Site icon Civil.ge

თბილისი მაია ოთინაშვილის დაუყონებლივ გათავისუფლებას ითხოვს

საქართველოს ლიდერებმა 37 წლის საქართველოს მოქალაქის, სოფელ ხურვალეთის მკვიდრის, მაია ოთინაშვილის „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის“ ბრალდებით დაკავება ერთხმად დაგმეს და მისი დაუყონებლივ გათავისუფლება მოითხოვეს.

ადგილობრივების თქმით, სამი შვილის დედა, მაია ოთინაშვილი 29 სექტემბერს, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ ხურვალეთის მახლობლად დააკავეს. თუმცა, ცხინვალის ხელისუფლება აცხადებს, რომ ის ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის მეორე მხარეს, სოფელ წინაგარის მახლობლად აიყვანეს. მათივე თქმით, ოთინაშვილი ადგილობრივებს ფულის სანაცვლოდ „სახელმწიფო საზღვრის“ გადაკვეთაში ეხმარებოდა.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 3 ოქტომბერს განაცხადა, რომ „ვვარაუდობდით, რომ რამდენიმე საათში გაირკვეოდა მისი გათავისუფლების საკითხი, თუმცა, ამ დრომდე ეს ვერ მოხერხდა“. „უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქე ოჯახს, თავის სამ მცირეწლოვან შვილს დროულად დაუბრუნდეს“, – დასძინა მან.

პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მან საგარეო საქმეთა მინისტრს მომხდარის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება დაავალა.

3 ოქტომბერს უცხოელ დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ოთინაშვილის „გატაცება“ და „უკანონო“ პატიმრობა არის „კატეგორიულად მიუღებელი ჩვენთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის“.

ბრიტანეთის ელჩმა ჯასტინ მაკკენზი სმიტმა შეშფოთება გამოხატა საქართველოს მოქალაქის დაკავების გამო და ცხინვალს მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ოთინაშვილის ნათესავებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ის სოფელ წინაგარაში სცემეს. ლომჯარიამ ასევე აღნიშნა, რომ მართალია ოთინაშვილს ცხინვალში ადვოკატი ჰყავს, თუმცა მან დაკავებულის საკანში მონახულება ვერ შეძლო, რაც „კიდევ უფრო ზრდის ეჭვებს, რომ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ“.

საპირისპირო ბრალდებები

საპირისპირო ბრალდებები წამოაყენა ოკუპირებული ცხინვალის ხელისუფლებამ და თბილისი „სრულიად უსაფუძვლო და მცდარი ბრალდებების“ გახმოვანებაში დაადანაშაულა. „ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს გარკვეული ძალები საქართველოში დაინტერესებულნი არიან საზღვრის ამგვარ დარღვევეში, რათა ისინი საკუთარი პიარისთვის გამოიყენონ“, – ნათქვამია ოკუპირებული ცხინვალის მთავარი მომლაპარაკებლის მურატ ჯიოევის 3 ოქტომბრის განცხადებაში.

ცხინვალმა ოთინაშვილის ცემა უარყო. ოკუპირებული რეგიონის ხელისუფლების პრესსპიკერმა მარია კოტაევამ 4 ოქტომბერს სპეციალური ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ქალი თავს კარგად გრძნობდა და დაკავებისთანავე მას ადვოკატისა და მთარგმნელის მომსახურების გამოყენების საშუალებაც მიეცა.

კოტაევამ ასევე განაცხადა, რომ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს და ადგილობრივი ჟურნალისტების ჯგუფს ოთინაშვილის მონახულების საშუალება ჰქონდათ. მანვე განმარტა, რომ ოთინაშვილი წინასწარ პატიმრობაში ერთი თვით დარჩებოდა, ნაცვლად თავიდან გამოცხადებული ორი თვისა.

მოგვიანებით, „სპუტნიკის“ ოსურმა სამსახურმა ვიდეო გაავრცელა, სადაც ჟურნალისტებთან ოთინაშვილის შეხვედრაა ასახული. ჟურნალისტებთან მოკლე საუბარში ოთინაშვილმა განაცხადა, რომ ის არ უცემიათ და კარგად ექცეოდნენ.

მართალია ოთინაშვილს გარეგანი დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღენიშნებოდა, თუმცა მისმა დედამ, გალინა ქელეხსაევამ განაცხადა, რომ ის „მორალურად გატეხილს“ ჰგავს და „კოჭლობს“. „მას სხვა გზა არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ ის ეთქვა, რისი თქმაც დაავალეს“, – განუცხადა მან ტელეკომპანია „იმედს“.

სოფელი ხურვალეთი, გორის მუნიციპალიტეტის შერეული ქართულ-ოსური სოფელია, რომელიც სამი მხრიდან რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიას ესაზღვრება. სოფელს განსაკუთრებით შეეხო ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესი. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 2008 წლის ომის შემდეგ, დაახლოებით 36 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწები და საძოვრები, ასევე სოფლის სასაფლაო და რამდენიმე სახლი რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)