Site icon Civil.ge

დავით ზალკალიანმა ლუქსემბურგში აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალი, ლუქსენბურგი, 15 ოქტომბერი, 2018, ფოტო: facebook.com/mfageorgia

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა 15 ოქტომბერს ლუქსემბურგში აღმოსავლეთ პარტნიორობის ყოველწლიურ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. მინისტერიალი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის თავმჯდომარეობით გაიმართა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა და მათმა კოლეგებმა ევროკავშირის 28 წევრი სახელმწიფოდან. მინისტერიალის მონაწილეებმა ევროკავშირის ინიციატივის „20 შედეგი 2020 წლისთვის“ განხორციელებაზე იმსჯელეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით შეხედულებები გაცვალეს, რომელიც რიგი ღონისძიებებით 2019 წლის განმავლობაში აღინიშნება.

შეხვედრის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელი პარტნიორები მიესალმნენ საქართველოს, როგორც რეგიონის „ლიდერს“ იმ „ხელშესახები შედეგების“ გამო, რომელსაც ქვეყანამ ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების, ასევე უვიზო რეჟიმის განხორციელების კუთხით მიაღწია.

„ჩვენი საბოლოო მიზანი არის [ევროკავშირის] წევრობა და წევრობისთვის აუცილებელია უფრო ქმედითი, გაბედული ნაბიჯების გადადგმა“, – განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა შეფასდა როგორც „მნიშვნელოვანი ფაქტორი“, რომელიც საქართველოს ევროკავშირში საბოლოო წევრობისთვის „ფუნქციონალურად“ მოამზადებს.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ მინისტერიალზე ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმომადგენლებმა განიხილეს „არა მხოლოდ სხვადასხვა ორმხრივი ურთიერთობები, რომლებიც ჩვენ გვაქვს, არამედ ის ერთობლივი სამუშაო, რომელსაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ვაკეთებთ“.

„აღმოსავლეთ პარტნიორობა ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარი კომპონენტია…ჩვენ არა მხოლოდ ეკონომიკურ სარგებელს ვიღებთ, როგორიცაა გაზრდილი ვაჭრობა ექვს პარტნიორ ქვეყანასა და ევროკავშირს შორის, არამედ გაძლიერებულ დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს და ფუნდამენტურ თავისუფლებებს“, – განაცხადა მან.

ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანმა, რომელიც მინისტერიალს ესწრებოდა, აღნიშნა, რომ ევროკავშირი და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები განაგრძობენ „ერთად მუშაობას კონკრეტული შედეგების მისაღწევად, კერძოდ, სასამართლო სისტემის რეფორმირების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის ხელშემწყობი გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებით“.

„ჩვენ დარწმუნებული ვართ იმ ფაქტში, რომ სწორ გზაზე ვდგავართ 20 შედეგთან დაკავშირებით, რომლის განხორციელებაც რეალურად დავიწყეთ“, – განაცხადა ჰანმა.

მინისტერიალის ფარგლებში, დავით ზალკალიანი ასევე შეხვდა ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრს, საიმონ კოვენის, რუმინეთის სახელმწიფო მდივანს, დან ნეკულაესკუს და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრს კარინ კნეისის.

აღმოსავლეთ პარტნიორობა 2009 წელს შეიქმნა ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპის ექვს პარტნიორ ქვეყანას (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა) შორის პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)