პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სუფთა ტრანსპორტის შესახებ მთავრობის გეგმა წარმოადგინა, რომლის მიზანიც ქვეყნის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის განახლება და საწვავზე მომუშავე მანქანების გამოყენების ეტაპობრივი შემცირებაა.
სატრანსპორტო რეფორმის პრეზენტაცია 22 ოქტომბერს თბილისის გარეუბანში გაიმართა და მას ოფიციალური პირები, დეპუტატები, ექსპერტები და ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
პრეზენტაციაზე საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ „მწვანე ეკონომიკა“ მთავრობის მთავარი პრიორიტეტია, ხოლო სატრანსპორტო პოლიტიკა მისი რეფორმირების გეგმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ გეგმის ფარგლებში, მთავრობა იმედოვნებს, რომ 10 წელიწადში ქვეყნის ავტოპარკის 90 % ელექტრომობილებით შეიცვლება. ამისათვის, ბახტაძის განმარტებით, ელექტრომობილების იმპორტიორები კვლავ საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ. მან ასევე განაცხადა, რომ ამჟამად მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებს „ორ ყველაზე ცნობილ ბრენდთან, რომ საქართველოში აშენდეს ელექტრომობილების ქარხანა“.
„ეს არის ძალიან ამბიციური გეგმა, მაგრამ ამავე დროს, ეს გეგმა ძალიან დიდ უპირატესობას მოუტანს საქართველოს და ძალიან დიდ ღირებულებას შესძენს ჩვენს ეკონომიკას“, – განაცხადა ბახტაძემ და დასძინა, რომ საწვავზე მოთხოვნის შემცირება, რომელზეც „ჩვენი იმპორტის ყველაზე დიდი წილი მოდის“, ქვეყნის სავაჭრო დეფიციტის შემცირებასაც დაეხმარება.
ბახტაძემ თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ „ჩვენთვის მთავარი გახლავთ ის, რომ ჩვენ შევქმნათ ისეთი კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც საშუალებას მისცემს ჩვენს მოქალაქეებს, კომფორტულად და იაფად გადაადგილდნენ და შესაბამისად, მივიღოთ დამატებითი ღირებულება ჩვენს ეკონომიკაში“.
პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობამ მუნიციპალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით, რკინიგზისა და მეტროს ინტეგრირება გადაწყვიტა.
„დღეს ჩვენ ვაანონსებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს. შემოვლითი რკინიგზის ინფრასტრუქტურას ჩვენ გამოვიყენებთ და ავაშენებთ ახალ მეტროსადგურებს სამგორიდან ლილოს მიმართულებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც დამატებით სიცოცხლეს მოიტანს ჩვენს დედაქალაქში“, – განაცხადა ბახტაძემ.
მისივე თქმით, ახალი მარშრუტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტამდე მივა, მომავალში კი, თბილისს რუსთავთან დააკავშრებს.
პრეზენტაციაზე თბილისის მერმა კახა კალაძემაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დედაქალაქს ტრანსპორტის მხრივ ბევრი პრობლემა აქვს. მან განაცხადა, რომ მუნიციპალური მთავრობა ძალღონეს არ დაიშურებს ამ საკითხების მოსაგვარებლად და საზოგადოებრივი სატრანსპორტო სისტემის განახლების სამოქმედო გეგმა წარმოადგინა.
მან ასევე განმარტა, რომ დედაქალაქს სატრანსპორტო გეგმა წლის ბოლოსთვის ექნება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)