საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც 25-29 სექტემბერს ნიუ-იორკს სტუმრობს, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, XIV საერთაშორისო ფორუმზე – „მშვიდობისა და განვითარების შენარჩუნება ცვალებად სამყაროში“ სიტყვით გამოვიდა. ფორუმის ორგანიზატორი აზერბაიჯანში მდებარე ნიზამი განჯევის საერთაშორისო ცენტრია.
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა თავის ევროპელ კოლეგებს გაეროს გენერალური ასამბლეის გენერალურ დებატებზე გამოსვლისას საქართველოს ხსენებისთვის მადლობა გადაუხადა და მოუწოდა, რომ „ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას: აგრესორს – აგრესორი, ოკუპაციას – ოკუპაცია, საოკუპაციო ხაზს – საოკუპაციო ხაზი და არა საზღვარი“.
მოგვიანებით, ფორუმზე ხელახლა გამოსვლისას, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, როდესაც მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა, რუსეთის ფედერაცია „კიდევ უფრო ორგანიზებული, უფრო აქტიური და უფრო მტკიცე გახდა საკუთარი აგრესიული გეგმების მეზობელ უკრაინაში განსახორციელებლად“.
საქართველოს პრეზიდენტმა მაღალი დონის შეხვედრის მონაწილეებს განუცხადა, რომ დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან, საქართველოს აქტიური წვლილი შეაქვს გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში, მათ შორის, კოსოვოს, ავღანეთის, მალის და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მისიებში. „დამოუკიდებლობისთვის, ევრო-ატლანტიკური არჩევნის გაკეთებისთვის ძალიან სერიოზული ფასი გადავიხადეთ, თუმცა მტკიცედ ვდგავართ ამ გზაზე და ასეც გავაგრძელებთ“, – განაცხადა მან.
ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტი მარგველაშვილი თავის სლოვაკ კოლეგას, ანდჟეი კისკას შეხვდა და ამერიკული ფონდის Appeal of Conscience Foundation მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ საზეიმო მიღებას დაესწრო. ვიზიტის ფარგლებში, იგი West Point-ის სამხედრო აკადემიასაც ეწვევა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)