Site icon Civil.ge

კობახიძე არასამთავრობოებს „პოლიტიკურად მოტივირებული“ განცხადებების გამო აკრიტიკებს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, 2 ოქტომბერი, 2018, ფოტო: კადრი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ვიდეოდან

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები „პოლიტიკურად მოტივირებული“ განცხადებების გამო გააკრიტიკა.

კობახიძემ ეს განცხადება 2 ოქტომბერს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“- თან ინტერვიუში, მას შემდეგ გააკეთა, რაც წინა დღეს ცამეტმა წამყვანმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის, საერთაშორისო გამჭირვალობამ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და სამართლიანმა არჩევნებმა, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და განმარტეს, რომ „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებული მოვლენები „ელიტური კორუფციის ცხად ნიშნებზე და არაფორმალურ კლანურ მმართველობაზე“ მიუთითებს.

არასამთავრობოების განცხადების შეფასებისას, ირაკლი კობახიძემ ამ განცხადებას „არასერიოზული“ უწოდა და აღნიშნა, რომ „საქართველოში არის 13 კაცი და ქალი, რომელსაც აქვს თავისი პოლიტიკური მიკერძოებული რაღაც შეხედულებები“.

„საქართველოში არის ჩამოყალიბებული მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება, არასამთავრობო სექტორი, ცალკეა ეს პოლიტიკური გაერთიანება. არჩევნებში რომ მიიღოს მონაწილეობა ამ გაერთიანებამ ერთ პროცენტსაც ვერ აიღებს, ამაში ყველა დამერწმუნება. რაც შეეხება [ნამდვილ] სამოქალაქო საზოგადოებას, სამოქალაქო საზოგადოება არის ცალკე და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება – სამოქალაქო სექტორი არის ცალკე“, – განაცხადა მან.

„როცა მტკიცებულების გარეშე ორი გაუგებარი ადამიანი ავრცელებს რაღაც ჩანაწერს და როდესაც არასამთავრობო ორგანიზაცია გქვია ფორმალურად მაინც და მტკიცებითი ფორმით გამოდიხარ და ამბობ,რომ კორუფციის პრობლემა არსებობს თურმე ქვეყანაში და არაფორმალური მმართველობის, ეს არის უტიფრობა, ეს არის უკეთეს შემთხვევაში არაკომპეტენტურობა“, – განაცხადა მან.

ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო ხმების 27 %-ზე მეტს ვერ მიიღებენ

პარლამენტის თავმჯდომარემ მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მმართველ პარტიას ევროპული ტიპის კამპანიის ჩატარება სურს, მაგრამ ოპოზიციამ „ბინძური კამპანიის“ ჩატარება არჩია, მათ შორის, საქართველოს „პატრიოტის“, სალომე ზურაბიშვილის დადანაშაულების გზით.

„მნიშვნელოვანია ის, რომ ამ პოლიტიკურმა ძალამ აღარასდროს შეუქმნას საფრთხე ქართულ დემოკრატიას, ქართულ საზოგადოებას, ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას… ნაციონალური მოძრაობა საქართველოში აღარ განმეორდება. ამიტომაც არის საჭირო იმის შეხსენება, რასაც ვახსენებთ საზოგადოებას“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, მმართველი პარტიის ამოცანაა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ, „თავისი მეტასტაზებით და სატელიტებით“, მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმების 27%-ზე მეტი არ მიიღოს (ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე ნაციონალურმა მოძრაობამ, რომელიც არჩევნებიდან მალევე გაიყო, ხმების 27% მიიღო). „ჩვენი ამოცანაა, რომ როგორც კი თავს ამოყოფს ნაციონალური მოძრაობა, ჩავარტყათ თავში. ამას ვაკეთებთ საზოგადოებასთან ერთად“, – დასძინა პარლამენტის თავმჯდომარემ.

2018 წლის 28 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება და მოქალაქეები ექვსწლიანი ვადით, საქართველოს პრეზიდენტს პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩევენ. ახალი კონსტიტუციით, რომელიც ძალაში ახლადარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებიდან შევა, პრეზიდენტს 300 წევრიანი საარჩევნო კოლეგია ხუთი წლის ვადით აირჩევს.

2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)