ლგბტ თემის უფლებადამცველი ორგანიზაციის – „თანასწორობის მოძრაობის“ წევრები „მეზობლებისგან მომეტებული საფრთხისა“ და „მუქარის“ გამო, საკუთარ ოფისში მისვლასა და მუშაობას ვერ ახერხებენ.
თანასწორობის მოძრაობის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ბერიანიძემ 3 ოქტომბერს Civil.ge-სთან საუბარში განაცხადა, რომ ორგანიზაცია თბილისში, ეგნატე ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე ოფისში მიმდინარე წლის თებერვალში გადავიდა. მისივე თქმით, ერთ–ერთი მეზობელი ოჯახის წევრებისგან, რომლებსაც ოფისთან საერთო ეზო აქვთ, „ჰომოფობიური“ მოტივით, ყოველთვის იყო აგრესიული ტონი და სხვადასხვა მიზეზით მუდმივად ცდილობდნენ კონფლიქტის გამოწვევას.
ლევან ბერიანიძის განმარტებით, 28 სექტემბერს, საღამოს დაახლოებით 10 საათზე, ოფისის თანამშრომლები ეზოში საუბრობდნენ, რა დროსაც მათი მეზობელი „ლანძღვა–გინებითა და მუქარით“ გამოვიდა. კონფლიქტის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად კი, მოძრაობის წევრებმა დაშლა გადაწყვიტეს, კარის ჩასაკეტად დარჩენილ თანამშრომლებს კი „თავს დაესხნენ, ერთ–ერთს ახრჩობდნენ, დანარჩენებს ურტყამდნენ“.
მისივე თქმით, სავარაუდოდ, ერთ–ერთი მეზობელი იარაღის გამოყენებასაც ცდილობდა, რა დროსაც, ის მისივე ახლობლებმა შეაჩერეს. მისივე განმარტებით, მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით აღძრა, მაგრამ „ბევრი სხვა ფაქტიც იკვეთება ამ საქმეში და იმედია, გამოძიება ადეკვატურად წავა“.
ლევან ბერიანიძის თქმით, სამართალდამცველებს ფაქტზე არავინ დაუკავებიათ და მათთვის არც უსაფრთოხების გარანტიები მიუციათ, რაც „სამწუხაროდ, მწვანე შუქს უნთებს სხვებსაც, რომ ისევ იძალადონ“. მისივე განმარტებით, ორგანიზაციის თბილისის ოფისში 17-მდე ადამიანია დასაქმებული, რომლებიც თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ. „არ გვაქვს გარანტია, რომ ისევ არ შემოვარდებიან ან ვიღაცას არ დახვდებიან და არ სცემენ“, – განაცხადა მან.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება 29 სექტემბერს გაავრცელა. უწყების განმარტებით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
შსს–ის ინფორმაციით, 28 სექტემბერს, გვიან ღამით, „თანასწორობის მოძრაობის“ ოფისის ეზოში, ორგანიზაციის რამდენიმე წარმომადგენელსა და იმავე ქუჩაზე მცხოვრებ ერთ–ერთ ქალს შორის, „ხმაურთან დაკავშრებით“, სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო, რაც ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და ქალის ნათესავს შორის კონფლიქტი მოჰყვა, რა დროსაც „მათ ერთმანეთს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს“. უწყების განმარტებით, კონფლიქტის შედეგად, ხსენებული ქალის ნათესავი ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.
მომხდარს 14 არასამთავრობო ორგანიზაცია 2 ოქტომბერს საერთო განცხადებით გამოეხმაურა. არასამთავრობოები სამართალდამცველების მხრიდან საქმისადმი გულგრილ დამოკიდებულებაზე მიუთითებენ და საქმეში სიცოცხლის მოსპობის მუქარის ნიშნების ფონზე, გამოძიების მხოლოდ 126-ე მუხლით დაწყებას „პრობლემურად“ მიიჩნევენ.
მათივე განმარტებით, შსს–ის მიერ მომხდარი ორმხრივ დაპირისპირებად შეფასდა, სადაც „აგრესორი და მსხვერპლი თანასწორ მხარეებად არიან წარმოჩენილნი“. „სამინისტროს მხრიდან გამოძიების პირველივე დღეებში, სათანადო მოკვლევისა და გამოძიების გარეშე, მსგავსი განცხადების გაკეთება მიმდინარე გამოძიების მიმართ ნდობას არსებითად ამცირებს“, – აცხადებენ ისინი.
არასამთავრობოები სამართალდამცველებს ფაქტზე დროული და ეფექტიანი გამოძიებისა და „ადეკვატური პრევენციული“ ზომების გამოყენებისკენ მოუწოდებენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)