Site icon Civil.ge

საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საინაუგურაციო სესია თბილისში გაიმართა

ანდრიან კანდუ, ირაკლი კობახიძე და ანდრიი პარუბი, 6 ოქტომბერი, 2018, ფოტო: facebook.com/parliamentgeo

საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საინაუგურაციო  პლენარული სესია 5-6 ოქტომბერს თბილისში გაიმართა.

საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეებმა, ირაკლი კობახიძემ, ადრიან კანდუმ და ანდრიი პარუბიმ 5 ოქტომბერს ასამბლეის წესდებას მოაწერეს ხელი, რომელიც ამგვარი თანამშრომლობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

დეპუტატების წინაშე გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ასამბლეის მიზანი „საერთაშორისო არენაზე სხვადასხვა მრავალმხრივ საპარლამენტო ფორმატში ჩვენი ქვეყნების ინტერესების ერთობლივად დაცვა და ჩვენი პოზიციების უკეთ კოორდინირება“, ასევე რეფორმების შესახებ გამოცდილების გაზიარება და ერთიანი ძალისხმევით ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ევროკავშირის წევრობის პერსპექტივად გარდაქმნის მიღწევაა.

სამმა პარლამენტის თავმჯდომარემ საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ჩამოყალიბებაზე შეთანხმებას 9 ივნისს კიევში მოაწერეს ხელი. ასამბლეა ქვეყნებს შორის თანამშრომლობისა და დიალოგის კიდევ უფრო გაღრმავებას, საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაძლიერებას და სამმხრივ ინტერესებში შემავალი საკითხების განხილვას ისახავს მიზნად.

5 ოქტომბერს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ადრიან კანდუმ განაცხადა, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად სამი პარლამენტი ერთმანეთს გამოცდილებას და ცოდნას გაუზიარებს, რათა სამი ქვეყნის და მთლიანი რეგიონის უსაფრთხოების გზები გამონახონ.

უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარის პრესსამსახურის ინფორმაციით, ანდრიი პარუბიმ კოლეგებს ევროკავშირში წევრობის გზაზე „ერთმანეთის გაძლიერებისკენ“ მოუწოდა. „ურთიერთმხარდაჭერა, ერთმანეთის დახმარება და ერთიანობა წარმატების გასაღებია“, – განაცხადა მან.

ასამბლეის პლენარული სესია სუამის წევრი სახელმწიფოების – საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდოვას მთავრობების მეთაურების შეხვედრას დაემთხვა, რომელიც 5 ოქტომბერს კიშინეუში გაიმართა და სადაც თანამშრომლობის ფორმატის გაფართოების საკითხი განიხილეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)