Site icon Civil.ge

ვეს მიტჩელი: უკრაინის და საქართველოს საფრთხეები პირდაპირი და ეგზისტენციალურია

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვეს მიტჩელი 18 ოქტომბერი, 2018, ფოტო: Atlantic Council

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვეს მიტჩელმა 18 ოქტომბერს ატლანტიკური საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია იმ წარმატების დანახვა, რომელსაც საქართველომ და უკრაინამ „როგორც დამოუკიდებელმა, დემოკრატიული ქვეყნებმა“ მიაღწიეს და რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამაში დაინტერესებულია.

„უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ხელი შევუწყოთ იმ ინსტიტუტების დემოკრატიისადმი მისწრაფებებს, რომლებიც ამ ქვეყნებში ყალიბდება და რეფორმების დღის წესრიგის წარმატება ვიხილოთ, რადგანაც თუ ამაში ვერ მივაღწევთ წარმატებას, ვფიქრობ, ყველაფერს წავაგებთ“, – განაცხადა მან.

ატლანტიკულ საბჭოში გამოსვლისას აშშ-ის სახემწიფო მდივნის თანაშემწემ ხაზი გაუსვა, რომ აშშ პატივს სცემს თავისი მოკავშირეების „ეროვნულ დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს“.

„როგორც სახელმწიფო მდივანმა [მაიკ] პომპეომ მკაფიოდ აღნიშნა, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და საქართველოს და ამას ამ სახელმწიფოებისთვის ჩვენ მიერ უზრუნველყოფილი დახმარება და შეიარაღება ცხადყოფს. ისევე როგორც წინა ათწლეულებში, ამერიკა განაგრძობს იმ ქვეყნების დახმარებას, რომლებიც საკუთარ თავს ეხმარებიან თავისუფლებისთვის ბრძოლაში“, – განაცხადა მან.

მიტჩელმა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში „დღევანდელ გეოპოლიტიკურ კონკურენციაზეც“ ისაუბრა, სადაც „ამერიკის მეტოქეები საკუთარ პოლიტიკურ, სამხედრო და კომერციულ გავლენას აფართოებენ“, ხოლო რუსეთი რეგიონში „სამხედრო ფაქტორად რჩება, „საქართველოსა და უკრაინაში შეჭრის შემდეგ“.

მას მიაჩნია, რომ „უკრაინისა და საქართველოს საფრეთხეები პირდაპირი და ეგზისტენციალურია და ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ სამხედრო საფრთხეებს მოიცავს, ასევე ძალისხმევას, რომ დაშალოს დემოკრატიული ინსტიტუტები, რომელთა აშენებასაც მოქალაქეები ცდილობენ“.

მიტჩელმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აშშ აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს საქართველოს შემადგენელ ნაწილებად მიიჩნევს და რომ რუსეთის დასავლეთთან ჩვეული ურთიერთობები არ აღდგება მანამ, სანამ ის საერთაშორისო ვალდებულებებს არ შეასრულებს.

მან ხაზი გაუსვა, რომ ნატო მზადაა, საქართველო ალიანსის მომავალ წევრად იხილოს, თუმცა „ეს ის პროცესი არ არის, რომელიც ამ ღამეს მოხდება“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)