Site icon Civil.ge

პრეზიდენტის ადმინისტრაცია მთავრობას „კონსტიტუციის უგულებელყოფისთვის“ აკრიტიკებს 

პრეზიდენტის სასახლე, ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციამ საქართველოს მთავრობა „კონსტიტუციის უგულებელყოფისა“ და ქვეყანაში არსებული „მძიმე“ პრობლემებიდან „განზე გადგომისა და გაქცევის“ გამო გააკრიტიკა.

ბრალდებებს წინ ბოლო პერიოდში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშრებით, მთავრობის სხდომის მოწვევის შესახებ პრეზიდენტ მარგველაშვილის თხოვნაზე მთავრობის უარი უძღოდა.

პრეზიდენტმა მთავრობას თხოვნით 16 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე მიმართა და მთავრობის სხდომაზე, მისი მონაწილეობით, „სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანი ფუნქციონირებისა და მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის საკითხების“ განხილვა ითხოვა.

პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ პრეზიდენტის თხოვნას მომდევნო დღეს უპასუხა. პრემიერ-მინისტრის საპარლამენტო მდივანმა ნათია მიქელაძემ განაცხადა, რომ ისინი მზად იყვნენ განეხილათ ეს თხოვნა, თუ კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით, თხოვნის წერილს ხელს პირადად პრეზიდენტი მარგველაშვილი მოაწერდა.

„კონსტიტუციის შესაბამისად, პრეზიდენტს აქვს უფლებამოსილება, რომ ცალკეული საკითხების განხილვის მიზნით, მიმართოს საქართველოს მთავრობას. ამ შემთხვევაში, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გამოუგზავნა წერილი მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს და ეს კანონმდებლობით დადგენილ წესს უკვე არ შეესაბამება“, – განაცხადა მან.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ კონსტიტუციის ამგვარი ინტერპრეტაცია „არაკომპეტენტურია“.

„პრეზიდენტმა მიმართა პრემიერ-მინისტრს და ეს ნახა მთელმა საქართველომ. სამწუხაროდ, ამ მიმართვის საპასუხოდ, ჩვენ ვხედავთ მთავრობის მცდელობას უგულებელყოს კონსტიტუცია და ამ ძალიან მძიმე ვითარებაში, რომელშიც იმყოფება ქვეყანა, განზე გადგეს და გაექცეს პასუხისმგებლობას“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ Civil.ge-ს 18 ოქტომბერს განუცხადა, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი განმეორებით თხოვნას არ წარადგენს.

  • ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც პრეზიდენტმა მარგველაშვილმა მთავრობას მისი მონაწილეობით სხდომის ჩატარება სთხოვა. 2014 წლის ნოემბერში, მან სხდომის ჩატარება საგარეო პოლიტიკური საკითხების განსახილველად ითხოვა. 2015 წლის ოქტომბერში მას მთავრობის სხდომაზე ენერგოუსაფრთხოების საკითხების განხილვა სურდა. მთავრობამ მისი არცერთი თხოვნა დააკმაყოფილა.
  • საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი უფლებამოსილია „ცალკეულ საკითხთა“ მთავრობის სხდომაზე განხილვა მოითხოვოს და ამ განხილვაში მონაწილეობა მიიღოს.
  • ახალი კონსტიტუციით, რომელიც ძალაში ახალი პრეზიდენტის ფიცის დადებიდან შევა, პრეზიდენტს ეს უფლებამოსილება აღარ ექნება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)