28 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები მეხუთე პრეზიდენტს ექვსწლიანი ვადით აირჩევენ. ახალი პრეზიდენტი მოქმედ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს შეცვლის, რომელსაც ეს თანამდებობა 2013 წლის ოქტომბრიდან უკავია.
არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად, Civil.ge განაგრძობს მკითხველის ინფორმირებას საპრეზიდენტო არჩევნებზე. ამჯერად, გთავაზობთ არჩევნების გზამკვლევს არჩევნებთან დაკავშირებული ინფორმაციის შესახებ, მათ შორის პროცედურებზე, ადმინისტრირებაზე, კანდიდატებსა და პრეზიდენტის უფლებამოსილებაზე.
ძირითადი საარჩევნო წესები და პროცედურები
28 ოქტომბერს, დილის 8 საათზე, ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 3600 საარჩევნო უბანი გაიხსნება და ზუსტად საღამოს 8 საათზე დაიხურება. ხმის მიცემის პროცესის დასრულებისთანავე, ხმების დათვლა დაიწყება.
კანდიდატი პირველივე ტურში გამარჯვებულად გამოცხადდება, თუ ის არჩევნებში მონაწილეთა ხმების ნახევარზე მეტს მიიღებს. ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გამოსაცემად, მაქსიმუმ 20 დღიანი ვადა აქვს.
თუ პირველ ტურში ხმათა ნახევარზე მეტს ვერცერთი კანდიდატი დააგროვებს, მეორე ტური დაინიშნება, რომელიც არჩევნების პირველი ტურის შედეგების გამოცხადებიდან მაქსიმუმ ორ კვირაში უნდა გაიმართოს. მეორე ტურში მონაწილეობის უფლება იმ ორ კანდიდატს აქვს, რომლებმაც პირველ ტურში საუკეთესო შედეგი აჩვენეს.
საარჩევნო ადმინისტრაცია
28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას სამდონიანი საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს – დაახლოებით 3 600 საუბნო კომისია, 73 საოლქო კომისია და ცენტრალური საარჩევნო კომისია.
თითოეული დონის კომისია 12 წევრისგან შედგება. ექვს წევრს პოლიტიკური პარტიები ნიშნავენ, მათგან სამი ქართული ოცნებიდანაა, ხოლო თითო-თითო წევრი ნაციონალურ მოძრაობას, ევროპულ საქართველოს და პატრიოტთა ალიანსს ჰყავს.
კომისიის დანარჩენი წევრები სერტიფიცირებული საარჩევნო ადმინისტრატორები არიან, რომლებიც პარლამენტმა ან მაღალი დონის კომისიებმა დანიშნეს. ცესკოს თავმჯდომარის შერჩევა და დანიშვნა ცალკე პროცედურაა. მოქმედი თავმჯდომარე, თამარ ჟვანია ამ პოსტზე 2013 წლიდან მუშაობს.
ამომრჩევლები
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 518 890-ს შეადგენს.
ყველაზე დიდი ოლქი ქუთაისია, სადაც 156 051 ამომრჩეველია დარეგისტრირებული. შემდეგ მოდის სამგორის ოლქი 145 021 და გლდანის ოლქი 144 644 ამომრჩევლით. ამომრჩეველთა რაოდენობა რეგიონებისა და ოლქების მიხედვით მოცემულია ამ ბმულზე.
14 808 ამომრჩეველი საზღვარგარეთაა დარეგისტრირებული. მათთვის საპრეზიდენტო არჩევნებზე 44 ქვეყანაში 59 საარჩევნო უბანი გაიხსნება. კიდევ ორ უბანს ავღანეთში ქართველი სამხედროებისთვის გახსნიან.
ახალი საპრეზიდენტო უფლებამოსილებები
ეს ბოლო არჩევნებია, როდესაც პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩევა. ამის შემდეგ, ქვეყანა ნახევრად საპრეზიდენტოდან საპარლამენტო რესპუბლიკა გახდება.
ახალი კონსტიტუციის თანახმად, რომელიც ძალაში ახალი პრეზიდენტის ფიცის დადებიდან შევა, სახელმწიფო მეთაურს ხუთი წლის ვადით 300-წევრიანი საარჩევნო კოლეგია აირჩევს.
ახალი კონსტიტუცია პრეზიდენტის უფლებამოსილებებს კიდევ უფრო შეამცირებს. ეს პროცესი 2010 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებით დაიწყო და 2017 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებით დასრულდა. ახალი კონსტიტუციის მიხედვით:
- პრეზიდენტი კვლავ რჩება სახელმწიფოს მეთაურად, მთავარსარდლად და წარმომადგენლად საგარეო ურთიერთობებში. თუმცა, მას აღარ ევალება, რომ „კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში უზრუნველყოს სახელმწიფო ორგანოთა ფუნქციონირება“;
- პრეზიდენტი კარგავს უფლებას, რომ „მთავრობის სხდომაზე საკითხის განხილვა მოითხოვოს და მონაწილეობა მიიღოს ამ განხილვაში“;
- ეროვნული უშიშროების საბჭო, რომელიც „სამხედრო აღმშენებლობისა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციისათვის“ იქმნება და რომელსაც, წინა კონსტიტუციით, საქართველოს პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა, აღარ იარსებებს.
საპრეზიდენტო კანდიდატები
28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში 25 კანდიდატი მონაწილეობს. 1991 წელს ჩატარებული პირველი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, წელს ყველაზე მეტი კანდიდატი დარეგისტრირდა.
19 კანდიდატი პოლიტიკურმა პარტიებმა წარადგინეს, დანარჩენი ექვსი კი, საინიციატივო ჯგუფებმა. ქვემოთ მოცემულია კანდიდატების სია, მათი წარმდგენი საარჩევნო სუბიექტები და საარჩევნო ნომრები ბიულეტენზე:
- მიხეილ ანთაძე – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის – N 1;
- დავით ბაქრაძე – ევროპული საქართველო – N 2;
- ვახტანგ გაბუნია – ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა – N 4;
- გრიგოლ ვაშაძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – N 5;
- შალვა ნათელაშვილი – ლეიბორისტული პარტია – N 10;
- ზვიად მეხატიშვილი – საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია – N 13;
- გიორგი ლილუაშვილი – საქართველო – N 17;
- აკაკი ასათიანი – ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი – N 18;
- კახა კუკავა – თავისუფალი საქართველო – N 21;
- ოთარ მეუნარგია – მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს – N 22;
- ირაკლი გორგაძე – მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის – N 23;
- დავით უსუფაშვილი – თავისუფალი დემოკრატები – N 25;
- ზვიადი ბაღდავაძე – სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველო – N 27;
- მიხეილ სალუაშვილი – სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე – N 28;
- ზვიად იაშვილი – ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ) – N 30;
- თამარი ცხორაგაული – თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა – N 31;
- გელა ხუციშვილი – საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა – N 25;
- ზურაბ ჯაფარიძე – გირჩი – N 36;
- ლევან ჩხეიძე – ახალი ქრისტიან-დემოკრატები – N 40;
- სალომე ზურაბიშვილი – დამოუკიდებელი – N 48;
- ბესარიონ თედიაშვილი – დამოუკიდებელი – N 49;
- გიორგი ანდრიაძე – დამოუკიდებელი – N 51;
- კახაბერ ჭიჭინაძე – დამოუკიდებელი – N 58;
- ვლადიმერ ნონიკაშვილი – დამოუკიდებელი – N 62;
- თეიმურაზ შაშიაშვილი – დამოუკიდებელი – N 65.
ძირითადი კონკურენტები
- დავით ბაქრაძე
- გრიგოლ ვაშაძე
- შალვა ნათელაშვილი
- კახა კუკავა
- დავით უსუფაშვილი
- ზურაბ ჯაფარიძე
- სალომე ზურაბიშვილი
ფოტო: facebook.com/dbakradze
გრიგოლ ვაშაძე – პრეზიდენტობის 60 წლის კანდიდატი კენჭს ოპოზიციური მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ სახელით იყრის. კამპანიის ფარგლებში, გამართულ შეხვედრებზე ვაშაძე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და ახალი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების აუცილებლობაზე საუბრობს. ის ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებასა და მისი სოციალურ საჭიროებებზე დახარჯვის, ასევე მასწავლებლების ხელფასების 1000 ლარამდე გაზრდის პირობას დებს. კანდიდატს ნეგატიური დამოკიდებულება აქვს მარიხუანის მოყვანის შესახებ კანონთან და ხელისუფლებას სასოფლო-სამეურნეო მიწების კორუფციული გზით ხელში ჩაგდების და „ღვინის ქვეყნის“ – საქართველოს „მარიხუანის ექსპორტიორ ქვეყნად“ გადაქცევის მცდელობაში ადანაშაულებს. ვაშაძე 2008-2012 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს ის კენჭს ქუთაისის მერად იყრიდა და ხმების 27.04% მიიღო.
ფოტო: facebook.com/GregoryVashadze.Ge
შალვა ნათელაშვილი – 60 წლის საპრეზიდენტო კანდიდატი 1995 წლიდან ლეიბორისტული პარტიის დამფუძნებელი და ლიდერია. ის საქართველოს ვეტერანი ოპოზიციონერი პოლიტიკოსია. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ნათელაშვილი პირობას დებს, რომ ბოლოს მოუღებს ოლიგარქების და ნარკოდილერების მმართველობას. ის ასევე პირობას ამბობს, რომ ღარიბების პრეზიდენტი იქნება და მათი „დემოგრაფიული ექსპანსიის“ აღმოსაფხვრელად, ის მზად არის ირანთან უვიზო რეჟიმი გააუქმოს. კანდიდატი პირობას დებს, რომ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების რაოდენობას გაზრდის, სოხუმს კი საქართველოს დედაქალაქად გამოაცხადებს. ნათელაშვილი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც მონაწილეობდა და ხმების 2.88 % მიიღო.
ფოტო: facebook.com/natelashvilishalva
კახა კუკავა – პრეზიდენტობის 42 წლის კანდიდატი არჩევნებში თავისუფალი საქართველოს სახელით მონაწილეობს. მას მხარს რამდენიმე მცირე სოციალურ-კონსერვატიული ოპოზიციური პარტია უჭერს. კამპანიის ფარგლებში, კუკავა აკრიტიკებს როგორც ქართულ ოცნებას, ისე ნაციონალურ მოძრაობას და აცხადებს, რომ ისინი ერთი პრობლემის ორ მხარეს წარმოადგენენ და მათი „კოჰაბიტაციის“ დასრულების აუცილებლობაზე საუბრობს. კანდიდატი კონსერვატიულ განწყობებზე ამახვილებს ყურადღებას და მუსულმანური ქვეყნებიდან იმიგრაციის დასრულების პირობას დებს. იგი მრავალსულიანი ოჯახებისთვის სოციალური დახმარების გაზრდას, ლომბარდების უკანონოდ გამოცხადებას და ქართული ალკოჰოლური სასმელებისთვის რუსული, ბელორუსული და უკრაინული ბაზრების გახსნის პირობას დევს. კუკავა 2017 კენჭს თბილისის მერად იყრიდა და ხმების 1.25 % მიიღო.
ფოტო: facebook.com/freegeorgia
დავით უსუფაშვილი – პრეზიდენტობის 50 წლის კანდიდატი და შენების მოძრაობის ლიდერი, არჩევნებში კენჭს თავისუფალი დემოკრატების სახელით იყრის. კამპანიის ფარგლებში უსუფაშვილი აკრიტიკებს როგორც ხელისუფლებას, ისე ნაციონალურ მოძრაობას და „მიშა-ბიძინას“ დაპირისპირების დასრულების აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, ქართული ოცნება უნდა შეიცვალოს, მაგრამ მიუღებელია იმის დაბრუნება, რაც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს იყო. უსუფაშვილი 2005-2013 წლებში რესპუბლიკურ პარტიას თავმჯდომარეობდა. 2012-2016 წლებში, ის როგორ კოალიცია ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის თავმჯდომარე იყო. 2017 წელს უსუფაშვილმა ახალი პოლიტიკური მოძრაობა ჩამოაყალიბა და 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, რა დროსაც მან ხმების 0.76 % მიიღო.
ფოტო: facebook.com/DavidUsupashviliOfficial
ზურაბ ჯაფარიძე – პრეზიდენტობის 42 წლის კანდიდატი ახალი პოლიტიკური მოძრაობა – გირჩის ლიდერია. პარტია მას შემდეგ ჩამოყალიბდა, რაც ჯაფარიძემ 2015 წელს ნაციონალური მოძრაობა დატოვა. კანდიდატი პირობას დებს, რომ მომდევნო ექვს წელს სწორი პოლიტიკისა და მეტი თავისუფლებისთვის ბრძოლაში გაატარებს. გირჩი, რომლის სამიზნეც ძირითადად ახალგაზრდობაა, თავისი გამორჩეული და ზოგჯერ, ხმაურიანი ვიდეოკლიპებითაა ცნობილი, რომლებიც სოციალური მედიით ვრცელდება. ჯაფარიძე აცხადებს, რომ გირჩი არის პარტია, რომელიც არასდროს შეიკავებს თავს ვინმეს კრიტიკისგან და გააკრიტიკებს ყველას, იქნება ეს ეკლესია, ბანკები, მთავრობა თუ ოპოზიცია. „გირჩი“ პოზიციონირებს როგორც პროდასავლური, სოციალურად ლიბერალური და ფისკალურად კონსერვატიული პარტია და ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კამპანიის ძლიერი მხარდამჭერია.
ფოტო: facebook.com/GirchiParty
სალომე ზურაბიშვილი – 66 წლის საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელიც 2004-2005 წლებში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატია. პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ზურაბიშვილი პირობას დებს, რომ სახელმწიფოს და ხალხს შორის შუამავალი იქნება. მისი თქმით, ახალი პრეზიდენტი უნდა იყოს „იდეამდებელი“ და არა „ვეტომდებელი“. კანდიდატი პირობას დებს, რომ ყურადღებას გაამახვილებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, ასევე მოხუცების მზრუნველობასა და სოციალურ თავშესაფარზე. ის ასევე აცხადებს, რომ გენდერული ძალადობის მზარდი შემთხვევების მოგვარებაზე იმუშავებს, ემიგრანტებს სამშობლოში დაბრუნებაში დაეხმარება და ქართველი მიგრანტებისთვის დროებით სამუშაო სტატუსს უზრუნველყოფს. კანდიდატი პირობას დებს, რომ დაიცავს „აფხაზურ ენას და იდენტობას, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას“. კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე, სალომე ზურაბიშვილს მმართველი თან პარტიის ლიდერები ახლავს, მათ შორის არიან თბილისის მერი კახა კალაძე და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. შემოწირულებების თვალსაზრისით, ზურაბიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატების სიას ლიდერობს. ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანია საზოგადოების პროტესტს ფონზე მიმდინარეობდა. საზოგადოების ნაწილი მის მიერ რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს აპროტესტებდა.
ფოტო: facebook.com/zourabichvilisalome
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)