(გაზეთი „საქართველო“, 6 ოქტომბერი, 1918, N187)
4 ღვინობისთვის სხდომა
თავმჯდომარეობს ნ. ჩხეიძე
რა სახელი უნდა დაერქვას საქართველოს პარლამენტს?
წარსულ სხდომაზედ მიღებულ კანონ-პროექტთა სარედაქციო კითხვის შემდეგ, ეროვნული საბჭო გადადის საკონსტიტუციო კომისიის კანონპროექტის განხილვაზედ საქართველოს ეროვნულ საბჭოს სახელწოდების შესახებ. კომისიის მხრით მომხსენებელია პავლე საყვარელიძე (ალიონელი).
პავ. საყვარელიძის სიტყვა
საკონსტიტუციო კომისიის წინადადება
საკონსტიტუციო კომისია წინადადებით შემოდის ეროვნულ საბჭოში, რათა შეცვლილ იქმნეს ჩვენი პარლამენტის სახელი. ამ საკითხს, მართალია დიდი პრინციპიალური მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ მაინც საჭიროა მისი ყურადღებით განხილვა.
„რესპუბლიკის დარბაზი“ თუ „საქართველოს პარლამენტი“?
საკონსტიტუციო კომისიაში იყო მრავალი წინადადება, სხვათა შორის სოც.-დემ. ფრაქციამ შემოიტანა წინადადება, რომ ეროვნულ საბჭოსთვის სახელად პარლამენტი დაგვერქმია. საკონსტიტუციო კომისიამ უარჰყო ეს წინადადება და ერთხმად შეჩერდა „რესპუბლიკის დარბაზზე“.
მთელს დედამიწის ზურგზედ, სადაც კი დემოკრატიული წყობილება და პარლამენტარიზმია დამყარებული, პარლამენტი ჰქვია ყველგან საკანონმდებლო დაწესებულებათ და ჩვენის მხრით პარლამენტის დარქმევა ნიშნავდა არაფრის დარქმევას.
მთელს დედამიწის ზურგზედ ვერ ნახავთ პარლამენტს, რომელსაც თავისი საკუთარი სახელი არ ერქვას.
მაგალითად გერმანეთის პარლამენტს ჰქვია რეიხსტაგი, საფრანგეთის chambre de deputaits, ავსტრიისას რიხსტრატი და სხვა.
მაგალითად, შვეიცარიაში ორივე საკანონმდებლო ორგანო რომ შეაერთოთ, გამოვა პარლამენტი.
ასეა ყველგან და საქართველო რად უნდა იყოს გამოყოფილი და დაერქვას ის, რაც არსად არ ჰქვია.
არ შეიძლება ძველი სახელის დატოვება, რადგან ჩვენი საბჭო აღარ არის მარტო ქართული, არამედ აქ არის წარმომადგენლობა სხვა ერთა და მის სახელწოდებაშიც ეროვნული ელემენტი უნდა მოხსნილ იქმნას.
კომისიამ ერთხმად დარბაზი მოიწონა. აღსანიშნავია აგრეთვე, რომ ზოგიერთი ფრაქციები ამ სახელის წინააღმდეგია, მაგრამ კომისიაში ყველა ფრაქციათა წარმომადგენელთა მიერ იგი ერთხმად იყო მიღებული.
დარბაზი – პალატა – საბჭო
ზოგიერთნი იცავენ „საქართველოს პალატას“ და არიან მომხრენი „რესპუბლიკის საბჭოს“-იც. მე როგორც კომისიის წარმომადგენელი ვიცავ დარბაზს.
არის სამი წინადადება, რომელიც სხვებზედ უფრო მისაღებია:
დარბაზი, პალატა, საბჭო.
დარბაზი იგივე პალატაა:
დარბაზი ნიშნავს დიდ ოთახს პალატაც იგივე მცნებას შეიცავს.
საბჭო, ბატონებო, დღეს აურაცხელ დაწესებულებათ ქვია: მუშათა საბჭო, სასურსათო საბჭო, ქალაქის საბჭო და სხვა. შემცდარი არ ვიქნებით, რომ ვსთქვათ, დღეს საღამოს ქალაქში 10 საბჭოს კრება მაინც შესდგება. პარლამენტის სახელი კი უნდა იყოს ისეთი, რომ ყველა სხვა დაწესებულებათა სახელს ფარავდეს.
დარბაზი, ჩვენი ისტორიკოსების და მცოდნე პირთა ცოდნით ძველი სახელია და ამ მცნებას გამოხატავდა ძველად. ამ სახელში არის სახელმწიფოებრიობის მცნება.
ამასთან იგი განსხვავებულია სხვა პარლამენტის სახელებისაგან და შნოიანიც არის.
ნოე ჟორდანია და პარლამენტარიზმი
შეიძლება, ბატონებო, მომავალში ჩვენ პარლამენტარიზმი უარვყოთ. შესანიშნავი მწერალი და პუბლიცისტმა ნოე ჟორდანიამ ამას წინეთ სახალხო სახლში წაიკითხა საქართველოს სახელმწიფოს შესახებ და სთქვა, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოს პარლამენტარიზმი არ ეგუებაო. შეიძლება მომავალში ეს ასე იყოს, მაგრამ მარტო სახელით არ შეიძლება დამტკიცება ამ პარლამენტარიზმის.
„დარბაზი“ უცხო სიტყვააო
„დარბაზის მოწინააღმდეგენი ამბობენ, რომ ეს სიტყვა უცხოაო, მაგრამ განა პარლამენტი ქართულია?
ეს სიტყვა მართალია სპარსეთიდან არის შემოსული, მაგრამ სავსებით გადმოქართულებულია ისე, როგორც მრავალი სხვა სიტყვა ქართულ ლექსიკონში შემოსული.
ზოგიერთი ამბობს, როგორ შეიძლება დარბაზი დავარქვათ, როდესაც ეს სახელი ოთახს ნიშნავს.
საფრანგეთის პარლამენტს ჰქვია chambre des deputaite და სიტყვა chambre ნიშნავს სწორედ ოთახს და ეს სახელი პარლამენტს სრულებით არ ეუცხოვება.
„დარბაზს“ მონარქიზმის სუნი უდის.
სოციალ-ფედერალისტებისაგან გავიგეთ, რომ დარბაზს თურმე მონარქიზმის სუნი უდის; და ეს სუნი იქიდან წარმომდგარა, რომ ძველად დარბაზი მეფეების დროს ყოფილა. საქმე ის კი არ არის, რა დროს ყოფილა ეს სახელი, საქმე იმაშია, ეხლა არა უდგათ ესეთი სული ამ დაწესებულებას, თორემ ძველი დროის ამბავს მნიშვნელობა არ აქვს.
პირიქით, არიან ისეთი საკითხები, როგორიც აი ეს საკითხია, სადაც ტრადიციას დიდი მნიშვნელობა აქვს.
„დარბაზი“ პოპულიალური არ არის.
„პარლამენტის“ მომხრენი ამბობენ, რომ დარბაზი ხალხში პოპულიალური არ არის. ბატონებო! „პარლამენტი“ პოპულიალურია ხალხში? ჩვენში ყველამ იცის თუ რას ნიშნავს სიტყვა „დარბაზი“ და რა მნიშვნელობა ექნება მას, როგორც საკანონმდებლო დაწესებულებას, ჩვენ ავუხსნით.
ინტერნაციონალური სახელი.
პარლამენტის მომხრენი ამბობენ აგრეთვე, რომ სახელი უსათუოთ ინტერნაციონალური უნდა იყოსო.
ჩვენ ინტერნაციონალიზმი სხვანაირად გვესმის!
ჩვენ ინტერნაციონალისტები ვართ, მაგრამ ჩვენი ეროვნული განსხვავებაც უნდა გვქონდეს.
რაც გინდათ დაარქვით, ოღონდ პარლამენტს ნუ დაარქმევთ.
როგორც კომისიის წევრი, მე ვიცავ დარბაზს, მაგრამ როგორც საბჭოს წევრი, ვამბობ, რომ დაარქვით, რაც გსურდეთ: საბჭო, პალატა, ან სხვა რაიმე, ოღონდ პარლამენტს ნუ დაარქმევთ. ამის დარქმევას სრულებით რომ არაფერი დაარქვათ, ისა სჯობია (ტაში მარჯვნივ და ცენტრში „ალიონელთა“ სკამებზე).
სოც.-დ. ალ. ლომთათიძის სიტყვა
მე მეგონა, რომ ეს საკითხი დიდ კამათს აქ არ გამოიწვევდა, მაგრამ მომხსენებლის შემდეგ ორიოდე სიტყვა უნდა ვთქვა: რაც მეტი ამტკიცა ბ-ნმა პავლე საყვარელიძემ „დარბაზის“ უპირატესობა, მით უფრო დაამტკიცა, რომ ეს სახელი ჩვენს საკანონმდებლო ორგანოს არ შეეფერება.
სანაძლეოს დავდებ, თუ ასში ორმა კაცმა იცის ამ სიტყვის მნიშვნელობა. ჩვენ უნდა დავდგეთ პრაქტიკულ ნიადაგზედ და ის სახელწოდება უნდა მივითოთ, რომელიც ხალხისთვის გასაგები იქნება.
დარბაზი დიდი თავლაა, სადაც ცხენები აბია
ბ-ნმა მომხსენებელმა ბრძანა, რომ არც ერთი სახელმწიფო არ არსებობს, რომელსაც პარლამენტისთვის თავისი ეროვნული სახელი არ დაერქვასო – მე მგონია ეს მოსაზრება სრულებით მხედველობაში მისაღები არ არის.
პარლამენტი ესმის ჩვენ ხალხს, ხოლო დარბაზი კი ყველამ იცის, რომ არის დიდი თავლა, სადაც ცხენები აბია (ხანგრძლივი სიცილი, თითქმის ყველა სკამზებზედ გარდა ზოგიერთ ს.-დემოკრატებისა) დეე ნუ გაიგებს ამას ისე, თითქოს თავლა იყოს, დეე ოთახად გაიგოს და მერე რა მიზანს მიაღწევთ? პარლამენტის დარქმევა პარლამენტარიზმის განმტკიცება იქნება. პარლამენტის დარქმევა – პარლამენტარიზმის ჩანერგვა იქნება ხალხის გულში და ეს მოსაზრება კიდევაც მოგახსენეთ კომისიაში, როდესაც სოც.-დემ. ფრაქციის წინადადება შემოვიდა. ჩვენ ამ წყობილების დამყარებისათვის დიდი ბრძოლა დაგვჭირდა და ის ღრმად უნდა აღიბეჭდოს ხალხის გულში.
„საქართველოს პარლამენტი“ მხოლოდ ერთი იქნება ქვეყანაზედ
„დარბაზის“ სახელმწიფოებრიობის მცნება გამოიხატება იმაში, რომ მეფობის დროის ნაშთია და განა ეს არის უპირატესობა? „საქართველოს პარლამენტი“, მე თქვენ გარწმუნებთ, რომ არცერთი ქვეყნის საკანონმდებლო დაწესებულებას არ ერქმევა და ამით მივაღწევთ სახელის განსხვავებასაც, რომელიც ბ-ნ საყვარელიძეს ასე აწუხებს.
წინადადება
ლაპარაკი ამის შესახებ ზედმეტია. სოც.-დემ. ფრაქციის სახელით შემომაქვს წინადადება, რომ საკონსტიტუციო პროექტი უარყოფილ იქმნას და ჩვენს საკანონმდებლო დაწესებულებას სახელათ დაერქვას „საქართველოს პარლამენტი“.
ი. ჩერქეზიშვილი (ს.რ.)
იმერული ჩვეულება
სიტყვა პარლამენტი ზოგადი ხასიათისაა და ამ საკითხში ჩვენ ვეთანხმებით მომხსენებელს, რომ მას საკუთარი სახელი უნდა ერქვას. იმერეთში გამიგონია, რომ ბავშვს ლამაზი სახელის დარქმევით „პაროვოზ“-ს, ან სხვა რაიმე ასეთს არქმევდნენ და ესეთი რამე, რასაკვირველია, ჩვენს საკანონმდებლო ორგანოს არ შეეფერება.
პარლამენტის სახელწოდების საკითხი დამფუძნებელი კრების საქმეა
ჩვენ სხვა წინადადება გვსურს შემოვიტანოთ: პარლამენტისთვის სახელის დარქმევა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს – დამფუძნებელი კრების საქმეა და მის მოწვევამდე დავტოვოთ ძველი სახელი. ამ ცოტა ხანში იმდენი ცვლილებანი მოხდა ჩვენს უმაღლეს ორგანოებში, რომ ხალხს აერევა ყველაფერი. დავტოვოთ ძველი სახელი, ხოლო ამოვიღოთ სიტყვა ეროვნული, რომელიც მას შემდეგ, რაც აქ სხვა ერთა წარმომადგენელნი შემოვიდნენ მას აღარ შეეფერება და მის მაგივრად შევიტანოთ სიტყვა სახალხო. ამრიგათ გამოვა „საქართველოს სახალხო საბჭო“.
შალვა მიქელაძე (ს.-ფ)
ჩვენი ფრაქციის უმრავლესობა ორივე წინადადების წინააღმდეგია, როგორც „დარბაზის“, ისე „პარლამენტის“! ჩვენ ვფიქრობთ, რომ თვით სიტყვას „საბჭოს“ იმდენათ აქვს მოპოვებული უფლება რომ იგი უსათუოდ უნდა დარჩეს და ამის და მიხედვით შემოგვაქვს წინადადება ეროვნულ საბჭოს სახელი „რესპუბლიკის საბჭოთი“ შეიცვალოს. ამ საკითხში ფრაქციის წევრთ სრული თავისუფლება აქვთ მინიჭებული.
რევაზ გაბაშვილის სიტყვა
ცხენებს დარბაზში არავინ არ აბამს
მე არ გამოვდივარ ფრაქციის სახელით. პავლე საყვარელიძემ სავსებით „დაასაბუთა“ დარბაზის უპირატესობა და სრულიად გაუგებარია რატომ სურს სოც.-დემ. ფრაქციას თავზედ მოგვახვიოს თავისი აზრი.
საქართველოში 100-ში ორ კაცს ვერ ნახავთ ისეთს, რომელმაც არამც თუ იცოდეს, არამედ არ იცოდეს, თუ რას ნიშნავს სიტყვა დარბაზი.
ალ. ლომთათიძე (ადგილიდან) ქართლში არ ამბობენ?
რ. გაბაშვილი: ქართლის ამბავი მე თქვენზედ უკეთ ვიცი და არასდროს არავის უფიქრია, რომ იქ ცხენების დაბმა შეიძლებოდეს. პირიქით, ყველას აქვს წარმოდგენილი, როგორც წარჩინებული ბინა.
სოციალ-დემოკრატები არ იცნობენ ხალხს.
ბ-ნი ლომთათიძე ბრძანებს, რომ პარლამენტი პოპულიარულია ხალხშიო. ბ-ნო ალექსანდრე! პოპულარული ის კი არ არის რასაც მე და თქვენ გავიგებთ, არამედ ის, რასაც სწორეთ popue-ი გაიგებს და იმას კი ეგ თქვენი პარლამენტი არ ესმის.
მაგრამ საქმე იმაში გახლავთ, რომ ჩვენი სოც.-დემოკრატიის ლიდერები ასე კარგათ იცნობენ ხალხს (სიცილი მარცხნით და ცენტრში).
დარბაზი მეფეებისაგან არის შემოღებულიო.
დარბაზი მეფეებისგან არის შემოღებულიო – თქვენ რასაკვირველია ასე აუხსნით ამ ხალხს და მისთვის პოპულარული აღარ იქნება. მაგრამ ისიც აუხსენით, რომ პარლამენტიც მეფის დროს არის შემოღებული.
„საბჭო“
ესერები და ფედერალისტები საბჭოს უპირატესობას სცნობენ. აქ ჩამოთვალეს მრავალი საბჭოები: მუშათა, გლეხთა, ჯარისკაცთა – ეს სახელები ჩვენთვის, რასაკვირველია ფრიად სასიამოვნოა, მაგრამ გაიხსენეთ ისიც, რომ არსებობს საკათალიკოსო საბჭოც, სამიტროპოლიტო საბჭო და ამასთან დაკავშირებულია მიტროპოლიტების, ეპისკოპოსების სახელებიც და შეიძლება ამის გახსენებამ ცოტა გული იქით მიგიბრუნოთ (საერთო სიცილი).
დარბაისელნი.
„დარბაზს“ აქვს ერთი საყურადღებო მხარე, რომელიც მეც მაფიქრებს: დარბაზის წევრებს სახელად დარბაისელნი ერქვათ და ესევე იქნება ალბათ ჩვენშიც და რამდენათ შეეფერება ეს ზოგიერთი ჩვენი პარლამენტის წევრებს, თქვენ თითონ განსაჯეთ. (სიცილი, ტაში).
თავმჯდომარის შენიშვნა
თავმჯდომარე: საბჭოს წევრო გაბაშვილო! როდესაც ეროვნულ საბჭოს წევრთა შესახებ ლაპარაკობთ, გთხოვთ შეუფერებლად არ მოიხსენიოთ ისინი.
ექვთიმე თაყაიშვილის სიტყვა:
ტრიბუნაზედ ადის ეროვნულ საბჭოს თავმჯდომარის ამხანაგი ექვთიმე თაყაიშვილი (ნ.დ);
ძნელათ თუ ვისმეს უყვარს უცხო სიტყვების ხმარება ისე, როგორც ქართველებს
ძნელათ თუ მოიპოვება ერი, რომელსაც ისე უყვარდეს უცხო ენა, როგორც ეს ჩვენ გვიყვარს.
ეს სენი ისტორიულია, მაგრამ ეხლა იგი უფრო გვემჩნევა. ამ ერთს საუკუნეში ქართული ლექსიკონი ძალზედ შეიცვალა, ისტორიკოსი უწინაც აღნიშნავდა, რომ ქართული ენა უცხოთ მორთული“ არისო. ესე იგი უცხო სიტყვებით შერთული, მაგრამ დღევანდელ ისტორიკოსს ამის თქმა მეტის უფლებით შეუძლია.
მას შემდეგ რაც ქართველი მეფეები სპარსეთში აღიზარდნენ, განსაკუთრებით როსტომ მეფე, მრავალი სახელები სპარსულით შესცვალეს. რომ არ შერჩენოდა „კარის გარიგება“, მრავალი სახელი ჩვენთვის სრულებით დაკარგული იქნებოდა.
ეხლა როდესაც საქართველოში ევროპის კულტურა შემოვიდა, ჩვენი ლექსიკონის არევას, რასაკვირველია, უფრო აქვს ადგილი. თუ საქართველოს სახელმწიფო გსურთ აღადგინოთ და განამტკიცოთ თავი უნდა დაანებოთ უცხო სიტყვების სესხებას და ის სახელი მიიღოთ, რომელიც ქართულიც არის და ამავე ბუნებას გამოხატავს.
დარბაზის მნიშვნელობა
მომხსენებელმა მართალი მოგახსენათ, რომ სიტყვა დარბაზი სპარსულიდან არის გადმოქართულებული, მაგრამ იგი სავსებით არის შესული ქართულ ხმარებაში. დარბაზი ნიშნავს დიდ ოთახს. არის აგრეთვე გლეხთა დარბაზი ე.ი. ყველაზედ დიდი ოთახი გლეხის ოჯახში, სადაც იგი იღებს სტუმრებს, თითონ და მისი ოჯახი იმყოფება, მაგრამ ეს გლეხთა დარბაზი უკვე გამოდის ხმარებიდან.
დარბაზი ნიშნავს დიდ ოთახს, მაგრამ თუ ამ სახელს მიიღებთ, მაშინ უნდა მიიღოთ სიტყვა სეფე-დარბაზი ესე იგი სასახლის დარბაზი.
რუსთაველს აქვს ნათქვამი: „სეფესა შენსა დარბაზსა“, სიტყვა სეფეც გამოქართულებულია, მაგრამ სავსებით შესულია ხმარებაში და თუ მიიღებთ იცოდეთ, რომ ეს ნამდვილი ქართული სახელი იქნება.
ეს, რასაკვირველია, არც ცხენის სადგომია და ამ რიგად მას არც დასავლეთსა და არც აღმოსავლეთ საქართველოში არავინ არ იცნობს.
სიტყვა პალატა იგივე ბუნებაა – დიდი ოთახი, ეს სიტყვაა დასავლეთის და დარბაზი აღმოსავლეთის.
საბჭო
ყველაზედ უკეთესი და შესაფერი, ჩემის აზრით იქნება საბჭო. ეს ნამდვილად ქართული სიტყვაა. ნათქვამია: „დავსხდეთ და მოვიხმოთ ბჭენიო“. ბჭენი ნიშნავენ მსაჯულებს, რომელთაც განსაკუთრებულ იხმობდნენ – სამართლის აღსასრულებლად საბჭოს წინ უნდა დაერთვას არა ნაციონალური, არამედ რესპუბლიკის საბჭო და მემგონია, რომ უკეთეს სიტყვას ნამდვილ ქართულს ვერავინ მოიგონებს.
წინადადება კამათის შესახებ
შემოდის წინადადება, რომ კამათი შეწყვეტილ იქმნეს. თავმჯდომარე კენჭს უყრის ამ წინადადებას, რაიც ერთხმად იქნა მიღებული. უკანასკნელი სიტყვა ეძლევა მომხსენებელს.
პავლე საყვარელიძე
მე მაკვირვებს ალ. ლომთათიძე. აქ სრულებით საჭირო არ არის დემაგოგიურ ნიადაგზედ კამათიო.
ალ. ლომთათიძე (ადგილიდან): სად არის დემაგოგია?
პავლე საყვარელიძე: ძნელია დამტკიცება იმისა, თუ რომელი სახელი უფრო პოპულიარული არის ხალხში: დარბაზი თუ პარლამენტი.
რაზედ მაწერთ იმას რაც მე არ მითქვამს; პარლამენტს მე როგორ ვებრძვი. ჩვენი საბჭოს თავმჯდომარეს უმახვილია: პარლამენტს დავარქვათ პარლამენტიო; მაგალითად იმერეთში კაცს უძახიან კაციას, ან ბიჭიასო.
მაგრამ ბატონებო კაცია, ან ბიჭის კარგი სახელებია?
დარბაზი გამოხატულებაა თაღის, წარმოსადგენის და მასიან არის ყველა ქვეყნების საკანონმდებლო დაწესებულებებთან განსხვავებული.
მართალია ეს საკითხი ძალიან ცუდი ბედის მარგუნებელია, რაიც დამოუკიდებელი ნაციონალ-დემოკრატების წარმომადგენელი მხარს უჭერს ამ წინადადებას, მაგრამ იმედი უნდა გვქონდეს, რომ ერთი ფრაქცია ძალას არ დაატანს საბჭოს უსათუოდ მისი წინადადება მიიღოს.
კენჭის ყრა
თავმჯდომარე კენჭის საყრელად სვამს ოთხ წინადადებას.
- საკონსტიტუციო კომისიისას, რომ პარლამენტს დაერქვას „რესპუბლიკის დარბაზი“.
- სოც.-დემოკრატიულ ფრაქციისას: „საქართველოს პარლამენტი“.
- სოც.-რევოლუციონერთა, „საქართველოს სახალხო საბჭო“.
- სოც.-ფედერალისტთა: „რესპუბლიკის საბჭო“.
პირველმა წინადადებამ საკონსტიტუციო კომისიისა ხმა მისცეს 29 მომხრემ და 39 წინააღმდეგ. წინადადებას მიემხრნენ: ეროვნულ-დემოკრატები, დამოუკიდებელი ნაციონალ-დემოკრატები, სოც.-ფედ. უპარტიონი რად. დემ. და „ალიონი“. წინააღმდეგ ხმა მისცეს სოც.-დემ. ერთხმად და სომხებმა ერთხმად. ესერება თავი შეიკავეს.
მეორე წინადადებამ სოც.-დემ. მიიღო 40 მომხრე და 30 წინააღმდეგ. ამ წინადადებას მიემხრნენ მხოლოდ სოც.-დემოკრატები სომხებთან ერთად.
სოც.-ფედერალისტთა წინადადებამ მხოლოდ 5 ესერის ხმა. ამ რიგად გავიდა სოც.-დემ. წინადადება და საქართველოს პარლამენტს სახელად „საქართველოს პარლამენტი დაერქვა“.
ამის შემდეგ ი. ბარათაშვილის მოხსენებით, უკამათოთ იქმნა მიღებული კანონპროექტი 1909წ. 18-ს კანონით დანიშნულ პენსიათა და შემწეობათა გაუქმების შესახებ.