ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა 1 637 956-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 46.74 %-ია. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩევლის აქტივობა 46.6 % იყო.
ცესკოს ინფორმაციით, ყველაზე მაღალი აქტივობა 74.64 % ქედაში, ყველაზე დაბალი კი – 36.47 % მარნეულში დაფიქსირდა. რაც შეეხება თბილისს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საღამოს 8 საათისთვის, ამომრჩეველთა აქტივობა 45.4 % იყო.
ცესკოს განმარტებით, ყველა საარჩევნო უბანი ზუსტად საღამოს 8 საათზე დაიხურა და ხმების დათვლის პროცესი დაიწყო. ცესკო-ს ცნობით, არჩევნებმა ძირითადად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. ცენტრალური საარჩევნო კომისია საუბნო შემჯამებელ ოქმებს მიღებისთანავე, ეტაპობრივად, სპეციალურ ვებგვერდზე – www.results.cec.gov.ge – ზე განათავსებს.
საარჩევნო უბნების დახურვასთან ერთად, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა, ქართულმა ოცნებამ და ევროპულმა საქართველომ მათივე დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების სამი განსხვავებული შედეგი გამოაქვეყნეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)