წმინდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობების მდივანი, მთავარეპისკოპოსი პოლ რიჩარდ გალაჰერი 21-24 ოქტომბერს საქართველოს სტუმრობს. დღეს ის თავის ქართველ კოლეგას დავით ზალკალიანს შეხვდა და „შესანიშნავ ორმხრივ ურთიერთობებს“ მიესალმა.
„საქართველო, როგორც იცით, ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ქრისტიანული სარწმუნოება მიიღო და მას რომის პაპებთან ურთიერთობების ხანგრძლივი ისტორია აქვს“, – განაცხადა გალაჰერმა დავით ზალკალიანთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე და ხაზი გაუსვა, რომ წმინდა საყდარი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა.
თავის გამოსვლაში მთავარეპისკოპოსმა 2008 წლის ომით დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების გამო წუხილი გამოთქვა. მან ხაზი გაუსვა, რომ წმინდა საყდრის პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ „უცვლელი რჩება“.
თავის მხრივ, ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა გალაჰერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ვიზიტი ორმხრივ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მთავარეპისკოპოსი პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს, პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია მეორეს და ადგილობრივ კათოლიკურ მრევლსაც შეხვდება. ის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთსაც ეწვევა და თბილისში გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.
გალაჰერი ვატიკანის მეხუთე წარმომადგენელია, რომელიც საქართველოს ბოლო 30 წლის მანძილზე სტუმრობდა. 2016 წლის სექტემბერში, საქართველოს რომის სპაპი, ფრანცისკე ესტუმრა, მისი წინამორბედი იოანე პავლე II კი, თბილისში 1999 წლის ნოემბერში იმყოფებოდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)