შემოსავლების სამსახურმა 22 ოქტომბერს საქალაქო სასამართლოდან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი უკან გაიწვია, რის შედეგადაც, უნივერსიტეტის ქონებაზე დადებული ყადაღაც მოიხსნა.
აღნიშნული გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ არსებული დავალიანების (715 ათასი ლარი) გადახდის შემდეგ მიიღო.
„შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ დღეის მდგომარეობით, დავის გაგრძელების კანონიერი ინტერესი არ არსებობს. შესაბამისად, მივიღეთ სარჩელის გამოთხოვის გადაწყვეტილება, თუმცა ეს არ გულისხმობს სარჩელზე საბოლოოდ უარის თქმას“, – განაცხადა შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა ნინო სოხაშვილმა. მანვე განმარტა, რომ ახალი დავალიანების წარმოშობის შემთხვევაში, უნივერისტეტთან დავა კვლავ გაგრძელდება.
უნივერსიტეტის იურისტის მარიამ ჩიქოვანის შეფასებით, შემოსავლების სამსახურმა „აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება“ მიიღო „ვინაიდან აღარ არსებობდა აღარანაირი იურიდული საფუძველი“, ხოლო „ეს ყადაღა თავიდანვე არასწორად იყო დადებული“. მისი თქმით, უნივერსიტეტს უფლება აქვს „ნორმალური ფუნქციონირება განახორციელოს“.
უნივერისტეტის საკითხს უახლოეს კვირაში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი განიხილავს. Civil.ge-ს ცენტრში განუცხადეს, რომ 15 ოქტომბერს ცენტრთან არსებული სააპელაციო საბჭოს სხდომა გაიმართა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერისტეტის საკითხი ავტორიზაციის საბჭოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა. ცენტრის განმარტებით, ავტორიზაციის საბჭოს სხდომა უახლოეს დღეებში გაიმართება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)