სამმა წამყვანმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ – „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ“ – 27 ოქტომბერს წინასაარჩევნო გარემოს შესახებ ერთობლივი შეფასება გამოაქვეყნეს.
დოკუმენტი წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ რამდენიმე დარღვევას ასახავს, მათ შორისაა, ზეწოლა დამკვირვებლებზე, ძალადობა და ფიზიკური დაპირისპირება, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ერთმანეთის საწინააღმდეგო აგიტაცია სოციალურ ქსელებში.
ორგანიზაციების თქმით, წინასაარჩევნო კამპანია „ძირითადად კანდიდატების ურთიერთბრალდებებსა და ერთმანეთის საწინააღმდეგო აგიტაციაზე იყო ორიენტირებული, რომელიც „არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად, მეტად ინტენსიური და დაძაბული გახდა“.
მათივე შეფასებით, წინასაარჩევნო პერიოდში, „ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის ხელმძღვანელი პირების მხრიდან უპრეცედენტო მასშტაბის კოორდინირებულ თავდასხმებს ჰქონდა ადგილი, რომელსაც თან ახლდა მადისკრედიტებელი კამპანია სოციალურ ქსელებში“.
„წინასაარჩევნო კამპანიის გააქტიურებასთან ერთად, სადამკვირვებლო ორგანიზაციების დისკრედიტაციის მცდელობები არჩევნებში ჩართული ადმინისტრაციული ორგანოების ხელმძღვანელების მხრიდან დაიწყო, ხოლო მოგვიანებით ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის მაღალი თანამდებობის პირების ყოველდღიური ვერბალური თავდასხმებით გაგრძელდა“, – ნათქვამია არასამთავრობოების ანგარიშში.
სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ასევე აღნიშნეს, რომ „წინასაარჩევნოდ სოციალურ ქსელებში განსაკუთრებით გააქტიურდა ანონიმური გვერდები, რომლებიც სხვადასხვა კანდიდატისა და პოლიტიკური პარტიების მიმართ შეურაცხმყოფელ, სიძულვილის ენის შემცველ და ყალბ ინფორმაციას ავრცელებდნენ, რაც „გამოწვევას“ წარმოადგენდა წინასაარჩევნო გარემოსთვის.
არასამთავრობოებმა განაცხადეს, რომ წინასაარჩევნოდ, ძალადობისა და ფიზიკური დაპირისპირების „მასშტაბურ ფაქტებს“ ადგილი არ ჰქონია, თუმცა „კამპანიის ხელშეშლის მცდელობები ცალკეულ შემთხვევებში დაპირისპირებაში გადაიზარდა“.
სადამკვირვებლო ორგანიზაციების თქმით, მათ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების და საჯარო მოხელეებზე ზეწოლის ფაქტები გამოავლინეს, რაც, მათი თქმით, ზიანს აყენებს წინასაარჩევნო გარემოს.
„საჯარო სამსახურებსა და მუნიციპალიტეტების ა(ა)იპ-ებში დასაქმებულ პირებს ხელმძღვანელი თანამდებობის პირები სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერთა სიების შეგროვებას სთხოვდნენ და ავალებდნენ მათ მიერ წარმოდგენილი მხარდამჭერთა სიაში მითითებული პირების მიერ სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემის უზრუნველყოფას“, – ნათქვამია ერთობლივ შეფასებაში.
ორგანიზაციებმა ასევე აღნიშნეს, რომ წინასაარჩევნო პერიოდი მაღალჩინოსნების სავარაუდო მხილების შესახებ ფარული ჩანაწერების გავრცელების ფონზე წარიმართა, რამაც არასამთავრობოების თქმით, ელიტური კორუფციისა და არაფორმალური მმართველობის შესახებ „სერიოზული ეჭვები“ წარმოშვა.
ორგანიზაციებმა მედიაგარემოც შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ის პლურალისტური და აქტიური იყო. „წინასაარჩევნოდ არ გამოვლენილა ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმის ან ზეწოლის ფაქტები, თუმცა ხშირი იყო კრიტიკული მედიაორგანიზაციების, განსაკუთრებით „რუსთავი 2”-ის მიმართ ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან სიტყვიერი თავდასხმები“, – ნათქვამია ერთობლივ ანგარიშში.
ორგანიზაციებმა ასევე განაცხადეს, რომ „საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრებით დაკომპლექტებამ და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შესარჩევმა კონკურსებმა ლეგიტიმური კითხვები გააჩინა ამ პროცესში პოლიტიკური გავლენებისა და ნეპოტიზმის შესახებ“.
„73 საოლქო კომისიაში შერჩეული დროებითი წევრებიდან, 14 შემთხვევაში გამოიკვეთა შერჩეული პირების ნათესაური კავშირები საარჩევნო ადმინისტრაციის თანამდებობის პირებთან, ხოლო 8 შემთხვევაში საოლქო კომისიებში პ/გ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ან აქტივისტი აირჩა“, – აღნიშნულია შეფასებაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)