Site icon Civil.ge

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს 

ქართული ანბანის სიმბოლური გამოსახულება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, ფოტო: facebook.com/GeorgienEhrengastFrankfurterBuchmesse2018

ფრანკფურტის წლევანდელ წიგნის ბაზრობაზე საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს, რაც ქვეყანას საშუალებას აძლევს, რომ 10-14 ოქტომბერს საკუთარი ლიტერატურა და კულტურა ფართო საერთაშორისო აუდიტორიას წარუდგინოს.

ფრანკფურტში საკუთარი წიგნების წარსადგენად 70-ზე მეტი ქართველი ავტორი ჩავიდა, სადაც ქვეყნის ხელოვნების, მეცნიერების, თეატრის, კინემატოგრაფიის, ფოტოგრაფიის, მუსიკის და სხვა სფეროების გასაცნობად ასობით კულტურული ღონისძიება გაიმართება.

ღონისძიებების მთავარი კონცეფციაა „ანბანით მოთხრობილი საქართველო“, სადაც ყურადღება ქვეყნის უძველეს დამწერლობაზეა გამახვილებული. 33 ასოიანი ქართული ანბანი იუნესკომ 2016 წელს ხელშეუხებელი კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

„ქართული ანბანის 33 ასო-ნიშანი 33 კარია საქართველოს ოცდაცამეტი სურათისა და ხმისათვის, რომელთა გაცოცხლებაც სწორედ ჩვენი ანბანის ჯადოსნური წყობითაა შესაძლებელი“, – ნათქვამია ოფიციალურ პრესრელიზში.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, რომელიც ფრანკფურტში იმყოფება, წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსის მნიშვნელობაზე და იმ შესაძლებლობაზე ისაუბრა, რომლითაც ქვეყანას საშუალება აქვს ქვეყნის უნიკალური ანბანი დანარჩენ მსოფლიოს წარუდგინოს.

9 ოქტომბერს წიგნის ბაზრობის გახსნისას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „სადაც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით იმყოფება, სწორედ იქ არის ევროკავშირის ადგილი“.

ყოველ წელს ფრანკფურტი ლიტერატურის შესახებ იდეების გაცვლის ადგილი ხდება, ის სხვადასხვა ქვეყნებს საპატიო სტუმრის სტატუსით იწვევს და მათ კულტურულ ღონისძიებებს მასპინძლობს არა მხოლოდ ბაზრობაზე, არამედ ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ადგილებში.

14 ოქტომბერს საპატიო სტუმრის სტატუსის მქონე ქვეყნის პროგრამა დასრულდება და ტრადიციული გადაცემის ცერემონია გაიმართება, რომელსაც ქართველი ავტორი ზურაბ ქარუმიძე და ნორვეგიელი მწერალი ოსნე საიეშტადი უმასპინძლებენ. 2019 წელს საპატიო სტუმრის სტატუსი სწორედ ნორვეგიას ექნება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)