკაცები სამსახურის მაგივრად დადიოდნენ მიტინგებზე, ქეიფობდნენ და პირად საქმეებს აწყობდნენ. ყაზარმებში დადიოდნენ მხოლოდ დასაძინებლად. ქალაქი გავსებული იყო მოხეტიალე ჯარისკაცებით. დადიოდნენ უფასოდ ტრამვაიზე, ამტვრევდნენ და აფუჭებდნენ რონოდებს [ვაგონებს – რედ.], მუქარით აიძულებდნენ ვატმანებს მათ ნებაზე ეტარებიათ რონოდები და სხვა“.

სწორედ ამ ვითარების გამო, რეალურად, ქართული კორპუსის დივიზია ჯარისკაცთა რაოდენობით პოლკის მასშტაბის შენაერთი იყო, ხოლო პოლკი – ბატალიონის ზომისა. მაგალითად, 1918 წლის თებერვლისათვის მეოთხე პოლკი 650-მდე ჯარის კაცს ითვლიდა, მერვე პოლკი კი – 500-600-მდე სამხედრო მოსამსახურეს. დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ორი კვირის შემდეგ, არსებული მონაცემებით, ქართულ არმიად გარდაქმნილი ქართული საარმიო კორპუსი მხოლოდ 10,227 ჯარისკაცისაგან შედგებოდა, რაც ერთი სრული დივიზიაც კი არ იყო.

ქართველი არტილერისტები. ფოტო არქივიდან

გარდა უდისციპლინობისა, სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდებისა და დეზერტირობისა, ქართული კორპუსისთვის არცთუ უმნიშვნელო პრობლემას წარმოადგენდა ბოლშევიკური პროპაგანდა, განსაკუთრებით იმ დრომდე, ვიდრე დამოუკიდებლობა გამოცხადდებოდა. ომითა და გაუსაძლისი პირობებით გატანჯულ ჯარისკაცებს ადვილად აბრიყვებდა ბოლშევიკთა დანაპირები –”პური და მშვიდობა“. 1918 წლის თებერვალში ბოლშევიკთა წაქეზებით სამ ქართულ პოლკში –ქუთაისში, გორსა და თელავში – შეიარაღებულმა ამბოხმა იფეთქა.  თუმცა, საქართველოში ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ძალის, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წითელმა გვარდიამ, რომელიც დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ სახალხო გვარდიად გარდაიქმნა, ამ სუსტი და უდისციპლინო პოლკების ამბოხება რამდენიმე დღეში ჩაახშო.

ქართული ჯარის სათავეებთან

მართალია, ქართველი სოციალ-დემოკრატებისათვის ჯარის იდეალური მოდელი შვეიცარიული ტიპის მილიცია გახლდათ, მაგრამ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ისინი ანგარიშს უწევდნენ რეგიონში არსებულ სამხედრო გამოწვევებს და ამიტომაც, რეგულარულ ჯარის ჩამოყალიბებაზე უარი არ თქვეს. შვეიცარიული მილიციის პროექტს კი უნდა დაეცადა იქამდე, სანამ კავკასიაში და რეგიონის მეზობლად მშვიდობა  დაისადგურებდა. მანამ კი სამხედრო-სავალდებულო სამსახური უნდა შეხებოდა საქართველოს, მამრობითი სქესის,  20 წლის ასაკს მიღწეულ მოქალაქეებს.

ქართულ რეგულარულ ჯარში სამხედრო სამსახურის საერთო ვადა 25 წლიანი იყო: აქედან აქტიურ სამხედრო სამსახურში ახალგაზრდა მხოლოდ 2 წელიწადს ატარებდა (1919 წელს ეს ვადა ქვეით ჯარში ერთ წელიწადსა და 4 თვემდე, ხოლო სხვა სახეობის ჯარებში ერთ წელიწადსა და 8 თვემდე შემცირდა), რის შემდეგაც იგი 15 წლით თადარიგში, ხოლო ამის შემდეგ- 8 წლით ლაშქარში (მეორე რიგის რეზერვში) გადაირიცხებოდა. მოლაშქრეები და სათადარიგოები სამხედრო კონტროლს ექვემდებარებოდნენ და პერიოდულად წრთვნებს გადიოდნენ, ხოლო ომის ან საომარი საფრთხის შემთხვევაში ექვემდებარებოდნენ გაწვევას. ვინც ჯარში სამსახურისათვის ვარგისი ვერ იქნებოდა, არმიაში ისეთ მოვალეობის შესასრულებლად გაიწვევდნენ, რაც მისი ფიზიკურ მდგომარეობას შეესაბამებოდა. მძიმე ფიზიკური სენით შეპყრობილებს კი ჯარიდან სამუდამოდ ათავისუფლებდნენ. რუსულ არმიაში, არსებული ტრადიციის თანახმად, ჯარში გაწვევა არ ეხებოდათ მუსლიმებს და ასევე იმ რელიგიურ მიმდინარეობებს (დოხაბორები, მალაკნები და ა.შ) ვისთვისაც მიუღებელი იყო სამხედრო სამსახური. თუმცა მათ მოხალისეებად შეეძლოთ წასვლა.

ახალწვეულები ჯარში დიდი ხალისით არ მიდიოდნენ, გაწვეულთა ნახევარი კი ჯარიდან სახლში გარბოდა და დეზერტირთა რიგებს ავსებდა, რის გამოც,რესპუბლიკის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა იძულებული იყო, ანტიმილიტარისტული განწყობის, დეზერტირობისა და ბოლშევიკური პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა გამოეცხადებინა.

კონტრ-პროპაგანდა და განათლება

ჟურნალ “მხედარის” დეზერტირობის საწინააღმდეგო პროპაგანდა

რას აკეთებდა სახელმწიფო ამ პრობლემათა აღმოსაფხვრელად? უპირველესი საშუალება კონტრ-პროპაგანდა იყო, ყველაზე ქმედითი იარაღი კი – პრესა. განსაკუთრებით გამოირჩეოდა, ჯარისათვის განკუთვნილი სამხედრო გაზეთები: „ჯარი და ერი“, „ჯარისკაცი“, „რესპუბლიკის ჯარი“, „მხედარი“ და „სახალხო გვარდიელი“. მათში გამოქვეყნებული სტატიებით ავტორები ჯარისკაცებს უხსნიდნენ, თუ რით განსხვავდებოდა დამოუკიდებელი და დემოკრატიული ქართული სახელმწიფოს არმიაში სამსახური მეფის რუსეთის არმიის სამსახურისაგან. ეუბნებოდნენ, რომ, რუსეთის მეფის არმიისათვის საზარბაზნე ხორცად ქცეულ ჯარისკაცს დედ-მამას აგინებდნენ, თავ-პირში ურტყამდნენ და აიძულებდნენ, „ტოჩნოტაკ“ და „ნიკაკნეტ“ეძახა, ხოლო ქართულ არმიში ის საკუთარ სამშობლოს სჭირდებოდა, ხოლო ქართული მთავრობა მისი ცხოვრების უკეთ მოწყობაზე ზრუნავდა. თუკი ადრე, რუსის ჯარში საომრად ცხრა მთას იქით უშვებდნენ, ახლა ჯარისკაცს სხვათა დასაჩაგრად და დასარბევად აღარ გააგზავნიდნენ და მხოლოდ საკუთარი ქვეყნის დასაცავად გამოიყენებდნენ. ჯარისკაცებს უხსნიდნენ, რომ ქვეყნის ნათელი მომავალი სწორედ მათზე იყო დამოკიდებული. თუკი მეომარი წინათ დახვრეტის შიშით მოქმედებდა, ახლა ის მისივე შეგნებასა და ადამიანობას უნდა გაეძლიერებინა.

გაზეთებში ოფიცრებსაც განუმარტავდნენ, რომ ყაზარმა ჯარისკაცთათვის „საფრთხობელადან” ღირსეულ ადგილად უნდა ექციათ: „მოვლენ თუ არა, ახალი ჯარისკაცები ყაზარმაში, მაშინვე შეხვდით და თბილის გულით მიიღეთ ისინი. ხამი [ახალბედა – რედ.] ჯარისკაცებისათვის ყაზარმა რაღაც საფრთხობელაა, მათ სამხედრო სამსახურზე ანუ „სალდათობაზე“, როგორც თითონ ეძახიან, და აგრეთვე ყაზარმაზე მეტად ცუდი წარმოდგენა აქვთ. თქვენი მოვალეობა არის, ეს წარმოდგენა პირველ დღესვე გაუქარწყლოთ მათ და დაარწმუნოთ ისინი, რომ ყაზარმა არ არის ციხე, ანუ ისეთი სახლი, სადაც ჯარისკაცები საწვალებლად მოჰყავთ და „სალდათობა“ ანუ ჯარისკაცობა საპატიო წოდებაა, ეს სამშობლოსადმი სავალდებულო სამსახურია ყველა ახალგაზრდა ქართველისათვის“.

გაზეთებში პირდაპირი მოწოდებების გარდა იბეჭდებოდა მხატვრული ნაწარმოებები, რომელთა მიზანიც ასევე პროპაგანდისტული იყო, ამის კარგი მაგალითია მოთხრობა „დაბრაკული“,  რომლის მიზანსაც წარმოადგენდა მკითხველს ერთმანეთისაგან განესხვავებინა რუსულ არმიასა და ქართულ არმიაში სამსახური. ამ ნაწარმოების შინაარსის თხრობით თავს არ შეგაწყენთ, რადგან მისი მთელი აზრი და მიზანი მთავარი გმირების, ძმების – ზაქროსა და სოსოს მშობლების მიერ, საკუთარი შვილების ომში (ჯარში) წასვლასთან დაკავშირებით ორ განსხვავებულ დამოკიდებულებაში გამოიხატება. როდესაც ძმებს რუსეთის არმიაში იხმობენ გერმანიასთან საომრად, მშობლები ამბობენ: ,,ვინ არის გერმანიე, რა აქ იმას ჩვენთან საჩხუბარი, ან ჩვენ რა გვაქვს მასთან საქმე. მინახავს, საზღვარზე წავჩხუბებივარ, ერთი თუ მეორე? იქინა უნდა გავგზავნოთ აგი სიმწრით გაზრდილი ბაღნები და დავხოცოთ?.“

მშობლები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ მათი შვილები არ წავიდნენ საომრად. გავიდა დრო და შვილებს უკვე საკუთარი სამშობლოსა და რევოლუციისათვის უწევთ ბრძოლა, მამა კი შვილებს ბრძოლის ველზე შემდეგი სიტყვებით აცილებს: ,,წადი შვილო, წადი ნეტავი მეც შემეძლოს, მეც გამოგყვები, რაღა ჯანდაბათ მინდა თავი, თუ ასეთ გასაჭირში ქვეყანას ვერ წავადგები . . . . მაგრამ რაღაი, მუხლებში ღონე აღარ მაქვს და თვალები აღარ მიჭრის . . . შვიდობით დაგაბრუნოს ღმერთმა სახლში”.  გარდა პროზაული ნაწარმოებებისა, პრესა ლექსებითაც ასხავდა ხოტბას თავის არმიის ჯარისკაცებს და არც დაღუპულების სურათების გამოქვეყნება ავიწყდებოდათ.  ყაზარმულ ცხოვრებას ოდას უძღვნიდა ცნობილი პოეტი ტერენტი გრანელიც, რომელიც იმ დროს სამხედრო-სავალდებულო სამსახურს გადიოდა რესპუბლიკის ჯარში.

ყაზარმა

თეთრი ყაზარმა და აფიცრების
დილა ადრიან რეკვა ზარების
ყველა დაქრიან როგორც ისრები;
ისმის ძახილი მხოლოდ გვარების

სამზარეულო. თეთრი ქაფები
ყოველ საღამო ჩაი ან ქაში
სადილობის დროს ძებნა ქვაბების;
ისევ ხმაური, ძმური განგაში.

 

ავტომობილი. ღია გარაჟი.
და ყველას გულში თამამი ძგერა.
ისევ საღამო, ჯარში დარაჯი.
და ნასალიდილევს ჩუმი სიმღერა.
ასე ღვივდება გრძნობა ფარული.

როცა არ ვხედავთ ჩვენ განსხვავებას.
ყველას გვაერთებს აქ სიყვარული,
სამშობლოს დაცვა და აყვავება..

ჯ.კ  ტერნეტი გრანელი

მოქალაქე – ჯარისკაცი

შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფომ მიზნად დაისახა, განათლებული მოქალაქე-ჯარისკაცი ჰყოლოდა. 1918 წლის დეკემბერში სამხედრო სამინისტროში შეიქმნა დროებითი კულტურულ-საგანმანათლებლო სექცია, რომელიც 1919 წლის ივლისში უკვე სამინისტროს სრულფასოვან სტრუქტურულ ერთეულად იქცა. სხვადასხვა პერიოდში სექცია ზემოთ ჩამოთვლილ სამხედრო გაზეთთაგან გამოსცემდა ორს –„რესპუბლიკის ჯარსა“ და „მხედარს“. მისი საქმიანობა და ჯარისკაცთა კულტურულ განვითარებაზე ზრუნვა მხოლოდ ამით არ ამოიწურებოდა.

სამხედრო ნაწილებში არსდებოდა სამკითხველოები, ტარდებოდა ლექციები, ჯარისკაცები დაჰყავდათ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებზე, თეატრებში, მუსიკალურ წარმოდგენებზე და მათ სინემატოგრაფსაც უჩვენებდნენ. ამავე სექციის კერძო ინიციატივით, 1919 წელს თბილისში, ქუთაისსა და ფოთში დაარსდა ე.წ. „ჯარისკაცთა უნივერსიტეტები“, 1920 წლიდან კი სამხედრო სამინისტროს ეს პროექტი უფრო დაიხვეწა – აპრილის თვეში მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო შტატებისა და თანხის ოდენობა და დამფუძნებელმა კრებამ კანონით განსაზღვრა.

სოხუმის მეორე ათასეულის შტაბი, 1920 წ.

საგანმანათლებლო პროექტი სამი საფეხურისგან შედგებოდა: საგუნდო (ასეული) სკოლის, ათასეულის (ბატალიონი) სკოლისა და ჯარისკაცთა უნივერსიტეტისაგან.

საგუნდო სკოლაში ჯარისკაცთათვის წერა-კითხვა და ანგარიში უნდა ესწავლებინათ, ათასეულის სკოლა ერთგვარი მოსამზადებელი  ეტაპი იყო უნივერსიტეტისათვის, ჯარისკაცთა უნივერსიტეტში კი ლექტორები სამხედროებს პოპულარული, მარტივად აღსაქმელი ენით უკითხავდნენ ლექციებს თანამედროვე საშინაო და საგარეო პოლიტიკური ვითარების, რესპუბლიკის კანონმდებლობის, ეკონომიკური მდგომარეობის, ქვეყნის ისტორიის, მსოფლიოსა და საქართველოს გეოგრაფიის, ქართული ლიტერატურის, სამხედრო საქმისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

”ჯარისკაცთა უნივერსიტეტის” ლექტორებს, როგორც ეს კანონპროექტის განმარტებითი ბარათიდან ჩანს,  უნდა გაეთვალისწინებინათ, რომ ჯარისკაცებთან უნდა ესაუბრათ მათთვის გასაგები, მარტივი ენით. ლექციის დროს ლექტორის მიზანი უნდა ყოფილიყო, ჯარისკაცთა ზნეობრივ-გონებრივი განვითარება მხოფლმხედველობის გაფართოება და  მათში მოვალეობის გრძნობის გაღვივება. ლექტორს ოდნავადაც არ უნდა შეტყობოდა რომელიმე პოლიტიკური ძალის, ან იდეოლოგიის გავლენა,  რადგანაც  ყველა პოლიტიკური ძალის ინტერესში უნდა ყოფილიყო შეგნებული ჯარისკაცები, რომლებიც ჯარში სამსახურის გავლის შემდეგ, შეგნებულ მეზობლად დაუბრუნდებოდნენ საკუთარ სამეზობლოს და ამით მათზეც მოახდენდნენ გავლენას. ეს კი საზოგადოებისათვისაც და პარტიებისათვის უკეთესი იქნებოდა. მთლიანობაში ,,უნივერსიტეტის” მიზანს, ჯარისკაცისათვის არა  აკადემიური ცოდნის მიცემა, არამედ უკეთეს მოქალაქედ გადაქცევა წარმოადგენდა.

სასწავლო პროგრამა პირობითად სამ მოდულად იყოფოდა:

ა. საკითხები თანამედროვე ცხოვრებიდან:

მოდული მოიცავდა, პირველი მსოფლიო ომის, რუსეთის რევოლუციის,  კავკასიაში დამოუკიდებელი სახელმწიფოების წარმოშობისა და პარიზის საზავო კონფერენციის,  რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობების ისტორიის, დამოუკიდებელი საქართველოს კანონმდებლობის, თვითმართველობის , აგრარული საკითხის და ეკონომიკური პოლიტიკის მიმოხილვას;  ასევე, თანამედროვე აგრონომიის, მედიცინისა და კოოპერაციის საკითხების გაცნობას ჯარისკაცთათვის

ბ. საკითხები მეცნიერებათა დარგიდან:

მეორე მოდული შედგებოდა სამი ნაწილისაგან: 1.ქართული სიტყვიერების მოკლე მიმოხილვა, 2. საქართველოს გეოგრაფია და 3. ისტორია. ქართული სიტყვიერების ნაწილი მოიცავდა ლექტორების მიერ ვეფხისტყაოსნისა და მე-19 საუკუნის ქართული ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშების შინაარსის მოყოლასა და ზოგიერთი საგულისხმო მონაკვეთის წაკითხვასა და განმარტებას  მსმენელთათვის. გეოგრაფიის პროგრამა მოიცავდა დედამიწის, ციური სხეულების, ბუნებრივი მოვლენების, საქართველოს საზღვრების, მთების, მდინარეების, ჰავის, ქვეყნის სხვადასხვა კუთხის ფიზიკურ და ეთნოგრაფიულ მიმოხილვას, ასევე მეზობელი სახელმწიფიოების, ევროპისა და ამერიკის ქვეყნების ფიზიკური, ეკონომიკური და პოლიტიკური გეოგრაფიის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. ისტორიის ნაწილი კი მოიცავდა საქართველოს ისტორიას, თამარ მეფის პერიოდიდან დაწყებული, გეორგიევსკის ტრაქტატისა და რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის ისტორიის დამთავრებული

3.სამხედრო საკითხები

სამხედრო საკითხების მოდული მოიცავდა: არმიისა და ხალხის ურთიერთდამოკიდებულების, ჯარში დისციპლინის მნიშვნელობის, სამხედრო-ტაქტიკური და სამხედრო-მორალური  ხასიათის საკითხებს.

დასკვნის სახით

საინტერესოა, თუ რა შედეგი გამოიღო ამ პოლიტიკამ, შეამცირა თუ არა დეზერტირობა, ანტიმილიტარისტული განწყობა და ბოლშევიკთა გავლენა  არმიაში? რამდენად იმუშავა მოქალაქე-ჯარისკაცის იდეის დანერგვის მცდელობამ?

შეიძლება ითქვას, რომ ამ პოლიტიკის მეოხებით შეიარაღებულ ძალებში ბოლშევიკთა გავლენა ძალზე შემცირდა, იზრდებოდა ჯარისკაცთა შეგნება და თვალსაწიერი, ქვეყნის სამხედრო შესაძლებლობების რწმენა, მაგრამ ამ პოლიტიკამ ვერ აღმოფხვრა დეზერტირობა, რაც  გამოწვეული იყო შეიარაღებულ ძალებსა და ზოგადად, სახელმწიფოში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით, როდესაც შეიარაღებულ ძალებს სრულყოფილად ფუნქციონირებისათვის სახელმწიფოს მთელი ბიუჯეტის მესამედიც კი არ ჰყოფნიდა .

ეს პოლიტიკა ვერ დააპურებდა ნახევრად მშიერ ჯარისკაცებს, ვერც ყაზარმებს გაათბობდა და ვერც მათ აღკაზმულობას გააუმჯობესებდა. სწორედ ამიტომ და, იმავდროულად, გარკვეული ხარვეზების მქონე სამობილიზაციო სისტემის გამოც, ჯარისათვის თავის არიდებისა და დეზერტირობის მასობრივი შემთხვევები ხელს უშლიდა არმიის შევსებას.   ამავდროულად,  ჯარის შეუვსებლობის  მნიშვნელობანი ფაქტორები იყო  მუდმივი საომარი საფრთხე ან მიმდინარე სამხედრო მოქმედებები, იარაღისა და საბრძოლო მასალების ნაკლებობა და დრო, რომელიც პირველ რესპუბლიკას, როგორც ისტორიამ გვაჩვენა ძალიან ცოტა ჰქონდა.