Site icon Civil.ge

ქართული ოცნების კვლევით ზურაბიშვილი არჩევნებს პირველ ტურში იგებს

ფოტო: facebook.com/GeorgianDreamOfficial/

ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს პირველივე ტურში იგებს.

კვლევა ქართული ოცნების დაკვეთით მარკეტინგულმა კომპანიამ „ფსიქოპროექტმა“ ჩაატარა. 9-17 ოქტომბერს პირისპირ ინტერვიუების სახით, ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) 3 000 რესპონდენტი გამოიკითხა. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2.5%-ია. „ფსიქოპროექტის“ დირექტორი და 80%-იანი წილის მფლობელი ზურაბ ბიგვავა, პოლიტიკური მიმომხილველი და ქართული ოცნების ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია.

კვლევის შედეგები პარტიის შტაბბინაში 18 ოქტომბერს დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ წარმოადგინა. მისი თქმით, კითხვაზე „დღეს რომ არჩევნები გაიმართოს, ვის მისცემდით ხმას“ რესპონდენტების 27%-მა სალომე ზურაბიშვილი დაასახელა. შემდეგ მოდის გრიგოლ ვაშაძე (10 %) და დავით ბაქრაძე (9 %). სხვა კანდიდატებმა საერთო ჯამში 6 % მიიღეს.
მდინარაძის თქმით, ე.წ. ალოკაციის მეთოდით, რომელიც არჩევნების მოსალოდნელ შედეგს აჩვენებს, კანდიდატების მხარდაჭერის შემდეგი მონაცემები დაფიქსირდა: სალომე ზურაბიშვილი – 53%, გრიგოლ ვაშაძე – 19%, დავით ბაქრაძე – 17%; სხვა კანდიდატები – 11%.

აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით, ქართული ოცნების დეპუტატს ორი დასკვნა გამოაქვს: „სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში იგებს საპრეზიდენტო არჩევნებს და მეორე ადგილზე გასვლის თანაბარი შანსი აქვთ ნაციონალური მოძრაობის ორივე შტოს – ნაციონალური მოძრაობას და ევროპული საქართველოს კანდიდატებს“.
მდინარაძის თქმით, კვლევის შედეგებმა ასევე აჩვენა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების წინ ნაციონალური მოძრაობის მიერ დადგმული სპექტაკლები და სხვებზე გადაბრალების კამპანია „იმთავითვე წარუმატებლობისთვის იყო განწირული“.

„როგორც ჩანს, ნაციონალურმა მოძრაობამაც კარგად იცის რეალური სურათი და სწორედ ამიტომ ცდილობენ პროცესების რადიკალიზაციას, რეალობის მოდელირებას და მუდმივად აკეთებენ მინიშნებებს რევოლუციურ სცენარზე“, – განაცხადა დეპუტატმა.

„ხმათა 36%-ის მიღება იმ 2 კანდიდატის მიერ, რომელთა პოლიტიკური ძალა მხილებულია ადამიანების ღირსების შელახვაში, წამებაში, გაუპატიურებაში, ბიზნესის რეკეტში, ჩვენი ისტორიული რეგიონების რუსეთისთვის ჩაბარებასა და მრავალ სხვა მძიმე და სისტემურ დანაშაულში, არ წაადგება საქართველოში დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღებასა და პოლიტიკური კულტურის განვითარებას“, – დასძინა მანვე.

წინა კვლევები

ეს უკვე მეოთხე საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვაა, რომელიც 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე გამოქვეყნდა.

ევროპული საქართველოს დაკვეთით 15-22 სექტემბერს ჩატარებული კვლევის თანახმად, კითხვაზე ვის მისცემდნენ ხმას საპრეზიდენტო არჩევნებზე, რესპონდენტების 13.2%-მა დავით ბაქრაძეს დაუჭირა მხარი, მას 13 %-ით გრიგოლ ვაშაძე და (10.2 %-ით) სალომე ზურაბიშვილი მოსდევს.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩატარებული მეორე კვლევის (25 სექტემბრიდან – 4 ოქტომბერი) თანახმად, რესპონდენტების 26 %-მა გრიგოლ ვაშაძეს დაუჭირა მხარი, 14 %-მა სალომე ზურაბიშვილს, 12 %-მა დავით ბაქრაძეს, 7 %-მა კი, შალვა ნათელაშვილს.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად კი, რომელიც ორგანიზაციამ 23 ივნისიდან 8 ივლისამდე პერიოდში ჩაატარა, პოტენციური ამომრჩევლების 14%-მა მხარდაჭერა მმართველი პარტიის კანდიდატს გამოუცხადა, 12%-მა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს, ხოლო 7%-მა დავით ბაქრაძეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)