Site icon Civil.ge

საფრანგეთი საქართველოს საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებაში ეხმარება

ფოტო: თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 1 ოქტომბერს განაცხადა, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცე „ამიერიდან კიდევ უფრო დაცული და ეფექტიანად კონტროლირებული იქნება“.

ფრანგულ კომპანიებთან გაფორმებული კონტრაქტებით გათვალისწინებული რადიოლოკაციური სადგურები და ახლო მოქმედების საზენიტო-სარაკეტო სისტემები უკვე საქართველოშია და დღეს საჰაერო თავდაცვის საშუალებები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ალექსეევკას შერეულ საავიაციო ბაზაზე დაათვალიერეს.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს საჰაერო სივრცე თავდაცვისუნარიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია და მისი დაცვა ქვეყნის „ღირსების“ საქმეა. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ძალღონეს არ დაიშურებს, რათა უზრუნველყოს მისი შეიარაღებული ძალების სრული თანხვედრა ნატოს სტანდარტებთან.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2015 წელს თავდაცვის სფეროში ორ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. პირველ ხელშეკრულებას სახმელეთო სათვალთვალო რადარების, საჰაერო თავდაცვის სამეთაურო და საკონტროლო სისტემების მწარმოებელ კომპანიასთან ThalesRaytheonSystems (TRS) ხელი 15 ივნისს მოეწერა, ხოლო სარაკეტო სისტემების მწარმოებელ ევროპულ კომპანიასთან (MBDA) მეორე ხელშეკრულება 10 ივლისს გაფორმდა.

მართალია მოწოდებული აღჭურვილობის ზუსტი ტიპი ოფიციალურად უცნობია, თუმცა Jane’s 360-ის მიხედვით, რადარები ThalesRaytheon-ის Ground Master 400 და 200 სერიას ეკუთვნის. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ ფოტოებში  MDBA-ს  Mistral Atlas სისტემაც ჩანს.

თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა საფრანგეთთან მოლაპარაკებების მომდევნო ეტაპზე გადავიდეს, რათა საკუთარი საჰაერო სივრცის „მაქსიმალური დაცვა“ უზრუნველყოს. მან ასევე აღნიშნა, რომ წელს თავდაცვითი ბიუჯეტიდან ავიაციისთვის 23 მილიონი ლარი გამოიყო.

„ამასთან ერთად, ჩვენმა მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოთქვა მზადყოფნა გამოყოს ფინანსები იმისთვის, რომ მოხდეს ჩვენი საავიაციო შესაძლებლობების, როგორც რემონტი, ისე მოდერნიზება, რათა თავდაცვითი ამოცანების შესრულებასთან ერთად შესაძლებელი გახდეს როგორც სამაშველო, ისე ხანძარსაწინააღმდეგო ოპერაციების განხორციელება“, – განაცხადა იზორიამ.

იზორიამ ხაზი გაუსვა, რომ თავდაცვაზე მშპ-ის 2%-ის დახარჯვით, საქართველო ნატოს სამაგალითო პარტნიორია და რომ მიმდინარე კვირაში ის ბრიუსელში ნატო-საქართველოს მინისტერიალზე, ასევე აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ჯეიმს მატისთან შეხვედრაზე ის ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებსა და მომავალ „ამბიციურ გეგმებზე“ ისაუბრებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)