გლობალურმა ანტიკორუფციულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ 16 ოქტომბერს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ორგანიზაცია „შეშფოთებულია ბოლო პერიოდში საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების მზარდი ნიშნებისა და ხელისუფლების წამყვანი პირების მხრიდან სამოქალაქო სექტორზე სიტყვიერი თავდასხმის გამო“.
ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ „საქართველოს მთავრობამ თავი შეიკავოს უსაფუძვლო ბრალდებებისგან, რომლებმაც შეიძლება შეაფერხონ სამოქალაქო სექტორის სამუშაო პროცესი არჩევნებზე დაკვირვებისას“.
„მთავრობამ ასევე უნდა უზრუნველყოს მაღალი დონის კორუფციის იმ შესაძლო შემთხვევების სრულფასოვანი გამოძიება, რომლებზეც გავრცელებული აუდიო ჩანაწერები მიუთითებენ“, – ნათქვამია განცხადებაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თავმჯდომარის დელია ფერეირას განცხადებით, „მრავალი წლის განმავლობაში, საქართველო წამყვანი ქვეყანა იყო რეგიონში ანტიკორუფციული საქმიანობისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობის თვალსაზრისით“.
„ძალზე დასანანი იქნება, თუ საქართველოს მიერ კანონის უზენაესობის მხრივ მიღწეულ პროგრესს კლეპტოკრატიისა და კორუფციის დაუსჯელობისკენ სვლა ჩაანაცვლებს“, – განაცხადა მან.
პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, რომელიც საპრეზიდენტო კამპანიის დროს, ქართული ოცნების ერთ-ერთი მთავარი სპიკერია, არასამთავრობო სექტორი „პოლიტიკურად მოტივირებული“ და „მიკერძოებული“ განცხადებების გამო მწვავედ არაერთხელ გააკრიტიკა.
დღესვე „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ დღეს კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ორგანიზაციის თბილისის ოფისის აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა 13 ოქტომბერს „პირადი ანგარიშსწორების მუქარის“ შეტყობინება მიიღო და პროკურატურას გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართა.
„მუქარის შემცველი და ასევე შეურაცხმყოფელი პერსონალური შეტყობინებები სოციალური ქსელის მეშვეობით განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებმა, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარემ და ასევე რიგითმა დეპუტატებმა ბოლო კვირებში შეტევა წამოიწყეს სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
ამავე განცხადებით, „რეპუტაციის შემლახავი ამგვარი შეტევები აქტიურდება მაშინ, როცა სამოქალაქო სექტორი (როგორც წინა, ისე ამჟამინდელი) ხელისუფლების კრიტიკას ამძაფრებს”. განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ „ნებისმიერი კრიტიკა დაშვებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში, თუმცა როცა ეს უკვე მუქარის სახეს იძენს, ამ ფაქტს დაუყოვნებლივ რეაგირება სჭირდება“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)