Site icon Civil.ge

უბნების 100 % დათვლილია: სალომე ზურაბიშვილი 38.64 %, გრიგოლ ვაშაძე 37.74 %

სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე, ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/ Civil.ge და facebook.com/GregoryVashadze.Ge

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით, ყველა უბანი უკვე დათვლილია.

3 705 უბნის დათვლის შედეგად, მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა 615 624 ხმა მიიღო, რაც ხმების საერთო რაოდენობის 38.64 %-ია. გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს კი, მხარი 601 188 ამომრჩეველმა დაუჭირა, რაც არჩევნებზე მისული ამომრჩევლის 37.74 %-ია.

იმ შემთხვევაში, თუკი არჩევნებში რომელიმე კანდიდატი ხმების ნახევარზე მეტის მიღებას ვერ შეძლებს, არჩევნების მეორე ტური დაინიშნება, რომელიც არჩევნების პირველი ტურის შედეგების გამოცხადებიდან მაქსიმუმ ორ კვირაში უნდა გაიმართოს. მეორე ტურის ჩატარების სავარაუდო თარიღი 2018 წლის პირველი დეკემბერია.

დავით ბაქრაძემ, რომელმაც პირველადი შედეგების მიხედვით, ხმების 10.97 % მიიღო და მესამე ადგილზე გავიდა, არჩევნებში დამარცხება გუშინვე აღიარა და მეორე ტურში მხარდაჭერა გრიგოლ ვაშაძეს გამოუცხადა.

რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, უბნების 100 %-ის დათვლის შედეგად, შალვა ნათელაშვილმა ხმების 3.74 % მიიღო, დავით უსუფაშვილმა და ზურაბ ჯაფარიძემ 2.26-2.26 %, კახა კუკავამ კი – 1.33 %. სხვა საპრეზიდენტო კანდიდატებმა ამომრჩევლის 1 %-იანი მხარდაჭერის მიღებაც ვერ შეძლეს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებში სულ 1 637 956-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 46.74%-ია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)