Site icon Civil.ge

კალაძე: არჩევნები მნიშვნელოვანი გზავნილია ხელისუფლებისთვის

კახა კალაძე. ფოტო: gd.ge

თბილისის მერმა კახა და ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს გენერალური მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებმა არაერთი მნიშვნელოვანი რამ ცხადყო.

კალაძემ ეს 29 ოქტომბერს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მას შემდეგ განაცხადა, რაც არჩევნების წინასწარი შედეგებით ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს მცირედით უსწრებს.

„გადაჭარბებული თვითდაჯერებულობა“ არჩევნების წინ

თბილისის მერმა გამოსვლის დასაწყისში ქართული ოცნების მხარდამჭერებს არჩევნებში მონაწილეობისთვის, დამკვირვებლებს არჩევნებზე დაკვირვებისთვის და პოლიციას უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მადლობა გადაუხადა.

კალაძემ აღნიშნა, რომ არჩევნების პირველი ტურის შედეგებმა „არაერთი მნიშვნელოვანი რამ ცხადყო“. მისი თქმით, ამან დაადასტურა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ, ქართველ ხალხთან ერთად, ნამდვილი დემოკრატია ჩამოაყლიბა.

„საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვებულის გამოსავლენად, მეორე ტურის დანიშვნის საჭიროება, საქართველოში ჩვენ მიერ დამკვიდრებულ მაღალ პოლიტიკურ სტანდარტზე მიუთითებს და ამას მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა და თითოეული მოქალაქე ნათლად ხედავს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ „ამ არჩევნებით ხალხმა გამოგვიგზავნა შეტყობინება, რისი შეგრძნება გარკვეულწილად ყველას გვქონდა, რომ ქვეყანაში ბევრი რამე შესაცვლელია, შესაცვლელია სწრაფად, ეფექტურად და თითოეული მოქალაქის ინტერესის გათვალისწინებით“.

„სამწუხაროდ, როგორც ყველა ხელისუფლებას, ჩვენც, ძალაუფლების კონცენტრაციამ, შეიძლება ითქვას გადაჭარბებული თვითდაჯერებულობა შეგვმატა და შესაბამისად, მთელ რიგ შემთხვევებში, არ ხდებოდა ადეკვატური უკუკავშირი, კომუნიკაცია საზოგადოებასთან“, – განაცხადა კალაძემ.

„ამის შედეგი იყო ისიც, რომ მხოლოდ შიდა კვლევების მონაცემებს ვეყრდნობოდით, რამაც კიდევ უფრო შეასუსტა განწყობების აღქმა“, – განმარტა თბილისის მერმა და იქვე დასძინა, რომ „ყველა ჯანსაღი პოლიტიკური ორგანიზაციისთვის მსგავსი „გამოფხიზლება“, ახალი და ეფექტური რეაგირების, სწრაფი ცვლილების დასაბამია“.

„გუნდში გასაძლიერებელია პოლიტიკური მენეჯმენტი, გასაძლიერებელია კომუნიკაცია, გასაძლიერებელია ინსტიტუტები, გადაწყვეტილებები უნდა გახდეს უფრო სწრაფი და ეფექტიანი, შედეგზე, ადამიანების რეალური პრობლემების გადაწყვეტაზე ორიენტირებული“, – განაცხადა კალაძემ და აღნიშნა, რომ სწორედ ამაზე საუბრობდა ბიძინა ივანიშვილიც, პარტიის თავმჯომარის პოსტზე დაბრუნებისას.

„გზავნილი მიღებულია და ჩვენ მზად ვართ ქმედითი ნაბიჯებით ვუპასუხოთ ამ გამოწვევას“, – დასძინა მან.

ელექტორატის განაწყენების „ობიექტური მიზეზები“

კალაძემ ასევე განმარტა, რომ ელექტორატის ქმედებას „ობიექტური მიზეზებიც“ აქვს.

„მძიმე ეკონომიკური ვითარების ფონზე, ბოლო რესურსებით ამუშავებულმა პროპაგანდისტულმა მანქანამ და სრულად ნეგატიურმა კამპანიამ თავისი შედეგი გამოიღო. ჩვენ საპასუხო რეჟიმში ვეკონტაქტეთ ჩვენს ოპონენტებს, რა დროსაც, საზოგადოების რეალური პრობლემები გვერდით დარჩა. სწორედ ის პრობლემები, რომელთანაც მხოლოდ ერთად დგომით შევძლებთ გამკლავებას“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, ამომრჩევლის ნაკლები მობილიზაციის ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, ისიც იყოს, რომ პარტიამ არჩევნებზე საკუთარი კანდიდატი არ წარადგინა და „დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერამ შეასუსტა ჩვენი ამომრჩევლების მობილიზაციის პროცესი“.

„დარწმუნებულები ვართ, რომ მეორე ტურში, როცა ნათლად გამოიკვეთა ორი პოლუსი, როცა არჩევანი გასაკეთებელია სიცრუესა და სიმართლეს, ძალადობასა და თავისუფლებას შორის, მოხდება მაქსიმალური კონცენტრაცია და ჩვენ ერთად, აუცილებლად გავიმარჯვებთ საპრეზიდენტო არჩევნებში და რაც მთავარია, ერთად აუცილებლად დავძლევთ ყველა გამოწვევას“, – დასძინა თბილისის მერმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)