ტელეკომპანია „იბერიამ“ 16 ოქტომბერს მაუწყებლობა შეაჩერა. არხის მენეჯმენტის განცხადებით, მაუწყებლობა შექმნილი ფინანსური პრობლემების გამო შეჩერდა.
წარწერა „ხელისუფლებამ დახურა იბერია!!!“ – არხის ეკრანზე გუშინ ღამით გაჩნდა. 16 ოქტომბერს, ეთერში აღარ გავიდა არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვება და მთავარი ტოქ-შოუ „თავისუფალი სივრცე“.
„იბერიას“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ვახო ხუზმიაშვილმა განმარტა, რომ ხელისუფლებამ მათი მუშაობის შესაჩერებლად ყველაფერი გააკეთა და „ამ ეტაპისტვის“ მათ ეს „წარმატებით მოახერხეს“.
„ახლა, რაც ხდება ტელეკომპანიაში, რომ ვერ გავა პოლიტიკური ტოქ-შოუები, ვერ გავა საინფორმაციო გამოშვება, ამაზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ქვეყნის ხელისუფლებას. ქვეყნის ხელისუფლებამ მოახერხა, რომ არჩევნებამდე 12 დღით ადრე, შეეჩერებინა ჩვენი მაუწყებლობა“, – განაცხადა მან.
მაუწყებლობის შეჩერების შესახებ კომენტარი „იბერიას“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ნატო ჩხეიძემაც გააკეთა. მისი თქმით, „ხელისუფლებამ მიაღწია იმას, რასაც 2 წლის განმავლობაში აკეთებდა და ემზადებოდა ამ დღისთვის. ძალიან სამწუხაროა ეს ვითარება არა მხოლოდ იბერიისთვის, არამედ ქვეყნისთვის, რადგან როდესაც ასეთი მეთოდებით ებრძვი მედიას, ეს არასოდეს სასიკეთოდ არ აისახება ხოლმე ხელისუფლების მოქმედებაზე“.
ტელეკომპანია „იბერიას“ თანამშრომლებმა ხელისუფლება ზეწოლასა და არხის მთავარი დამფინანსებელი კომპანიისთვის „ომეგა ჯგუფისთვის“ ფინანსური პრობლემების შექმნაში სექტემბრის დასაწყისში დაადანაშაულეს. მათ 10 სექტემბერს, პროტესტის ნიშნად, რამდენიმე საათით მაუწყებლობაც შეაჩერეს.
ტელეკომპანიის თანამშრომლების პროტესტს მალევე, მედიაში ფარული აუდიოჩანაწერების გავრცელება მოჰყვა. ჩანაწერებში „ომეგა ჯგუფის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი, სავარაუდოდ, ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილს ბიზნესის რეკეტსა და თანხის გამოძალვაში ადანაშაულებდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)