10 ოქტომბერს მიღებულ რეზოლუციაში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) სახელმწიფოთა ტერიტორიებზე არსებულ „ნაცრისფერ ზონებში“, მათ შორის, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სადამკვირვებლო მექანიზმების შეუზღუდავ დაშვებას ითხოვს.
რეზოლუციის თანახმად, PACE მიესალმება ევროპის საბჭოს წამების, არაადამინაური და ღისებისშემლახავი მოპყრობის ან დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) ვიზიტს აფხაზეთში და „სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლებას“ იმავეს გაკეთებისკენ მოუწოდებს.
დოკუმენტი ხაზს უსვამს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული ვითარების მონიტორინგი „ნაცრისფერ ზონებში“, მათ შორის, სადამკვირვებლო ორგანიზაციების კონტაქტები ადგილობრივ ხელისუფლებასთან, „არ წარმოადგენს და არ უნდა განიხილებოდეს, როგორც ამ ხელისუფლებების ლეგიტიმურობის აღიარება საერთაშორისო სამართლის ფარგლებში“.
PACE-მა ხაზი გაუსვა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სადამკვირვებლო მექანიზმებთან თანამშრომლობა „ადგილობრივი დეფაქტო მთავრობების“ მოვალეობას წარმოადგენს და სახელმწიფოებს, რომლებიც „ეფექტურ კონტროლს ახორციელებენ იმ ტერიტორიებზე, სადაც ადგილობრივი დე ფაქტო მთავრობები მოქმედებენ, მოუწოდებს გამოიყენონ საკუთარი გავლენა, რათა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებს ეფექტიანი მონიტორინგის განხორციელების საშუალება მიეცეთ“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)