Site icon Civil.ge

პუტინი სააკაშვილზე და „ლუგარის ლაბორატორიაზე“ საუბრობს

ვლადიმერ პუტინი, სოჭი, 18 ოქტომბერი, 2018, ფოტო: facebook.com/ValdaiClub

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 18 ოქტომბერს განაცხადა, რომ უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლება „ანტი-სახელმწიფოებრივ და ანტი-სახალხო პოლიტიკას“ ახორციელებს, ისევე, როგორც ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა, როდესაც „სამხრეთ ოსეთს თავს დაესხა“.

„ამ უბრალოდ დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, საქართველომ მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაკარგა და ეს სააკაშვილის ქმედებების შედეგად მოხდა, ეს მისი მუშაობის შედეგი იყო“, – აღნიშნა პუტინმა და დასძინა, რომ დასანანი იქნებოდა, უკრაინის ლიდერებს „მისი ნაბიჯები რომ გაემეორებინათ“.

რუსეთის პრეზიდენტმა ეს განცხადება მოსკოვის ბაზაზე არსებული ანალიტიკური ცენტრის „ვალდაის სადისკუსიო კლუბის“ მე-15 ყოველწლიური შეხვედრის პლენარულ სხდომაზე გააკეთა. სხდომა 15-18 ოქტომბერს სოჭში გაიმართა და მასში მონაწილეობა 33 ქვეყნის დაახლოებით 130-მა ექსპერტმა მიიღო.

პუტინმა თბილისში აშშ-ის დახმარებით და დაფინანსებით ჩამოყალიბებული რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის წინააღმდეგ რუსეთის მიერ ბიოლოგიური იარაღის შემუშავებასთან დაკავშირებით გამოთქმულ ბრალდებებზეც ისაუბრა.

რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვერ იტყვის, თუ რამდენად სანდოა, საქართველოს უშიშროების სამსახურის ყოფილი უფროსის იგორ გიორგაძის განცხადებები, მაგრამ „ეს უდავოდ შეშფოთებას იწვევს“ მოსკოვში. „თუ ამგვარი სამუშაოები მართლაც მიმდინარეობს, ეს ძალიან სახიფათოა“, – განაცხადა პუტინმა.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პუტინის განცხადება 19 ოქტომბერს შეაფასა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება რამდენიმე დღეში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას ობიექტის დეტალური შესწავლისთვის საერთაშორისო, მათ შორის, რუსი ექსპერტების გამოგზავნის თხოვნით მიმართავს.

„ლუგარის ლაბორატორიის“ შესახებ მეტი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე – „ლუგარის ლაბორატორია“ და რუსეთის საგარეო უწყების ბრალდებები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)