Site icon Civil.ge

მამუკა ჩიქოვანმა ევროპული საქართველო დატოვა

დეპუტატმა მამუკა ჩიქოვანმა პარტია ევროპული საქართველო დატოვა, რის შედეგადაც პარტიას პარლამენტში 19 დეპუტატი დარჩა.

ჩიქოვანმა განცხადება 2 ოქტომბერს გააკეთა. მას მომავალ პოლიტიკურ გეგმებზე არ უსაუბრია, თუმცა მედიის ინფორმაციით, იგი გაერთიანებულ ოპოზიციაში გაწევრიანებას გეგმავს.

ჟურნალისტებთან საუბრისას, ჩიქოვანმა განაცხადა, რომ „ძალიან სახიფათო ზღვარზე ვდგავართ“ და რომ ცალკეულ ოპოზიციურ პარტიებს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ „საკუთარი ძალების დემონსტრირება სცადოს და შემდეგ ხმები ითვალოს“.

„ახლა დროა, რომ დათმობაზე წავიდეთ და გადავდგათ ნაბიჯი ერთობისკენ. სწორედ ერთობითაა შესაძლებელი კონცენტრირება იმ მიზანზე, რასაც ჰქვია დიდი ცვლილებები“, – განაცხადა მან.

ნაციონალური მოძრაობის წევრი დავით კირკიტაძე ჩიქოვანის გადაწყვეტილებას მიესალმა და მას „დროული და ზუსტი“ უწოდა. „ახლა, როდესაც ქვეყანა ასეთ გასაჭირშია, მოსახლეობას უკიდურესად უჭირს, იმიტომ, რომ ქვეყნის სათავეში მოექცნენ ბანდიტები და ყაჩაღები, არ არის დრო კეკლუცობის, არ არის დრო პროცენტებზე ფიქრის. დროა იმისა, რომ ქვეყანა გამოვტაცოთ ამ ყაჩაღებს ხელიდან…უნდა გავერთიანდეთ მათ დასამარცხებლად, უნდა გავერთიანდეთ იმ კანდიდატის გარშემო, რომელსაც აქვს გამარჯვების უდიდესი შანსი“, – განაცხადა მან.

ევროპული საქართველოს წევრმა ირაკლი კიკნაველიძემ მამუკა ჩიქოვანის გადაწყვეტილება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მან პირადი წყენა საქმეზე წინ დააყენა და რომ ცოტა ხნის წინ, მათი პარტია ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის „საერთო დარტყმის“ სამიზნე გახდა. „ისინი, არ არიან დაინტერესებული ამ ქვეყნის მომავლით. პარტიული ომებით არიან დაინტერესებულები,“ – განაცხადა კიკნაველიძემ.

მისი თქმით, ევროპული საქართველოს რიგები ხშირად ივსება ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრებით, მაგრამ ისინი არ მიიჩნევენ საჭიროდ, რომ ამაზე ხმამაღლა ისაუბრონ, იმიტომ, რომ „ეს არ მიგვაჩნია მნიშვნელოვან ფაქტორად ამ არჩევნებში“.

რამდენიმეთვიანი შიდაპარტიული დავის შემდეგ, 2017 წლის დასაწყისში, ევროპული საქართველო ნაციონალურ მოძრაობას გამოეყო. 2017 წლის ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში ორი პარტია დამოუკიდებლად მონაწილეობდა, რა დროსაც, ნაციონალურმა მოძრაობამ ხმების 17 %, ხოლო ევროპულმა საქართველომ ხმების 10 % მიიღო.

ნაციონალურ მოძრაობას პარლამენტში ექვსი დეპუტატი ჰყავს, ხოლო ევროპულ საქართველოს 20 და ის საპარლამენტო უმცირესობის სტატუსით სარგებლობს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)