საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სხდომის ფარგლებში რიგი მაღალი დონის შეხვედრები გამართა. გენერალური ასამბლეის სხდომა 18-27 სექტემბერს იმართება და მასში ასობით სახელმწიფო ლიდერი, ოფიციალური პირი და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი მონაწილეობს.
24 სექტემბერს გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერეშთან შეხვედრაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, სხვა საკითხებთან ერთად, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატზეც ისაუბრა.
შეხვედრის შესახებ გაეროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გენერალურმა მდივანმა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მონაწილეებს მოუწოდა, რომ დისკუსიების ფორმატის შენარჩუნებისა და განახლებისთვის „მეტი პოლიტიკური ნება და მოქნილობა გამოიჩინონ“ და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის მეტი ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
24 სექტემბერს, პრემიერი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ფედერიკა მოგერინისაც შეხვდა. მამუკა ბახტაძის პრესსამსახურის ინფორმაციით, ლიდერები მიესალმნენ ქვეყნის პროგრესს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ასევე მის მიერ ასოცირების შეთანხმების განხორციელებას.
გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ბახტაძე თავის კოლეგებს ბულგარელ და ესტონელ კოლეგებს, ასევე ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ბროკ ბიერმანს შეხვდა. პრემიერ-მინისტრი ნელსონ მანდელას მშვიდობის სამიტზე სიტყვითაც გამოვიდა.
მამუკა ბახტაძე 16-27 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს სტუმრობს. გასულ კვირას, მან ვაშინგტონში რიგი მაღალი დონის შეხვედრები უკვე გამართა. ნიუ-იორკში ის გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოვა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მასპინძლობით გამართულ მიღებას დაესწრება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)