საქალაქო სასამართლომ დღეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდი) ყოფილი უფროსი დავით ახალაია სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში დამნაშავედ ცნო და 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად შეუფარდა.
პროკურატურის მიერ 29 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დავით ახალაიას ბრალად სანდრო გირგვლიანისა და კიდევ სამი პირის მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ დანაშაულში, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებაში, დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობასა და სამსახურებრივ სიყალბეში ედება.
პროკურატურის ინფორმაციით, სანდრო გირგვლიანის საქმეზე ახალი გარემოებების გამორკვევა და დავით ახალაიასთვის „ბრალდების გამოტანა“ საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული განახლებული გამოძიების ფარგლებში მოხდა. გამოძიებას საფუძვლად 2011 წლის აპრილში, ამავე საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება დაედო, რომლის მიხედვითაც საქმის გამოძიებას „აშკარად აკლდა საჭირო დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, ობიექტურობა და საფუძვლიანობა“.
უწყების განმარტებით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2006 წლის 27 იანვარს, კაფე-ბარ ,,შარდენბარში“, სანდრო გირგვლიანს სიტყვიერი შელაპარაკება კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის დავით ახალაიას სუფრის წევრთან მოუვიდა, სადაც მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის მეუღლეც იმყოფებოდა. პროკურატურის ინფორმაციით, დავით ახალაიას დავალებით, ადგილზე გამოძახებულმა კონსტიტუციური უსაფრთხოების თანამშრომლებმა სანდრო გირგვლიანი და მისი მეგობარი მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და ოქროყანის სასაფლაოზე ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენეს. მეორე დღეს სანდრო გირგვლიანი გარდაცვლილი იპოვეს.
„დანაშაულის გახსნის ყალბი მოლოდინის გაჩენის და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, 2006 წლის 6 მარტს, საჯაროდ გაცხადდა, რომ თითქოს დავით ახალაიას უშუალო ძალისხმევით გამოვლინდნენ ალექსანდრე გირგვლიანის მიმართ ჩადენილ დანაშაულში მონაწილე პირები“, – ნათქვამია განცხადებაში.
პროკურატურის ინფორმაციით, ახალი გამოძიების შედეგად, ამ საქმეზე განაჩენი 8 პირის მიმართა არის გამოტანილი, მათ შორის არიან: ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, რომელიც იმ დროისთვის სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)