ტელეკომპანია „რუსთავი 2“ – ის მიერ 14 ოქტომბერს გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებს, რომელიც, სავარაუდოდ, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის და ამჟამად პატიმრობაში მყოფი მირზა სუბელიანის სისხლის სამართლის დანაშაულის სხვადასხვა საქმესთან დაკავშირებით ქართული ოცნების დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან და ოკუპირებული ტერიტორიდებიდან დევნილთა სამინისტროს თანამშრომელთან დავით ცუხიშვილთან საუბარს ასახავს, პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა.
მმართველი გუნდის შეფასებები
ირაკლი კობახიძე – პარლამენტის თავმჯდომარე: „ჩვენ ვიხილეთ ერთი სპექტაკლი, რომელიც წარუმატებლად უკვე დასრულდა და ახლა შემოგვთავაზეთ მეორე სპექტაკლი, რომელიც ასევე წარუმატებლად დასრულდება. იქ სადაც არ არის გადაცდომა, იქ, სადაც არ არის დანაშაული ვერ შეიქმნება ხელოვნურად ვერანაირი კომპრომატი. 9 წელს რაც შეეხება, იქ კომპრომატებით და ფარული ჩანაწერებით კი არ შეიქმნა წარმოდგენა თქვენს რეჟიმზე, შეიქმნა ფაქტებით და ფაქტი იყო რა – 10000-მა კაცმა აჩუქა საკუთარი ქონება სახელმწიფოს, თქვენ კონკრეტული ადამიანები აწამეთ, კონკრეტული ადამიანები დახოცეთ და ეს არის ფაშიზმი და ყველაფერი, ამიტომ ამას ვერ გადაფარავთ ვერანაირად, ვერც ერთი სპექტაკლით, ვერც მეორეთი და ვერც მესამეთი. რაც შეეხება კონკრეტულად მირზა სუბელიანის საკითხს, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ არც მუქარის გვეშინია, არც შანტაჟის გვეშინია და ეს ადამიანი დღეს ზის იქ, სადაც ზის. შესაბამისად მომავალშიც გვექნება იგივე მიდგომა. თუ იქნება მუქარა, მაგალითად, მირზა სუბელიანის მხრიდან, ჩვენ ამ მუქარის არ გვეშინია და ზუსტად ვმოქმედებთ ჩვენი პრინციპების შესაბამისად, იმიტომ, რომ არავის არ ეშინია მუქარის. თუ ვინმე რამეს დააშავებს, თუ ვინმეს აქვს კონკრეტული დანაშაული ან გადაცდომა, ამაზე გპირდებით, რომ პარლამენტი არცერთ შემთხვევაში არ დახუჭავს თვალს“.
თეა წულუკიანი – იუსტიციის მინისტრი: „[მნიშვნელოვანია] ეს ჩანაწერი როდის არის გაკეთებული, კონკრეტული დღე საათი, ვის მიერ არის გაკეთებული, გამოტანილი, თუ ამგვარი ჩანაწერი საერთოდ გაკეთდა ციხის კედლებში, არის თუ არა ავთენტური და ა.შ. ამის თაობაზე, როგორც გუშინ პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, სამი დღის წინ არის გამოძიება დაწყებული. მე მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ გუშინაც კი მიმდინარეობდა დაკითხვები და გამოძიება გაგრძელდება. იმედი მაქვს, რომ პროკურატურა სრული გამჭვირვალობის პირობებში, საზოგადოებას შეატყობინებს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. სასჯელაღსრულების სიტემაში მუდამ იყო და ასე არის მას მერე, რაც ის იუსტიციის სამინისტროს შემოუერთდა, რომ საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, რომელი პარტიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს ის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ნებართვით, ისე რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება ხელი შევუშალოთ ამ ვიზიტებს, შედიან და ნახულობენ მათთვის სასურველ პატიმრებს“.
ეკა ბესელია – ქართული ოცნება: „ჩემთვის საინტერესოა ამ საკითხის სამართლებრივი მხარე. ჩემთვის მნიშვნელოვანია რა ინფორმაციას დადებს გამოძიება, არის თუ არა ეს [ჩანაწერები] კანონიერი და ავთენტური. კანონიერების თვალსაზრისით, ძალიან სერიოზული კითხვები მაქვს, ასევე სერიოზული კითხვები მაქვს ამ ჩანაწერის მოპოვებასთან დაკავშირებით და მისი შინაარსის ავთენტურობა რომ დადასტურდეს. თუ ეს დადასტურდება, ამის შემდეგ შეგვიძლია უკვე გადავიდეთ შინაარსზე, დავსვათ ყველა კითხვა და გავარკვიოთ ყველა საკითხი. იქამდე, მე მგონია, რომ არის არა მარტო არასერიოზული, არა მარტო ძალიან სახიფათო ასეთი მიდგომები. მგონია, რომ ეს ააშკარავებს ვიღაცის განზრახვას, ეს უკვე არის ის სურათი, რომელიც აბსოლუტურად ყველაფერს თავდაყირა აყენებს. სისხლის სამართლის კოდექსში არის მუხლი, რომ კერძო კომუნიკაციის წესის დარღვევა, ჩანაწერის უკანონოდ მოპოვება, გავრცელება, შენახვა ისჯება სისხლის სამართლის წესით. ამიტომ, ახლა ვლაპარაკობთ ჩვენ დანაშაული მოხდა თუ არა ამ ჩანაწერის მოპოვებით, ამაზე პასუხი რომ გვექნება შინაარსზე ვისაუბროთ შემდეგ“.
ირაკლი სესიაშვლი – ქართული ოცნება: „ცხადია, გამოძიება უნდა დაიწყოს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. თუმცა. რამდენადაც ჩვენ ბოლო პერიოდში სულ ამ ფაბრიკაციების მომსწრენი ვართ, ის ჩანაწერები, რომელიც რუსთავი 2-მა სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით გააჟღერა, მათი ავთენტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ამიტომ, მე პირდაპირი ნდობა ვერ მექნება და დაველოდები გამოძიებას. კითხვები არსებობს, ბუნებრივია, ყველას გაგვიჩნდა ეს კითხვები, იმდენად, რამდენადაც, ჩვენი ხელისუფლებისთვის მიუღებელია ის საუბარი და ის მეთოდოლოგია, რაზეც ხმა ისმის. ამიტომ, ცხადია ამ კითხვებზე პასუხი უნდა მივიღოთ“.
საპრეზიდენტო კანდიდატების შეფასებები
გრიგოლ ვაშაძე – ძალა ერთობაშია: „ძალიან მძიმე დღე გაუთენდა საქართველოს. ჩვენ დავინახეთ საქართველოს წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების მასშტაბები. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ აღარც სახელმწიფო გვაქვს და აღარც ხელისუფლება გვყავს. ჩვენ დავინახეთ, რომ სახელმწიფოს მართავენ და ხელისუფლების ყველა შტოს მართავს კრიმინალური შეიარაღებული პლატფორმები. სასჯელაღსრულებით სისტემაში სუფევს სრული განუკითხაობა და კრიმინალი, როდესაც ვიღაც სუბელიანს თანამდებობის პირები შეჰყავს პატიმრების დასაკითხად და წამებაზე დასასწრებად. ჩვენ დავინახეთ, რომ პროკურატურას გარედან მართავს კრიმინალი ფარცხალაძე და მისი შეიარაღებული დაჯგუფება. ჩვენ დავინახეთ, რომ სასამართლო გადაქცეულია მაფიოზური კლანის დაჯგუფებად, რომელიც უპირობოდ ასრულებს მაფიოზების ყველა ინსტრუქციას. საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ დაინახა, რომ ივანიშვილმა საქართველო დააბრუნა 90-იანი წლების კრიმინალურ განუკითხაობაში. მან ერთი მხედრიონი კი არ აღადგინა, შექმნა რამდენიმე მხედრიონი, რომელმაც ხელში ჩაიგდო ქვეყნის მართვის სადავეები. ჩვენ დავინახეთ მწამებელთა შეიარაღებული ბანდები, რომლებიც იტაცებენ და აწამებენ მოწმეებს და აიძულებენ მათ სასამართლოში მისცენ ჩვენებები, რომელიც ე.წ. ხელისუფლებას აქვს შეკვეთილი. მოვუწოდებ ყველა პარტიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციას, შემოგვიერთდით, იმიტომ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და პირველსავე ტურში საპრეზიდენტო არჩევნების მოგება, ეს არის მიზანი, რაც გაერთიანებულ ოპოზიციას საპრეზიდენტო კამპანიის დაწყების პირველივე დღიდან ჰქონდა. სხვანაირად ჩვენ გადავიქცევით ქვეყანად, სადაც არც კანონი სუფევს, არც ინსტიტუციები გვაქვს და აღარც კონსტიტუცია მოქმედებს“.
დავით ბაქრაძე – ევროპული საქართველო: „ეს ჩანაწერები არ ეხება ერთ კონკრეტულ საქმეს, კონკრეტულ თანამდებობის პირებს, კონკრეტულ უწყებებს, ეს ჩანაწერები ეხება ქართულ სახელმწიფოს და თითოეული ჩვენგანის მომავალს, იმიტომ, რომ თუ ამ ჩანაწერების ავთენტურობა დასტურდება, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში დღეს არ გვაქვს სახელმწიფო, არ გვაქვს სახელმწიფო ინსტიტუციები და ქვეყანა იმართება მაფიოზური მენტალიტეტის მქონე არაფორმალური გავლენის ცალკეული პირებისგან. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ, ჩვენს შვილებს ასეთ საქართველოში არ გაგვაჩნია და არ გვაქვს ღირსეულად ცხოვრების და მომავლის პერსპექტივა. დღეს მივიღეთ ბევრად უფრო მძიმე და ბევრად უფრო საშიში უკიდურესობა, როდესაც სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუციები პრაქტიკულად ჩამოშლილია და ქვეყანა იმართება ცალკეული ადამიანების მიერ, კრიმინალური მაფიოზური მენტალიტეტის გარჩევების, საკუთარი ბიზნესინტერესების გამოყენებით და მათ საფუძველზე. ეს სიტუაცია არის საგანგაშო. ეს ჩანაწერი ადასტურებს, რომ ქვეყანაში აღარ გვყავს პროკურატურა, ქვეყანაში არ არსებობს გამოძიება და ქვეყანა პრაქტიკულად გადაიქცა ჩამოშლილი ინსტიტუციების, ჩამოშლილი დემოკრატიის ფასადის უკან დამალული ადამიანების სამართავად. ამ სიტუაციას ქართულმა საზოგადოებამ უნდა გასცეს პასუხი. საუკეთესო პასუხი გახლავთ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც გაიმართება 12 დღეში. საზოგადოებამ უნდა აჩვენოს, რომ ის ხედავს გზას, როგორ წავიდეს საქართველო წინ და ეს გზა გახლავთ ამ არჩევნებზე ხელისუფლებისთვის უარის თქმა, ხელისუფლების კანდიდატისთვის უარის თქმა და არჩევა გზის, რომელიც წაგვიყვანს წინ, ამოგვიყვანს ამ ჭაობიდან“.
სალომე ზურაბიშვილი – მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი: „მე ვგრძნობ ძალიან დიდ უხერხულობას იმის შესახებ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ კიდევ სერიალების, ჩანაწერების საბჭოთა პერიოდში, როდესაც გაუთავებლად ვიღაც დებს რაღაც ჩანაწერს და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი პრეზიდენტობის დროს, მართლაც დასრულდება ეს საბჭოთა პერიოდი და ჩვენ აღარ ვიურთიერთებთ ამ რაღაცა ჩანაწერებით“.
დავით უსუფაშვილი – შენების მოძრაობა: „მირზა სუბელიანის მონათხრობი, სამწუხაროდ, არ გამკვირვებია და ადვილად ვირწმუნე „ავთენტურობაზე სამხარაულის დასკვნის“ გარეშეც… დიახ, სისტემა აქეთ მიექანებოდა! რადგან უძაღლო ქვეყანაში კატები ყეფენ, ჯობია, იქ გაწყდეს, სადაც წვრილია“ – ამ სათაურით ვწერდი წერილს ბიძინა ივანიშვილს 3 წლის წინ, როდესაც „ძალოვნებმა“ მორიგი შტურმი მოიტანეს ჩემზე. ჰოდა, მალე „წვრილიც გაწყდა“ და „კატებმაც“ ბოლომდე აიშვეს“.
შალვა ნათელაშვილი – ლეიბორისტული პარტია: „საუბედუროდ, ოლიგარქებმა ქართული სახელმწიფო გამოამწყვდიეს სარდაფში რის შედეგადაც მართლმსაჯულება, პოლიტიკა, წესები და კანონები აღესრულება მიწისქვეშეთში, გამომდინარე იქიდან ვის რამდენი მილიარდი უნდა რომ აწაპნოს ქვეყანას, სახელმწიფოსა და ჩვენს ხალხს. ჩემი გაპრეზიდენტება ბოლოს მოუღებს ქაოსს და ქართველ ხალხს დაუბრუნებს თავის სახელმწიფოს და ამოიყვანს მას მიწისქვეშეთიდან მზისქვეშეთში. საუბედუროდ, ყველაფერთან ერთად, დაბრუნდა ძველი დრო შექმნილია უკანონო შეიარაღებული ფორმირებები. ის არ შეუქმნია მარტო ფარცხალაძესა და სუბელიანს ასეთი ფორმირებები ჰყავს ოლიგარქთა მთელ რიგ წყებას. სახელმწიფო დაშლილია ფეოდალურ სამთავროებად, შეიარაღებულ ფორმირებებად“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)