Site icon Civil.ge

სოხუმის დაცემიდან 25 წელი გავიდა

სახელმწიფო უწყებების შენობებზე დროშები ნახევრად დაუშვეს, 27 სექტემბერი, 2018, ფოტო: president.gov.ge

საქართველოს ოფიციალურმა პირებმა და ოპოზიციურმა ლიდერებმა 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა მემორიალი მოინახულეს და გარდაცვლილ გმირებს პატივი მიაგეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ეს დღე შეგვახსენებს ჩვენს ტკივილს, რომელიც დაკავშირებულია სოხუმის დაცემასთან, ასევე შეგვახსენებს, რომ ჩვენი საქმიანობის თითოეული დღე უნდა იყოს საბოლოოდ მიმართული იქითკენ, რომ ჩვენ გავათავისუფლოთ სოხუმი და ცხინვალი რუსული ოკუპაციისგან“.

თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ სოხუმი „რუსეთის აგრესიით გამოწვეული ქართველთა და აფხაზთა საერთო ტრაგედიაა“. „დღეს ჩვენი ვალდებულებაა მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციისთვის და საერთო კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის“, – განაცხადა მან.

სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ 25 წლის წინანდელ ომს გამარჯვებულები არ ჰყავს და რომ ეს საერთო ტკივილია როგორც აფხაზებისთვის, ისე ქართველებისთვის.

„სტკივა იმ ადამიანებს, რომლებმაც ახლობელი დაკარგეს, იმ ადამიანებს დევნილობაში, რომლებიც საკუთარ სახლებში ჯერაც ვერ ბრუნდებიან, ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც იმყოფებიან საკუთარ სახლებში, მაგრამ დღეს, რუსული ოკუპაციის პირობებში, მომავლის, განვითარების პერსპექტივა და იმედი წართმეული აქვთ“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ აფხაზეთში არსებული ვითარება „სხვა არაფერია, თუ არა გამოცხადებული რუსიფიკაციის ქრონიკა“.

საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც გმირთა მოედანზე პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად მივიდა, განაცხადა, რომ პრეზიდენტის რანგში ის ძალღონეს არ დაიშურებს, რათა დაიცვას აფხაზური ენა, აფხაზური იდენტობა და ქვეყნის გამთლიანებას მიაღწიოს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ 27 სექტემბერი „არის დღე, როდესაც თითოეული ჩვენთაგანი მოვდივართ აქ, რათა პატივი მივაგოთ ჩვენს დაღუპულ გმირებს და ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს იმას, რომ ქვეყნის დროებითი ოკუპაცია ეს არის საქართველოს მთავარი ტკივილი“.

ევროპული საქართველოს საპრეზიდენტო კანდიდატი, დავით ბაქრაძე ზუგდიდში ჩავიდა და ენგურის ხიდთან მივიდა. „დღეს ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თარიღია, თარიღი, რომელიც გვახსენებს, რომ ამ ქვეყანაში თითოეული მოქალაქისთვის და განსაკუთრებით პოლიტიკოსისთვის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ჩვენი სამშობლოს მშვიდობიანი გამთლიანება და დეოკუპაცია. ამიტომ მოვედით აქ, რომ ვთქვათ არ შევეგუებით ოკუპაციას“, – განაცხადა მან.

საქართველოს მთავრობამ სამხედრო ძალები აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში 1992 წელს, რუსეთ-საქართველოს რკინიგზის აფხაზური მონაკვეთის დაცვის მოტივით, გაგზავნა. თუმცა, მას შემდეგ, რაც 27 ივლისის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაირღვა, 1993 წლის სექტემბერში სამთავრობო ძალებს რეგიონიდან გამოსვლა მოუხდათ. სოხუმს აფხაზურმა ძალებმა და რუსმა მებრძოლებმა 16 სექტემბერს შეუტიეს და ქუჩის ბრძოლებიდან 12 დღეში, სოხუმი დაეცა.

27 სექტემბერი საქართველოში აფხაზეთის დაკარგვასთან და ქართველების ეთნიკურ წმენდასთან ასოცირდება. გავრცელებული ინფორმაციით,შეიარაღებული კონფლიქტის დროს 12 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 300 000 ადამიანი დევნილად იქცა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)