Site icon Civil.ge

რუსთავი 2-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევით ოპოზიციური საპრეზიდენტო კანდიდატები ლიდერობენ

წყარო: კადრი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ვიდეოდან

საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, ტელეკომპანია რუსთავი 2-მა მისივე დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების ბედი მეორე ტურში უნდა გაირკვეს.

კვლევა ამერიკულმა კომპანია Edison Research-მა ჩაატარა. ტელეკომპანიის თანახმად, კვლევა პირისპირ ინტერვიუს პრინციპით, 14-23 სექტემბერს, საქართველოს მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) ჩატარდა და საარჩევნო უფლების მქონე 3 000 რესპონდენტი გამოიკითხა. მათივე ცნობით, ცდომილების საშუალო ზღვარი +/-2 %-ია.

პოლიტიკური ნაწილი

კვლევის შედეგების მიხედვით, ოპოზიციური კანდიდატები ლიდერობენ. კითხვაზე – „დღეს რომ არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას?“ გამოკითხულთა 22 % აცხადებს, რომ გრიგოლ ვაშაძეს, 18 % დავით ბაქრაძეს, 15 % სალომე ზურაბიშვილს, 8 % შალვა ნათელაშვილს, 3 % დავით უსუფაშვილს, 2 % ზურაბ ჯაფარიძეს, 7 % სხვა კანდიდატს, 25 %-ს კი, კითხვაზე პასუხი არ აქვს.

გამოკითხულთა 41 % სალომე ზურაბიშვილს ხმას არასდროს მისცემდა, 29 % ზურაბ ჯაფარიძეს, 16 % შალვა ნათელაშვილს, 13 % გრიგოლ ვაშაძეს, 11 % კი, დავით ბაქრაძესა და დავით უსუფაშვილს.

რესპონდენტების 44 % ამბობს, რომ არჩევნების მეორე ტური გარდაუვალია, 24 % მიიჩნევს, რომ მეორე ტური არ იქნება, 32 %-მა კი, არ იცის.

გამოკითხულების 40 % მიიჩნევს, რომ მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი გავა, 39% გრიგოლ ვაშაძე, 29% დავით ბაქრაძე, 5% შალვა ნათელაშვილი და დავით უსუფაშვილი, 2 % კი, ზურაბ ჯაფარიძე.

კვლევის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუკი მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძე და სალომე ზურაბიშვილი გავლენ, რესპონდენტების 50 % მხარს გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერს, სალომე ზურაბიშვილს 24 %. 26 %-მა კი ჯერ არ იცის ან კითხვაზე არ პასუხობს. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუკი მეორე ტურში დავით ბაქრაძე და სალომე ზურაბიშვილი გავლენ, ბაქრაძეს მხარს 53 % დაუჭერს, სალომე ზურაბიშვილს კი, 23 %. არ იცის ან შეკითხვას არ პასუხობს 24 %.

იმ შემთხვევაში თუ მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე გავლენ, ვაშაძეს მხარს გამოკითხულთა 37 % დაუჭერს, ბაქრაძეს 33%. არ იცის/შეკითხვას არ პასუხობს – 30 %.

არაპოლიტიკური ნაწილი

პოლიტიკური ნაწილის გარდა, კვლევის ავტორებმა მოსახლეობას კითხვები ქვეყანაში განვითარებულ სხვა მოვლენებთან დაკავშირებითაც დაუსვეს.

კვლევის მიხედვით, რესპონდენტების 79 % მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 13 % მიიჩნევს, რომ სწორი მიმართულებით ვითარდება. კითხვაზე პასუხი არ აქვს გამოკითხულ 8%-ს.

გამოკითხულთა 29 % საქართველოს მთავარ პარტნიორად ამერიკის შეერთებულ შტატებს ასახელებს, 28 % ევროკავშირს, 7 % უკრაინასა და რუსეთს, 3 % აზერბაიჯანს, 2 % თურქეთს, 1 % კი, სომხეთს.

რესპონდენტების 88 % მარიხუანის კულტივაციასა და ექსპორტზე გატანას არ ემხრობა, 4 % ეთანხმება, 5 %-ს გამოკვეთილი პოზიციას არ აქვს. 3 %-მა კი, არ იცის ან კითხვაზე პასუხი არ აქვს.

რესპონდენტების 66 %-ს მიაჩნია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი რუსეთმა დაიწყო, 5% ფიქრობს, რომ საქართველომ, 14 % მიიჩნევს, რომ ორივემ, 15 %-მა კი, არ იცის.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულების 43 % ინფორმაციას ტელეკომპანია რუსთავი 2-ის პოლიტიკური და საინფორმაციო გადაცემებიდან იღებს, 30 % ტელეკომპანია იმედიდან, 2-2% საზოგადოებრივი მაუწყებლიდან, ობიექტივიდან და ტელეკომპანია პირველიდან, 20 % კი, ყველა სხვა არხებიდან.

პოლიტიკური შეფასებები

საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები პოლიტიკურმა ლიდერებმაც შეაფასეს. გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიორგი ვაშაძის შეფასებით, კვლევის თანახმად, „გრიგოლ ვაშაძე უპირობო ლიდერია და ფაქტობრივად გამარჯვებამდე დარჩა თვეზე ცოტა მეტი“.

ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის დავით ბაქრაძის განმარტებით კი, „კვლევა ადასტურებს, თუ რამდენად არაპოპულარულია ქართული ოცნების კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი“. მანვე ოპოზიციურ პარტიებს მიმართა და მათ კოორდინირებული მუშაობისკენ მოუწოდა. „არ მივცეთ საშუალება ქართულ ოცნებას, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით გაიყვანოს მეორე ტურში კანდიდატი“, – აღნიშნა ბაქრაძემ.

კვლევის შედეგებს არ ენდობა ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი. მისი თქმით, „დაწყებულია ჩვეულებრივი სარეიტინგო ომი“. „არცერთი საღად მოაზროვნე არ დაიჯერებს, რომ ვაშაძეები, ბაქრაძეები და სალომეები არიან შალვა ნათელაშვილზე წინ, მაშინ ისტორია გაჩერებულა. ვფიქრობ, ისტორია საქართველოსი გრძელდება“, – აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

რუსთავი 2-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგებს უნდობლობას უცხადებენ მმართველ პარტიაშიც. პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, პარტიას აქვს შიდა კვლევა, რომლის თანახმადაც, სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვებს. „ჩვენი ამოცანაა, რომ 27%-ს არ გასცდეს ნაციონალური მოძრაობა“, – დასძინა პარლამენტის სპიკერმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)