ცესკოს ინფორმაციით, 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს 58 საერთაშორისო ორგანიზაციის დაახლოებით 1 100 წარმომადგენელი დააკვირდება.
დამკვირვებელთა სიაში შედის რამდენიმე წამყვანი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია, მათ შორის, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (OSCE/ODIHR), ეროვნული-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) და სხვები.
OSCE/ODIHR-მა საარჩევნო სადამკვირვებლო მისია საქართველოში სექტემბრის ბოლოს გახსნა და მას ელჩი გირთ-ჰინრიჩ არენი ხელმძღვანელობს. მისიის შემადგენლობაში შედის თბილისში განთავსებული 14 ექსპერტი და 28 გრძელვადიანი დამკვირვებელი, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით ორ-ორად განთავსდნენ.
ამას გარდა, ეუთოს წევრი სახელმწიფოებიდან ODIHR-ს 250-მდე მოკლევადიანი დამკვირვებელი ეყოლება. არჩევნების დღეს დამკვირვებლები საარჩევნო უბნების გახსნას, ხმის მიცემის, ხმების დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესს დააკვირდებიან.
არჩევნებზე დაკვირვების შემდეგ, OSCE/ODIHR და დელეგაციები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეიდან, PACE-დან, ევროპარლამენტიდან და ნატოს საპარლამენტო ასამბლეიდან თბილისში მომდევნო დღეს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე წინასწარი შედეგებისა და დასკვნების შესახებ ერთობლივ განცხადებას გამოაქვეყნებენ.
არჩევნებს ასევე დააკვირდება ორი აშშ-ში განთავსებული ორგანიზაცია – ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი. NDI-მ საქართველოში შვიდი მოკლევადიანი დამკვირვებლისგან შემდგარი მაღალი დონის დელეგაცია განათავსა, ხოლო IRI-ის მისია 24 მოკლევადიანი დამკვირვებლით იქნება წარმოდგენილი და მას პროგრამის რეგიონული დირექტორი სტეფან ნიქსი უხელმძღვანელებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)