საქართველო გაეროს გენერალური ასამბლეის გენერალურ დებატებში
Civil.ge
26 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის გენერალურ დებატებზე გამოსვლისას, ესტონეთის, სლოვაკეთის და უკრაინის პრეზიდენტებმა საქართველოს შესახებ ისაუბრეს. ქვემოთ მოცემულია ამონარიდები მათი განცხადებებიდან.
„აგრესიას უნდა ეწოდოს აგრესია, ომი არის ომი და ოკუპაცია ოკუპაციად რჩება, მიუხედავად იმისა ჩვენ აფრიკაზე ვსაუბრობთ, თუ ევროპაზე. სერიოზულად მაწუხებს ის უბედურება, რაც ომს და კონფლიქტს მოაქვს, ეხება ეს დევნილ ქალებს და ბავშვებს ოკუპირებულ აღმოსავლეთ უკრაინაში, თუ ქართველ პოლიტიკოსებს, რომელთაც ეუბნებიან, რომ ოკუპაციის გამო, მათ ქვეყანას სამუდამოდ უარს ეტყვიან დემოკრატიულ სამყაროს იმ ფორმატებში მონაწილეობაზე, რომლითაც, ჩვენ, უფრო იღბლიანები, ასე ვსარგებლობთ“.
აღმოსავლეთ უკრაინის სამხედრო აგრესია ევროპის შუაგულში გრძელდება. ყირიმის ნახევარკუნძული ოკუპირებული რჩება, ისევე როგორც საქართველოს ნაწილები და აფრიკაში არსებული გრძელვადიანი და ძალადობრივი კონფლიქტები არ გვარდება. რთულია ამ სამწუხარო ვითარებასთან შეგუება. თუმცა, სიტყვების შერჩევა, რომ უკეთ ვიგრძნოთ თავი, გამოსავალი არ არის. იმ ადამიანებისთვის, ვინც გასაჭირში იმყოფება, მათი რეალური მდგომარეობის აღიარება, იმ მწირ აღიარებასთან ერთად, რომ თანაგრძნობის გამოხატვის მეტი არაფრის გაკეთება შეგვიძლია, არის მათთვის სულ ცოტა იმედის შეთავაზება, მცირე იმედის, რომ ოდესმე ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება, იმედისა, რომლის გამოკვებაც შეუძლებელია ევფემიზმებით, პირდაპირი აღიარების თავის არიდებით“.
„შეიარაღებული კონფლიქტების რაოდენობა ბოლო წლებში გაიზარდა. მხოლოდ 2016 და 2017 წლებში კონფლიქტების რაოდენობამ ცივი ომის პერიოდის პიკს მიაღწია. იზრდება მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. ჩვენ ვსაუბრობთ ასიათასობით უდანაშაულო ადამიანებზე, რომლებიც პირდაპირ ზარალდებიან კონფლიქტებით და ომებით. სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა სტაბილურობის და უსაფრთხოების დნმ-ია მსოფლიო და რეგიონული მასშტაბით. მაგრამ საქართველოსა და უკრაინის ოკუპაცია და რეგიონის დესტაბილიზაცია ერთ-ერთი იმ მრავალი მაგალითთაგანია, რომლის თანახმადაც კანონის პატივისცემას დაუნდობელი ძალის პოლიტიკა ცვლის“.
„რუსეთი მუდმივად ზრდის ადამიანების ტრაგედიას, რამაც ბოლო დროს ახალი განზომილება მიიღო: ეკოლოგიური. ის წამლავს უკრაინულ მიწას და ეკოლოგიურ კატასტროფას იწვევს, არა მხოლოდ ოკუპირებულ ყირიმში, არამედ დონბასშიც. უკვე ბოლო ოთხი წელია, რაც ეს უკრაინელებისთვის ყოველდღიურ რეალობად იქცა. ათასობით გარდაცვალების ფაქტი, განადგურება, გადაადგილება და ადამიანების ტანჯვა. ჩემი თანამემამულეებისთვის, ეს წლები უზარმაზარ გამოწვევად იქცა – მათი გამბედაობის და სოლიდარობის, სიმტკიცისა და რწმენის გამოცდად. ნუ დაგვავიწყდება, რას უკავშირდება ეს ომი. უკრაინამ სუვერენული გადაწყვეტილება მიიღო, რომ საკუთარი გზით ეცხოვრა და წვლილი შეეტანა თავისუფალ სამყაროში დემოკრატიული ღირებულებებისა და წესების საფუძველზე. რუსეთი ამ გადაწყვეტილების გამო სჯის უკრაინას. ის კლავს, ანადგურებს სახლებს, და ამას საკმაოდ ფართო მასშტაბები აქვს. ის აცხადებს, რომ უკრაინა, ისევე როგორც საქართველო „თავად დაესხნენ საკუთარ თავს“.
არაფერი შეაჩერებს მოსკოვს, რომ საკუთარი აგრესიული ექსპანსიონისტური პოლიტიკა განახორციელოს, თუ მას არ დაუპირისპირდება საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანი პოზიცია, თუ დასჯა მისი ქმედებებისთვის გარდაუვალი არ გახდება. სწორედ შესაბამისი დასჯის არარსებობის გამო მოჰყვა საქართველოს უკრაინა, ლიტვინენკოს სკრიპალები და ალეპოს იდლიბი… კრემლი არ აპირებს გაჩერებას“.
გაეროს გენერალური ასამბლეის გენერალური დებატების დროს, მსოფლიო ლიდერები გაეროს შტაბბინაში იკრიბებიან და გლობალურ საკითხებს განიხილავენ. პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობს, გენერალურ დებატებზე სიტყვით 27 სექტემბერს გამოვა.