28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე, ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარემ და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა.
ივანიშვილმა ეს განცხადება 1 ოქტომბერს ქართულის ოცნების ნაციონალურ მოძრაობაზე გამარჯვების ექვსი წლისთავის აღსანიშნავად პარტიის ხელმძღვანელობის შეკრებაზე გააკეთა.
თავის შვიდწუთიან გამოსვლაში, რომელიც ქართული ოცნების პრესსამსახურმა შეხვედრის შემდეგ გაავრცელა, ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ის ძალები, რომლებიც თავის დროზე მართავდნენ ქვეყანას, ჩვენდა სასირცხვილოდ, აი ეს ძალები დღეს ცდილობენ ისევ ვირტუალურ სამყაროში აცხოვრონ ჩვენი საზოგადოება“.
„რაც დააშავეს თვითონ, იმას ცდილობენ გადააბრალონ დღეს ქართულ ოცნებას და ქართული ოცნებისგან მხარდაჭერილ კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებში, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს“, – განაცხადა ივანიშვილმა, რომელსაც ზურაბიშვილის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებული განცხადებები ჰქონდა მხედველობაში.
„ყველაზე დიდი დანაშაული, დამეთანხმებით, ალბათ, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიდინა მისი მმართველობის პერიოდში და დანაშაულები ჰქონდა ძალიან ბევრი, მაინც თუ შევაჯამებთ და შევადარებთ ერთმანეთს, იყო 2008 წლის ომში მათი პოზიცია და მითუმეტეს, არ დაიკარგებოდა ტერიტორიების 20 პროცენტი. გახსოვთ, როგორ იქცეოდნენ, როგორ მიატოვეს დახოცილი ჯარისკაცები, როგორ უპატრონოდ ტყეში დატოვეს ცოცხალი ჯარი“, – განაცხადა მან.
„სწორედ ეს თემა აქვთ დღეს ყველაზე მეტად წინა პლანზე წამოწეული. ყველაზე დიდი თავისი დანაშაული, რაც მათ ჩაიდინეს, ცდილობენ დღეს გადმოიტანონ და ჩვენ მოგვაბრალონ და მიაბრალონ საპრეზიდენტო კანდიდატს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც ძალიან ბევრი, თავისი მოღვაწეობის პროცესში იზრუნა იმისთვის, რომ რუსულ ჯარს ჭეშმარიტად დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორიები“, – განაცხადა მან.
„მე მახსოვს, როგორი პრინციპულობით გამოირჩეოდა ქალბატონი სალომე საგარეო მინისტრის რანგში, როგორ თანმიმდევრულად და როგორ ოსტატურად მოახერხა მან და ის იყო ძირითადი მასში, რომ ჩვენ რუსულ ჯარებს ტერიტორიები დავატოვებინეთ“, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ სწორედ ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო, რომელიც „შემოუძღვა რუსულ ჯარს და დღეს საქართველოს ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული“.
„აღმაშფოთებელია ის, რომ ეს ხალხი დღეს ცდილობს ისევ, რომ ჩვენ გადმოგვაბრალონ და ეს მოღალატეები, პირდაპირი მნიშვნელობით, მოღალატედ ცდილობენ მონათლონ ქალბატონი სალომე“, – აღნიშნა ივანიშვილმა.
მან ოპოზიცია გირგვლიანის და სარალიძის საქმეებს შორის პარალელების გავლების გამო გააკრიტიკა. „იმის ჩამდენი ხალხი, რასაც თვითონ აკეთებდნენ, ბავშვების ჩხუბი უნდათ რომ მიაბრალონ დღევანდელ მმართველ ძალას და იდენტური უნდათ გახადონ გირგვლიანის მკვლელობის“.
ქართული ოცნების ლიდერი ფულის გამოძალვის შესახებ ზაზა ოქუაშვილის ბრალდებებსაც გამოეხმაურა. ივანიშვილმა დაადასტურა, რომ ის ოქუაშვილს შეხვდა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ეს მხოლოდ მის დასახმარებლად მოხდა, ისევე როგორც სხვა ბიზნესების შემთხვევაში ხდება. „ნებისმიერი ბიზნესმენი, რომელიც მოდის ჩემამდე, ან მიდის პრემიერამდე, ან ხელისუფლების რომელიმე ნაწილთან, ყველას აქვს იგივე განცდა, რომ ჩვენ მაქსიმალურად დავეხმაროთ ბიზნესს და ხელი შევუწყოთ“, – განაცხადა მან.
მან მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „არჩევნების სწორი მობილიზაციის შემთხვევაში, ჩვენ ამას მოვახერხებთ [არჩევნებში გამარჯვებას].
„ჩემთვის არის ეს ქალბატონი [სალომე ზურაბიშვილი] სიმბოლო ჩვენი უახლესი ისტორიის – პირველი ემიგრაციის წარმომადგენელი, დიდი ნიკო ნიკოლაძის შთამომავალი. ქალბატონი ჩვენს დიდ ისტორიასაც და ხანგრძლივ ისტორიასაც ძალიან კარგად ეხმაურება, რომ ჩვენ ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში გვყავდა ქალბატონი, რომელიც სახელმწიფოს მართავდა“, – განაცხადა მან.
„მოგიწოდებთ ყველას, კიდევ ერთხელ, რომ მაქსიმალური მობილიზაცია თითოეულმა თქვენგანმა, მაქსიმალური შესაძლებლობები გამოავლინეთ, მხარში დავუდგეთ და ჩვენ, ჩვენს პატივცემულ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს აუცილებლად მივიყვანთ გამარჯვებამდე“, – მიმართა მან ქართული ოცნების ლიდერებს.
შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილმაც ისაუბრა და მადლობა გადაუხადა ქართულ ოცნებას, რომელმაც „გადადგა დიდი დემოკრატიული ნაბიჯი“ და მხარი დაუჭირა მის კანდიდატურას.
„ეს არ არის ჩვეულებრივი ნაბიჯი არცერთ ევროპულ ქვეყანაში, როდესაც მმართველი პარტია უარს ამბობს ისეთ ადგილზე, ფუნქციაზე, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი ინსტიტუტი ქვეყანაში და უთმობს დამოუკიდებელ კანდიდატს. შეიძლება, საზოგადოება დღეს ჯერ ვერ ხვდება, თუ რამდენად წინგადადგმული ნაბიჯია ეს 21-ე საუკუნეში“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
- სალომე ზურაბიშვილი, რომელიც 2004-2005 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, საპრეზიდენტო მარათონში 6 აგვისტოს ჩაერთო. მმართველმა პარტიამ 9 სექტემბერს განაცხადა, რომ მხარს მის კანდიდატურას დაუჭერს.
- 2018 წლის 28 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება და მოქალაქეები ექვსწლიანი ვადით საქართველოს პრეზიდენტს პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩევენ. ახალი კონსტიტუციით, რომელიც ძალაში ახლადარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებიდან შევა, პრეზიდენტს 300 წევრიანი საარჩევნო კოლეგია ხუთი წლის ვადით აირჩევს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)