Site icon Civil.ge

სპეციალური პენიტენციური სამსახური სუბელიანის ცემის ფაქტს უარყოფს

ოისტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უარყო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი, წინასწარ პატიმრობაში მყოფი მირზა სუბელიანი, რომელმაც ქართული ოცნების მაღალჩინოსნები, სავარაუდოდ, სხვადასხვა დანაშაულის ჩადენაში ამხილა, ნაცემია.

ინფორმაცია სუბელიანზე ფიზიკური ზეწოლის შესახებ 18 ოქტომბერს Facebook-ის, მოგვიანებით კი, ტელეკომპანიებისა და ონლაინგამოცემების საშუალებით გავრცელდა.
ბრალდებების საპასუხოდ, პენიტენციურმა სამსახურმა მოკლე განცხადება გაავრცელა, სადაც სუბელიანის ცემის შესახებ ინფორმაცია „კატეგორიულად“ უარყო. სამსახურმა ასევე განაცხადა, რომ „ბრალდებული 24-საათიანი ვიზუალური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება“.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური მზადყოფნას გამოთქვამს, რომ თუკი დაცვის მხარეს აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების სურვილი აქვს, ბრალდებული მირზა სუბელიანი დაუყოვნებლივ მოინახულოს მისმა ადვოკატმა“, – ნათქვამია სამსახურის განცხადებაში.

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა, ნათია კუპრაშვილმა, რომელმაც პატიმარი გუშით გვიან ღამით მოინახულა, აცხადებს, რომ ინფორმაციას თავად მირზა სუბელიანიც უარყოფს.

კუპრაშვილმა განაცხადა, რომ მამაკაცს დაზიანებები აღენიშნება, რომლებიც სუბელიანის თქმით, მან 15 ოქტომბერს მიიღო, როდესაც თვითმკვლელობა სცადა. „პატიმარს აღენიშნებოდა მცირედი დაზიანებები ორივე ქვედა კიდურის არეში, იდაყვთან და კისრის მიდამოში“, – განაცხადა მან.

კუპრაშვილის თქმით, მან ტრავმების აღრიცხვის ჟურნალიც გადაამოწმა და ბოლო ჩანაწერი მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით 15 ოქტომბრით თარიღდება, როდესაც მან თვითმკვლელობა სცადა. „ამ ჩანაწერში არსებული დაზიანებები ზუსტად შეესაბამება მირზა სუბელიანის მიერ ჩემთვის ნაჩვენებ დაზიანებებს“, – დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)