Site icon Civil.ge

აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სამმხრივ თანამშრომლობაზე იმსჯელეს

ელმარ მამედიაროვი, დავით ზალკალიანი და მევლუთ ჩავუშოღლუ, ფოტო: mfa.gov.az

აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ელმარ მამედიაროვმა, დავით ზალკალიანმა და მევლუთ ჩავუშოღლუმ 29 ოქტომბერს სტამბოლში გამართულ მინისტერიალზე სამმხრივი ურთიერთობების რიგი საკითხები განიხილეს.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის სამმხრივი თანამშრომლობა ურთიერთპატივისცემის საფუძველზე და საერთო ინტერესების გათვალისწინებით ხორციელდება.

შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ „ჩვენ დღეს ვისაუბრეთ ძალიან მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ-სტრატეგიულ პროექტებზე, ასევე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც წარმატებით ხორციელდება ჩვენი სამი ქვეყნის ჩართულობით და აქტიური მონაწილეობით“, ასევე რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებზე.

სამმხრივი შეხვედრის დასასრულს, სამმა მინისტრმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერა ხელი, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, „თურქეთი-საქართველო-აზერბაიჯანის სატრანსპორტო მარშრუტზე“ კავშირების გაძლიერების შესახებ ქვეყნების მზადყოფნას ადასტურებს. მასში ასევე ხაზგასმულია თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს როლი იმ ენერგოპროექტების წარმატებული დასრულებისა და ფუნქციონირების უზრუნველყოფაში, რომელთა მიზანიც კასპიის რეგიონიდან ევროპაში ენერგომატარებლების ტრანსპორტირებაა.

სტამბოლში დავით ზალკალიანმა მამედიაროვთან და ჩავუშოღლუსთან პირისპირ შეხვედრებიც გამართა, რა დროსაც, მხარეები სატრანზიტო და ენერგო პროექტებში ორმხრივ თანამშრომლობას მიესალმნენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)