Site icon Civil.ge

პრაღაში ქართველი და რუსი დიპლომატების მორიგი შეხვედრა შედგა

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე 1 ოქტომბერს პრაღაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შეხვდა. ორ ქვეყანას შორის ორმხრივ არაფორმალურ დიალოგს საფუძველი 2012 წლის ბოლოს ჩაეყარა.

შეხვედრის შემდეგ, ორივე მხარემ განაცხადა, რომ დიპლომატებმა ორმხრივი ვაჭრობის ზრდაზე, ეკონომიკის და ტრანსპორტის სფეროებში ურთიერთობებზე ისაუბრეს და საბაჟო მონიტორინგის შესახებ 2011 წლის შეთანხმების „პრაქტიკული განხორციელებისთვის“ მზადყოფნა გამოთქვეს.

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2017 წელს რუსეთთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ 1.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტის მოცულობა 394.7 მილიონი აშშ დოლარი (2016 წელს 206.4 მლნ აშშ დოლარი), ხოლო იმპორტის მოცულობა 789 მილიონი აშშ დოლარი (2016 წელს 675.6 მლნ აშშ დოლარი) იყო. 2017 წელს რუსეთი თურქეთის შემდეგ საქართველოს მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო.

შეხვედრის შემდეგ, გავრცელებულ პრესრელიზში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „მიუხედავად დაგროვებული პოზიტივისა, საქართველოსა და ნატოს შორის სამხედრო თანამშრომლობა სერიოზულად აზიანებს ურთიერთობებს“ საქართველოს და რუსეთს შორის.

სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ გრიგორი კარასინმა ხაზი გაუსვა იმ საზიანო როლს, რომელსაც თბილისი თამაშობს ალიანსის რუსეთის და კავკასიაში მისი მოკავშირეების საზღვრებთან ახლოს მოსაყვანად. კარასინმა ასევე განაცხადა, რომ „საქართველოს მაღალი რანგის ოფიციალური პირების მიერ გაკეთებული არამეგობრული განცხადებები უარყოფით გავლენას ახდენს ორმხრივი ურთიერთობების ურთიერთხელსაყრელ პროცესზე“.

დაახლოებით ერთი კვირის წინ, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მოსკოვს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისა და საქართველოს „ორი ისტორიული და განუყოფელი რეგიონიდან“ შეიარაღებული ძალების გაყვანისკენ მოუწოდა. მისი განცხადება რუსეთმა, ასევე სოხუმისა და ცხინვალის ხელისუფლებებმა გააკრიტიკეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზურაბ აბაშიძემ „ყურადღება გაამახვილა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ასევე საოკუპაციო ხაზზე არსებულ რთულ ვითარებაზე. კერძოდ, აღინიშნა, რომ გრძელდება ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევა, ამ რეგიონების მზარდი მილიტარიზაცია, საერთაშორისო ნორმების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპების ხელყოფა“.

აბაშიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, რომ მოსკოვი თბილისისგან ამ საკითხებზე პირდაპირ სოხუმთან და ცხინვალთან საუბარს დაჟინებით მოითხოვს და რომ ეს პრობლემები მათ არ ეხებათ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ჩიხიდან გამოსასვლელად, ბევრია დამოკიდებული რუსეთის პოლიტიკურ ნებაზე, თუმცა დასძინა, რომ ამის მიღწევა მხოლოდ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.

მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებიდან ორ კვირაში, 26 აგვისტოს აღიარა. დღემდე, ორი ოკუპირებული რეგიონის დამოუკიდებლობა რუსეთის გარდა, მხოლოდ სირიამ, ვენესუელამ, ნაურუმ და ნიკარაგუამ აღიარეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)