პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა „ტვინის გამორეცხვის პროპაგანდისტული კამპანიის“ განხორციელებისთვის გააკრიტიკა.
კობახიძემ ეს 16 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე მას შემდეგ განაცხადა, რაც წინა დღეს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა ფარული აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელიც, სავარაუდოდ, რამდენიმე მაღალჩინოსანს სხვადასხვა დანაშაულში ამხელს.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „რუსთავი 2“, „ნაციონალური მოძრაობის პარტიული ტელევიზია“, „რუსული სტილის ტვინის გამორეცხვის პოლიტიკას“ აწარმოებს, თუმცა დასძინა, რომ ეს კამპანია „წარუმატებლობისთვისაა განწირული“, რადგანაც „ვერანაირი Brain Washing-ი, ბუნებრივია, სიმართლეს ვერ დაფარავს“.
კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებული ჩანაწერები დადგმული და ნაციონალური მოძრაობის „ტვინის გამორეცხვის კამპანიის“ მაგალითია.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პირველი სპექტაკლი „ძალიან მალევე ჩავარდა, როგორც კი საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი სიმართლე და საბოლოოდ, გაირკვა ის, რომ ერთ კონკრეტულ ადამიანს სურდა ათეულობით მილიონის გადახდაზე უარის თქმა ბიუჯეტში“. „ახლა დაიწყო მეორე სპექტაკლი, რომელსაც ისევე გაეცემა პასუხი, როგორც გაეცა პასუხი პირველი სპექტაკლის ფარგლებში დასმულ შეკითხვებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მან საარჩევნო კამპანიაზეც ისაუბრა და გაიმეორა, რომ მმართველ პარტიას ევროპული სტილის საარჩევნო კამპანიის ჩატარება სურდა, თუმცა „პასუხად ვიღებთ სხვა რამეს ოპონენტებისგან. მათი პასუხი არის ისეთი კამპანია, რაც არის შორს ევროპული, დასავლური პოლიტიკური და საარჩევნო კულტურისგან“.
„ჩვენ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის შეურაცხყოფა სხვადასხვა ფორმით, აბსოლუტურად მიუღებელი ფორმით, ასეთი ფორმით ადგება შეურაცხყოფა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. მეორე მნიშვნელოვანი დარღვევა, გადაცდომა, ეს არის კანდიდატის მხარდამჭერებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მცდელობა“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „ეს მცდელობა არ არის წარმატებული“ და რომ ზურაბიშვილი „დამაჯერებელ გამარჯვებას“ მოიპოვებს.
იმავე დღეს, პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ისევ ისაუბრა. კობახიძემ აღნიშნა, რომ ნაციონალურ მოძრაობას „ვერ ექნება ილუზია საპრეზიდენტო არჩევნების მოგების“ და სანაცვლოდ „პროტო-რევოლუციურ სცენარს განიხილავენ“.
„ნაციონალურ მოძრაობას ნამდვილად არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ თუნდაც მინიმალურ დონეზე არიონ ქვეყანაში სიტუაცია. ეს შეიძლება იყოს მათი სურვილი, თუმცა ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ მათ ამის საშუალება არ მივცეთ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)