არჩევნების დღემ ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა, თუმცა წინასაარჩევნო პერიოდი არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმებით და ადმინისტრაციული რესურსების სავარაუდო ბოროტად გამოყენებით გამოირჩეოდა, ნათქვამია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით.
15-წევრიანი მაღალი დონის დელეგაცია თბილისში 13 ოქტომბერს ჩამოვიდა და საქართველოს ხელმძღვანელობას, ოფიციალურ პირებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და საარჩევნო სუბიექტებს შეხვდა.
კენჭისყრის დღეს, NDI-ს ექვსი სადამკვირვებლო გუნდი ქვეყნის მასშტაბით უბნების გახსნის, ხმის მიცემისა და ხმების დათვლის პროცესებს დააკვირდნენ.
NDI-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ ქვეყნის ბოლო პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები „როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური ნიშნებით ხასიათდებოდა“. „ამომრჩევლებს პოლიტიკური არჩევანის გაკეთების საშუალება ჰქონდათ და საარჩევნო კამპანია ცოცხლად და დინამიურად წარიმართა, თუმცა იგი მწვავე კრიტიკითა და პირადი თავდასხმებით იყო გაჯერებული“, – ნათქვამია დოკუმენტში.
„საარჩევნო კამპანიის გარემო ზოგადად მშვიდი, თუმცა ძალიან ნეგატიური იყო. კანდიდატებს კამპანიის თავისუფლად და უმეტესწილად ხელის შეშლის გარეშე წარმართვის საშუალება ჰქონდათ“, – განაცხადა NDI-მ.
სადამკვირვებლო მისიამ ასევე აღნიშნა, რომ დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად ქვეყანას ტექნიკური და სამართლებრივი ჩარჩო გააჩნია, თუმცა „არჩევნებთან დაკავშირებული გამოწვევები გაცილებით ფესვგადგმული და რთულად გადასაწყვეტია“. „არათანაბარ პირობებთან და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებული ხანგრძლივი პრობლემები კვლავაც გადაუჭრელია“, – განაცხადა ორგანიზაციამ.
NDI-მ მედიაგარემოც მიმოიხილა და აღნიშნა, რომ ის „მრავალფეროვანი, თუმცა პარტიული ნიშნით დაყოფილი იყო და მოქალაქეებს მრავალფეროვანი შეხედულებების მოსმენა შეეძლოთ“.
„ეს არჩევნები ყველაზე მეტად არჩევნების დღემდე რამდენიმე დღითა და კვირით ადრე სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ქვეყნის საყოველთაოდ აღიარებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათი ლიდერების წინააღმდეგ აგრესიული, პერსონალური და უპრეცედენტო თავდასხმებით გამოირჩეოდა“, – ნათქვამია ანგარიშში.
დამკვირვებლებს მიაჩნიათ, რომ ეს „არამარტო ამ კონკრეტულ საარჩევნო პერიოდს აყენებს ჩრდილს, არამედ საქართველოში მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის სხვა მხრივ კონსტრუქციული, თუმცა ზოგჯერ დაძაბული, ურთიერთობისგან მკვეთრ გადახვევას წარმოადგენს“.
სადამკვირვებლო დელეგაციამ აღნიშნა, რომ ის შეშფოთებულია სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების ანგარიშებით, რომლის თანახმად „საჯარო მოხელეებზე ზეწოლა ხორციელდება, რათა მათ ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ მოახდინონ ხმების მობილიზება“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)