„მნიშვნელოვანია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რომელიც საშუალებას მისცემს ყველა მოქალაქეს, თავისუფლად გამოხატოს საკუთარი ნება საარჩევნო ყუთთან“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ 30 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში. საელჩოს განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები „გააგრძელებს საარჩევნო გარემოზე ყურადღებით დაკვირვებას“.
„აშშ-ის საელჩო მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოებას და ქართველ ხალხს ქვეყნის დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებაში, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების გზით“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
საელჩომ ასევე აღნიშნა, რომ ის „იზიარებს ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წინასწარ დასკვნას, რომლის მიხედვითაც, 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და პროფესიულ დონეზე იყო ადმინისტრირებული, რამაც ამომრჩეველს მისცა შესაძლებლობა გაეკეთებინა თავისუფალი არჩევანი“.
„ჩვენ ვიზიარებთ საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეშფოთებას საარჩევნო პროცესებში არსებული ხარვეზების შესახებ, როგორიცაა შეუსაბამო ხერხებით ამომრჩეველთა მობილიზაცია და ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენება. ხაზგასმით აღვნიშნავთ მეორე ტურში ამ ხარვეზების გამოსწორების მნიშვნელობას“, – ნათქვამია განცხადებაში.
არჩევნების მეორე ტური პირველი ტურის შედეგების გამოცხადებიდან მაქსიმუმ ორ კვირაში უნდა გაიმართოს. ცესკომ პირველი ტურის შედეგები კენჭისყრიდან არაუგვიანეს 20 დღეში უნდა გამოაქვეყნოს. მეორე ტურის ჩატარების სავარაუდო თარიღი 2018 წლის 1 დეკემბერია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)