Site icon Civil.ge

პრეზიდენტმა ოთხ ქვეყანაში ახალი ელჩი დანიშნა

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თურქეთში, იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, ლატვიაში და ავსტრიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშილმა თურქეთში, იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, ლატვიაში და ავსტრიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები დანიშნა.

თურქეთის რესპუბლიკაში ელჩის თანამდებობას გიორგი ჯანჯღავას დაიკავებს. ის 2014 წლიდან 2018 წლის 1 ოქტომბრამდე საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციაში (OIC) საქართველოს წარმომადგენლის პოზიციაზე მუშაობდა.

იორდანიის სამეფოში ელჩად ზაზა კანდელაკი დაინიშნა. ის 2013 წლის მარტიდან 2018 წლის 1 ოქტომბრამდე უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო.

ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი თეა მაისურაძე იქნება, რომელიც საგარეო უწყებაში 2009 წლიდან მუშაობს. 2016 წლის აპრილიდან დღემდე ის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი იყო.

ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში, ასევე ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა (OSCE) და ქალაქ ვენაში განლაგებულ სხვა აერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლი დავით დონდუა იქნება. მას 2015 წლიდან დღემდე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)