Site icon Civil.ge

საპრეზიდენტო არჩევნები: ადგილობრივი ექსპერტების შეფასებები

პრეზიდენტის სასახლე, ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

28 ოქტომბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. არჩევნების მეორე ტური მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციური კოალიციის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს შორის მიმდინარე თვის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში გაიმართება.

Civil.ge-მ გია ნოდიას, კორნელი კაკაჩიას და თორნიკე შარაშენიძეს არჩევნების შედეგების, ასევე მეორე ტურის სავარაუდო შედეგების შეფასება სთხოვა.

გია ნოდია – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიის კვლევის საერთაშორისო სკოლის დირექტორი და მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ხელმძღვანელი:

უპირველეს ყოვლისა, ხალხი დარწმუნდა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების დამარცხება არჩევნების გზით შესაძლებელია. როდესაც არსებობს დომინანტური პარტია, რომელიც თითქმის ყველაფერს აკონტროლებს, გონივრულია, რომ სკეპტიკურად იყო განწყობილი ამგვარი შესაძლებლობის მიმართ. 2012 წლის პრეცედენტი (როდესაც ქართულმა ოცნებამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დაამარცხა) არ იყო საკმარისი ჩვენს დასარწმუნებლად, რომ ამიერიდან არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა ჩვეული მოვლენა გახდებოდა. მაშინდელ ოპოზიციას ძალიან მდიდარი ადამიანი წარმოადგენდა, რომელსაც ორჯერ მეტი ფული ჰქონდა, ვიდრე ჩვენი ეროვნული ბიუჯეტია. რეალურად ამის გამეორება არ შეიძლება. ამრიგად, რასაც არ უნდა ფიქრობდე ამა თუ იმ კანდიდატის შესახებ, ეს კარგი ამბავია ქართული დემოკრატიისთვის.

მეორე, მითი, რომ არაფერი მოხდება, სანამ „მესამე ძალა“ არ გამოჩნდება (ახალი ოპოზიციური პარტია, რომელიც არ იქნება დამოკიდებული ნაციონალურ მოძრაობასთან) დაიმსხვრა. ნაციონალურ მოძრაობასთან ასოცირებული ჯგუფების სამმა კანდიდატმა (გრიგოლ ვაშაძემ, დავით ბაქრაძემ და ზურაბ ჯაფარიძემ) ერთად ხმების 50%-ზე მეტი მიიღეს. ნაციონალური მოძრაობა კვლავაც მიუღებელი რჩება ბევრი ქართველი ამომრჩევლისთვის – მაგრამ ქართული პოლიტიკა ყოველთვის ძალიან პოლარიზებული იყო. ეს კარგი არ არის, თუმცა არაფერია გასაკვირი.

მესამე, ბიძინა ივანიშვილი სრულად არაკომპეტენტური პოლიტიკური ლიდერია. მისი ბიზნესგამჭრიახობა პოლიტიკურ შესაძლებლობებში არ აისახება. ლიდერმა უნდა შეიმუშავოს ხედვა და უნარიანი ადამიანები შეარჩიოს მთავარი როლებისთვის. მას ამის გაკეთება არ შეუძლია. ყველა მისი მთავარი მოთამაშე წარუმატებელი გამოდგა. სალომე ზურაბიშვილის სახით მან საპრეზიდენტო კანდიდატის კატასტროფული არჩევანი გააკეთა (მისი დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსს სერიოზულად არავინ აღიქვამს) და მან ეს საკუთარი პარტიის საწინააღმდეგოდ გააკეთა. პარტიისთვის ის იქნება ბუნებრივი, მისი ხელმძღვანელობა ეჭვქვეშ რომ დააყენოს, თუმცა მათ ამის გაკეთება არ შეუძლიათ.

ეს არ ნიშნავს, რომ ნაციონალური მოძრაობა, ან პირადად მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში დაბრუნდებიან. ვაშაძე სხვა ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერის გარეშე, მეორე ტურს ვერ მოიგებს. ოპოზიციის გამარჯვება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე რეალურ შესაძლებლობად გვესახება, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ მას ერთი პოლიტიკური ჯგუფის გაბატონება მოყვეს.

კორნელი კაკაჩია – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა მიმართულების პროფესორი და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი:

ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, ის არის, რომ მიუხედავად პოლარიზებული და საკმაოდ კონფრონტაციული წინასაარჩევნო გარემოსი არჩევნები შედგა და ის იყო საკმაოდ კონკურენტული. ამას აღიარებს როგორც ორივე მხარე, ასევე საერთაშორისო დაკვირვებლები. როგორც მოსალოდნელი იყო კანდიდატებმა ამჯერადაც ვერ შეძლეს პოზიტიური დღის წესრიგის შემოთავაზება ამომრჩევლისთვის. ნაცვლად იმისა, რომ კანდიდატებს ესაუბრათ ქვეყნის განვითრების საკუთარ ხედვებზე, ემსჯელათ მძიმე სოციალურ ეკონომიკურ მდგომარეობაზე და სხვა მრავალ საკითხზე, რომელიც ამომრჩეველს აინტერესებს, მთელი წინასაარჩევნო პერიოდი აგებული იყო ნეგატიურ სკანდალებზე და ერთმანეთის მარგინალიზაციის მცდელობაზე. მნიშვნელოვანია, რომ მხარეებმა კვლავ ვერ მოახერხეს ამომრჩევლების 50 %-ზე მეტის მიმხრობა, რომლებიც უბრალოდ არ მოვიდნენ არჩევნებზე.

მმართველი ძალის მიერ დაშვებული სტრატეგიული შეცდომის მეშვეობით ამ არჩევნებით ასევე, ფაქტობრივად, გაიზომა მმართველი პარტიის რეიტინგი, რაც იმაზე დაბალი აღმოჩნდა, ვიდრე მოელოდნენ. ასევე, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა მეორე ტურის მოლოდინი, ოპოზციურმა ძალამ ხმების საკმაო დიდი რაოდენობა მიიღო და, ფაქტობრივად, ტოლ სწორზე ეპაექრა მმართველი ძალის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, რაც კიდევ უფრო წაახალისებს ოპოზიციის კონსოლიდაციას 2020 წლის საპარლემენტო არჩევნებისთვის. ქართველმა ამომრჩეველმაც, რომელიც ისტორიულად, ზოგადად, ორ ვადაზე მეტი ვადით მხარდაჭერას არცერთ მართველ პოლიტიკურ ძალას არ უცხადებს, ამჯერადაც დაადასტურა რომ ცვლილებებისთვის მზადაა, მათ შორის, პოლიტიკური რეჟიმის, რაც სერიოზული გამოწვევაა მმართველი პარტიისთვის.

როგორც მოსალოდნელი იყო, ამ არჩევნებზეც დიდი გავლენა მოახდინეს არაფორმალურმა ლიდერებმა ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის სახით, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი წინასარჩევნო პროცესში და მათ ხელში არსებული მნიშვნელოვანი რესურსების ხარჯზე, ამჯერადაც მოახერხეს ორპოლუსიანი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბება და „შუის გაკრეფა“, რაც საქართველოში მდგრადი მულტიპარტიული პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებას მაინდამაინც ხელს არ უწყობს.

ყველაზე მნიშვნელოვანი ის ფაქტორი იქნება, თუ რომელი მხარე შეძლებს ნიჰილისტურად განწყობილი ამომრჩევლის მიმხრობას. მიუხედავად შედეგისა, მარცხის შემთხვევაში, მხარეებს ასევე მოუწევთ „მომწიფებულობის ტესტის“ გავლა, რომ კიდევ ერთხელ დაამტკიცონ ელექტორალური დემოკრატიის პრინციპებისადმი ერთგულება. ანუ, სხვანაირად რომ ვთქვათ თუ როგორ მიიღებენ დამარცხებას მხარეები, ეს იქნება პოლიტიკური ელიტისთვის თავისებური სიმწიფის ტესტი და მის შედეგებზე იქნება დამოკიდებული წაიწევს თუ არა წინ სხვადასხვა რეიტინგებში საქართველო, რომელიც ჯერჯერობით ვერ გასცდა ჰიბრიდული რეჟიმების კლასიფიკაციას. აუცილებელია ამ სცენარის განვითრების ხელშეწყობა, პოლიტიკური სუბიექტებისგან ვადამდელი არჩევნების იდეაზე უარის თქმა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კონსტიტუციით გათვალისწინებულ ჩარჩოებში ჩატარება.

თორნიკე შარაშენიძე – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო საქმეთა სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი:

ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ეს ქართული ოცნების დასასრულის დასაწყისია. მიუხედავად იმისა, თუ როგორ დასრულდება მეორე ტური, მათ უკვე წააგეს. თუ ვაშაძე მოიგებს, ქართული ოცნება შეირყევა, ვინაიდან მან ეს არჩევნები სიკვდილ-სიცოცხლის საკითხად აქცია (ნაცვლად დემოკრატიული პროცესისა). თუ ზურაბიშვილი მოიგებს, ქართული ოცნება ამისთვის უზარმაზარ პოლიტიკურ ფასს გადაიხდის, რადგანაც არავინ დაიჯერებს, რომ მან გაყალბების და ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების გარეშე გაიმარჯვა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)