Site icon Civil.ge

ქართულ ოცნებაში მეორე ტურის სტრატეგიაზე კონსულტაციები გრძელდება

ქართული ოცნების ცენტრალური ოფისი თბილისში, ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების პირველ ტურში მოგება ვერ შეძლო, მმართველი გუნდი მეორე ტურის სტრატეგიასთან დაკავშირებით კონსულტაციებს განაგრძობს.

დღეს, ქართული ოცნების ლიდერებმა, მათ შორის, პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა უმრავლესობის დეპუტატებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას სალომე ზურაბიშვილიც დაესწრო, თუმცა მან მედიასთან არ ისაუბრა.

შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ კომენტარში დეპუტატმა ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ მმართველმა პარტიამ მიიღო და აღიარა ის გზავნილი, რომელიც ქართველმა ამომრჩეველმა ხელისუფლებას საპრეზიდენტო არჩევნებზე გადასცა.

„ყველა პრობლემა, რომელიც ასე ვთქვათ დაგროვდა, გვაქვს, ეს ეხება ცალკეული მოქალაქეების ინდივიდუალურ პრობლემებს, თუ არის კომპლექსური საკითხები, რომელიც აწუხებს არა ერთ, არამედ ათას ადამიანს“, – განაცხადა მან.

„საჭიროა მნიშვნელოვანი ცვლილებები, ისეთი, რომელიც სჭირდება ჩვენ ხალხს. ამ ცვლილებებს აქვს ორი ეტაპი. პირველი ეტაპი არის მოკლევადიანი, რომელიც ეხება ამ მოკლე ვადაში საარჩევნო კამპანიაში მეორე ტურამდე დასაგეგმ ღონისძიებებს, ის რაც აუცილებლად გასაკეთებელია, შესაცვლელია, გადასამოწმებელია, გადასახედია, ეს ჩვენი შიდა საქმეა, როგორ დავალაგებთ ამ შიდა მენეჯმენტს და იქნება ცვლილებები ამ მხრივ“, – აღნიშნა ბესელიამ.

მეორე საკითხში, დეპუტატის თქმით, ის იმას გულისხმობს, რომ „მოვახერხოთ ყველა ჩვენი ამომრჩევლის დარწმუნება, რომ მოვიდეს არჩევნებზე და ხმა მისცეს ქვეყნის მომავალს“.
„ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ რეალური საფრთხეა ქვეყანაში ამ არჩევნებში, თუ მოვიდა რევაშინსტული ძალა, ეს არის ქვეყნისთვის ძალიან სახიფათო, არა ქართული ოცნებისთვის, არამედ ქვეყნისთვის და თითოეული მოქალაქისთვის“, – განაცხადა ბესელიამ და ქართული ოცნების დეპუტატების ადრინდელ განცხადებებს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ვაშაძის გამარჯვება ქვეყანაში დესტაბილიზაციას გამოიწვევს.

„ეს არჩევნები იმიტომაც არის სახიფათო, რომ [ოპოზიციური] ძალა რევანშისთვის ემზადება…[ვაშაძე] ემზადება რევანშისთვის, ემზადება უმძიმეს დანაშაულში მსჯავრდებული პირების შეწყალებისთვის და ეს შეიძლება ისე ქაოტურად განხორციელდეს…შეიძლება აქ პროვოცირებაც კი მოხდეს პერსონალური შურისძიებების, ჩვენ ეს სადამდე მიგვიყვანს უნდა გავაცნობიეროთ“, – განაცხადა ბესელიამ.

„ამიტომ, ახლა არის ეს ორი არჩევანი და ყველამ უნდა გააცნობიეროს, არავის არ ვაშინებთ ჩვენ, ეს არის რეალური საფრთხე, რევანში და ძალადობა თუ თავისუფლება…დღეს არჩევანი არის – სააკაშვილი და მისი ჯგუფი, რომლის დიდი ნაწილი არის უმძიმეს დანაშაულებში მხილებული და მონაწილე, მეორე მხარეს არის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი, რომლის მთელი წარსული არის ევროპული გამოცდილება“, – განაცხადა მან.

შეხვედრის შესახებ მედიასთან დეპუტატმა გია ვოლსკიმაც ისაუბრა, რომლის თქმითაც, ქვეყნის მასშტაბით, მოლაპარაკებები გაგრძელდება ქართული ოცნების წევრებთან და აქტივისტებთან, მათ შორის, ადგილობრივ დონეზე და იმ პირებთანაც, რომლებიც ადრე მმართველ პარტიასთან თანამშრომლობდნენ.

კომენტარი დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემაც გააკეთა, რომლის თქმითაც, „გვაქვს მნიშვნელოვანი შეცდომები, რომლის გამოსწორებისთვისაც იქნება სრული მობილიზაცია“. „მე არ ვამბობ, რომ ეს ყველაფერი ერთ თვეში გამოსწორდება, მაგრამ ის, რომ ამის სურვილი და უდიდესი პოლიტიკური ნება არსებობს, ეს არის ფაქტი“, – დასძინა მან.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 28 ოქტომბერს ჩატარდა. ეს ბოლო არჩევნებია, როდესაც მოსახლეობა ქვეყნის პრეზიდენტს პირდაპირი გზით ირჩევს.

არჩევნების მეორე ტური პირველი ტურის შედეგების გამოცხადებიდან მაქსიმუმ ორ კვირაში უნდა გაიმართოს. ცესკომ პირველი ტურის შედეგები კენჭისყრიდან არაუგვიანეს 20 დღეში უნდა გამოაქვეყნოს. მეორე ტურის ჩატარების სავარაუდო თარიღი 2018 წლის 1 დეკემბერია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)