Site icon Civil.ge

ჩვენი აზრი: როგორი პოლონეთი გვარგია?

პოლონეთი ევროპის აღმოსავლეთით ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფოა და თუნდაც ამითაა მნიშვნელოვანი. თუმცა, ვარშავის გავლენა ევროპაში მხოლოდ ზომა-წონას არ ეფუძნება.

ლეხ ვალენსამ და „სოლიდარობის” მოძრაობამ აღმოსავლეთ ევროპაში კომუნისტების ბატონობას საფუძველი პირველებმა შეურყიეს, თანაც სისხლისღვრის გარეშე.
კომუნისტი ლიდერების მოშორების შემდეგ, პოლონეთმა სწრაფი და მტკივნეული ცვლილებებით ქვეყნის მრეწველობისა და ვაჭრობის გაჯანსაღება შეძლო, დემოკრატიული მმართველობა დაამკვირდა და ყველაფერი ამით ევროპულ დედაქალაქებში პატივისცემა მოიპოვა.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში ამ პატივისცემას გამოცდილებაც დაემატა და ევროკავშირსა თუ ნატოში ვარშავამ ნამდვილი გავლენა მოიპოვა.

მსოფლიო ომებში დიდი სახელმწიფოებს შორის მიერ ბევრჯერ გაჭყლეტილი პოლონეთი, საქართველოს დამოუკიდებლობის ბრძოლას ყოველთვის თანაგრძნობით ეკიდებოდა და ევროკავშირშიც და ნატოშიც ჩვენს საიმედო მეგობრად იქცა.

ლეხ კაჩინსკის ჩამოსვლა რუსეთთან ომის დროს, 2008 წლის აგვისტო-სექტემბრის თბილისში ყველას გვახსოვს.
მისი დაღუპვის შემდეგ, მომდევნო მთავრობამაც მეგობრული ხელი გამოგვიწოდა და ევროკავშირის „აღმოსავლეთის სამეზობლოს პოლიტიკის” ფარგლებში საიმედოდ გვერდზე დაგვიდგა.

ზოგჯერ ჩვენივე ბედოვლათობით, ზოგჯერ კი დასავლეთის დედაქალაქების უყურადღებობით გაფუჭებულ საქმეებშიც ვარშავა საქართველოს სახელით იბრძოდა, თავდებად გვიდგებოდა და გვიცავდა.

რატომ ახერხებდა პოლონეთი ჩვენს დახმარებას? იმიტომ, რომ მის ლიდერებს ენდობოდნენ და ყურს უგდებდნენ. სადაც ქართულ დიპლომატიას ფეხის მოკიდება და სიტყვის ჩაგდება უჭირდა – პარიზსა თუ ბერლინში – ვარშავის სიტყვა უფრო ჭრიდა ხოლმე.

ევროპისგან გარიყული, ბერლინთან დაპირისპირებული პოლონეთი საქართველოსთვის ცუდი ამბავია, შესუსტებული საყრდენია.

ისღა დაგვრჩენია, მეგობრებს ვუსურვოთ, რისხვა მოთოკონ და თავისი მომავლის შენებას კვლავაც გულდასმით და მშვიდად მიჰყვნენ. ევროპის წილი და წევრი პოლონეთი ჩვენთვისაც იმედია.