(გაზეთი „კლდე“, 20 ოქტომბერი, 1918, N6)
საქართველოსა და გერმანიის ეკონომიური ხელშეკრულობანი. *)
I. ფოთში დადებული საზოგადო
რადგან საქართველოს მთავრობამ გადასწყვიტა მოლაპარაკების გამართვა გერმანიის მთავრობასთან სესხის შესახებ, საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი გარეშე საქმეთა მინისტრი აკაკი ჩხენკელი და გერმანიის მთავრობის წარმომადგენელი გენერალ მაიორი ბავარიის სამეფო სამსახურში მყოფი ბატონი ფონ-ლოსოვი შეთანხმდნენ შემდეგში პირველ მნიშვნელობის ეკონომიურ საკითხთა და სესხის მოსაწესრიგებლად.
მუხლი I
საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ყველა არსებული ან შემდეგში გაყვანილი რკინის გზები საქართველოს ტერიტორიაზე შეადგენს საელმწიფოს საკუთრებას და ამ გზების ექსპლოატაცია, აგრეთვე მათი მეთვალყურეობა ეკუთვნის მხოლოდ სახელმწიფოს. აგრეთვე ფოთის ნავსადგური, რომელიც ქალაქის საკუთრებას შეადგენს და ეს უკანასკნელი განაგებს მას, გადადის სახელმწიფოს გამგეობაში.
თუ საქართველოს რკინის გზათა და აგრეთვე ფოთის ნავსადგურის შემოსავალით იქნება უზრუნველყოფილი ასაღებ სესხის პროცენტები, მაშინ დაწესდება გერმანულ-ქართული კომისია, რომელსაც დავალებული ექნება კონტროლი გაუწიოს რკინის გზათა და ფოთის ნავსადგურის ექსპლოატაციას.
მუხლი II
საქართველოს მთავრობა ვალდებულია კანონიერად გადასცეს სახელმწიფოს მთელი სამთო მრეწველობითი დამუშავებული, მადნეულობა საქართველოს მიწიდან ამოღებული, და დამუშავება მათი გადასცეს მხოლოდ სახელმწიფოს კონტროლ ქვეშ მყოფ წარმოებას, რომლის აქციები ეკუთვნის საქართველოს და გერმანიას სანახევროდ.
ამ მიზნისათვის საქართველოს სამთო კანონმდებლობით გამოიცემა სათანადო განკარგულებანი სამთო წარმოებათა გამოსასყიდათ, რომელნიც ეხლა წარმოებაშია, აგრეთვე სამთო სიმდიდრეთა დამუშავების უფლებათა გამოსასყიდათ; გამოსყიდვა მადნის დამუშავების არსებულ უფლებათა, რამდენადაც შესაძლებელია, უნდა თავისუფალ შეთანხმებით მოხდესწარმოების პატრონთან. საქართველოს მთავრობა ვალდებულია არ შეზღუდოს სამთო სამრეწველოს ნაწარმოებ მადნის გაზიდვა არც აკრძალვით და არცგასაზიდავ ბაჟით.
მუხლი III
საქართველოს მთავრობა ვალდებულია მთელის ომის განმავლობაში მხოლოდ გერმანიას მისცეს ნება საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ნედლი მასალის ყიდვისა, რაც ქვეყნის შინაურ საჭიროებას გადარჩება, და არ დააბრკოლოს ამ მასალის გაზიდვა ან აღკრძალვით, ან განსაკუთრებულის ბაჟით.
მუხლი IV
გერმანია ვალდებულია რაც შეიძლება ჩქარა მოაწყოს გემთა მიმოსვლა საქართველოსა და გერმანიას შორის, რაც შეძლებისდაგვარათ გააადვილებს მზა და ნახევრად დამზადებულ საფაბრიკო საქონლის შემოტანას საქართველოში, და შესაძლებელი გაჰხადოს საქართველოში ცხოვრებისათვის საჭირო სურსათის შემოტანა.
ამის დასამოწმებლად ამ შეთანხმებაზე საკუთარს ხელს აწერენ სრულუფლებიანი წარმომადგენელნი: ა. ჩხენკელი ფ. ლოსოვი.
ფოთი 28 მაისი,
1918 წ.
*) ვბეჭდავთ ბერლინის კორესპონდენტის გადმოცემით. ამას გარდა ბერლინში ხელმოწერია ოთხი სპეციალური ხელშეკრულება: შავი ქვის, ჭიათურის რკინის გზისა, ფოთის ნავთსადგურისა და 50 მილიონი საგარეო სესხის შესახებ. ეს ხელშეკრულობანი ცალკე იქნება დაბეჭდილი გაზეთ “კლდე”-ში. რედ.
II ბერლინში დადებული საზოგადო:
საქართველოს მთავრობა, რომლის წარმომადგენლებიც არიან გარეშე საქმეთა მინისტრი აკაკი ჩხენკელი და დელეგაციის წევრები დოქტორი ნ. ნიკოლაძე და დოქტორი თავ. ზურაბ ავალიშვილი, ერთის მხრივ, და გერმანიის სახელმწიფო მდივანი სახელმწიფო სამიწათმოქმედო გამგეობისა მისი ამხანაგის დოქტორი გოპპარტიის პირით მეორეს მხრივ, შეთანხმდნენ შემდეგში იმ ხელშეკრულებათა შესახებ, რომელნიც დადებულია „საქართველო სამარგანეცო სააქციონერო საზოგადოებისა“, „ჭიათურის რკინის გზის სააქციონერო საზოგადოებისა“ და „ფოთის ნავსადგურის საექსპლოატაციო სააქციონერო საზოგადოების“ დასაარსებლად საქართველოს მთავრობასა და შემდეგ გერმანულ ფირმათა შორის:
1) „გერმანია ლიუქსემბურგის სამთო მრეწველობისა და სამადნოსააქციონერო საზოგადოება“, რომლის წარმომადგენლები არიან სამთო მრეწველობის დირექტორი ასესორი ი.დ. ესმან ვენცელი, 2) „კრუპპის სააქციონერო საზოგადოების ფირმა“, რომლის წარმომადგენელი არის ასესორი დოქტორი მაქს ვომბერგი, 2) „გელზენკირხენის სამთო-მრეწველობის სააქციონერო საზოგადოება გელზენკირხენი”, რომლის წარმომადგენელია დირექტორი გუგო შაივარი, 4) „სააქციონერო საზოგადოება პამბორნი“ რომლის წარმომადგენელია ფრიზ ტისსანი, 5) „სამთო მრეწველობის და სამადნო სააქციონერო საზოგადოება ებერჰაუზენი“, რომლის წარმომადგენელია დირექტორი ოტტო ჰოლცი, და 6) „კავკასიის სამადნო საზოგადოება ჰამბურგი“ რომლის წარმომადგენელია სიგიზმუნდ ვერენდა.
§ I
საქართველოს სახელმწიფოს ექნება სახეში ადგილობრივ კანონების გამოცემა, რათა აწესრიგოს სახელმწიფოს წყლების სარგებლობა სამთო მრეწველობის მიზნებისათვის ამ მრეწველობის საჭიროებათა თანახმად.
§ II
შეფარდებას და გამოყენებას წყლის საჭირო ძალთა ენერგიისას ფერრომარგანეცის გამოსადნობად და სხვა ფერრომარგანეცურ შენაერთთათვის საქართველოს მთავრობა მისცემს იმავე წრეთ და აგრეთვე სხვებს, უპირატესად გერმანეთისას იმავ საფუძველთა ძალით, რომელზედაც მოწყობილია ქართული სამარგანეცო საზოგადოება.
§ III
ზევით ჩამოთვლილ ხელშეკრულებათა დადებასთან ერთად, პირველი შეთანხმება 1918 წლის მაისის 28-ისა, რომელიც დაემატა ქალაქ ფოთში მომხდარ ხელშეკრულობას, დადებულს გერმანიის საიმპერატორო მთავრობისა და საქართველოს მთავრობის შორის, ძალას არ ჰკარგავს.
§ IV
სამიწათმოქმედო სამინისტრო (სამიწათმოქმედო სახელმწიფოს გამგეობა) იტოვებს 40% იმ კაპიტალისას, რომელის ეკუთვნის გერმანულ კაპიტალს ფოთის ნავსადგურის საექსპლოატაციო სააქციონერო საზოგადოებას სამარგანეცო ვაჭრობიდან, აგრეთვე სხვა სამრეწველო და სავაჭრო სანაოსნო საზოგადოებიდან, და თვითონ ტვირთულობს კაპიტალის განწესებას.
§ V
მარგანეცი, რომელიც შეძენილია ბერლინის სამარგანეცო საზოგადოების მიერ და არ არის გატანილი ამა წლის 1-ელ ოქტომბრამდე, შეიძლება გატანილ იქნას დაუბრკოლებლივ ამ საზოგადოების მიერ შემდეგშიაც. ამ მარგანეცის რაოდენობაზე არა ვრცელდება „საქართველოს სააქციონერო საექსპორტო საზოგადოების მონოპოლიური უფლება; მაგრამ მარგანეცი და მარგანეცული კონცენტრატები, რომელიც გაიზიდება ბერლინის სამარგანცო საზოგადოების მიერ 1918 წლის 1 ელ ოქტომბრის შემდეგ, იბეგრება სრულად ყველა იმ გადასახადებით, რომელსაც ახდევინებენ ქართულ სამარგანცო საზოგადოებას და ფოთის ნავთსადგურის საექსპლოატაციო საზოგადოებას იმდენად, რამდენადაც ისარგებლებს შორაპან-ჭიათურა-საჩხერის რკინის გზით, აგრეთვე იმ გადასახადებით, რომელიც ეძლევა ამ საზოგადოებებისაგან საქართველოს სახელმწიფოს. ფოთის ნავთსადგურის ტერიტორიით და გადაბარგვის მოწყობილობით სარგებლობაში, აგრეთვე ფოთის ნავსადგურის საექსპლოატაციო საზოგადოების დახმარებისათვის უნდა გადახდილ იქმნას ხოლმე ამისათვის დადგენილი გადასახადები.
საქართველოს მთავრობა სცნობს ამ ხელშეკრულობებს თავისთვის სავალდებულოდ მაშინ, როცა შესდგება შეთანხმება სესხის თაობაზე, რომლის შესახებ სწარმოებს ეხლა მოლაპარაკებანი, და როცა გამოირკვევა საქართველოს რესპუბლიკის და გერმანიის იმპერიის პოლიტიკური დამოკიდებულებანი.